ის, რაც თავად ვნახე აგვისტოს ომში... - კვირის პალიტრა

ის, რაც თავად ვნახე აგვისტოს ომში...

2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავზე ყველა იხსენებს იმ ტრაგიკულ დღეებს და ომში დაღუპული გმირების საფლავებს პატივს მიაგებს, სამწუხაროდ, ისეთებიც, რომლებსაც თავის ლომის წილი მიუძღვით იმ ომში საქართველოს ასეთი მწარე დამარცხებისთვის. მათ დღემდე მცირე პასუხიც კი არ უგიათ და ჰყოფნით თავხედობა, დაღუპული გმირების საფლავებზე ყვავილების დაწყობის საბაბი მრავალრიცხოვანი ინტერვიუების მიცემისთვის უსირცხვილოდ გამოიყენონ...

მე კი ვეცდები, გავიხსენო 2008 წლის 7-8-9 აგვისტოს პერიპეტიები, რომლის უშუალო მონაწილეც თავად გახლდით, რამაც ჩემი ბლოგის მკითხველს შეიძლება პატარა, დამატებითი ინფორმაცია მისცეს საქართველოსთვის იმ ტრაგიკულ დღეებზე, რომელმაც საშვილიშვილო პრობლემები დაგვიტოვა...

7 აგვისტოს, საღამოს, თბილისში, კუს ტბასთან თურქეთის სამხედრო ატაშესთან გამომშვიდობების საღამოზე ვიყავი მიპატიჟებული. საქართველოში აკრედიტირებულ სხადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეების ნაწილთან კარგი ნაცნობობა მაკავშირებდა. ზოგიერთმა მათგანმა გვერდზე გამიყვანა და თითქმის ერთი და იმავე ტექსტით მითხრა, - ირაკლი, ცხინვალთან სიტუაცია იძაბება და მალე შეიძლება რაღაც მოხდესო...

იმავე 7 აგვისტოს, ბოლოსკენ, ტელეკომპანია "საქართველოს" (სადაც გადაცემა "არსენალი" მიმყავდა) ოპერატორთან - ალექსი გაბელიასთან ერთად სასწრაფოდ მომიწია გორში ჩასვლა და ტელეკომპანია "თრიალეთთან" მობოდიალე ჟურნალისტებს ერთ ოთახში თავშეყრა გვთხოვეს.

ოთახში შემოდის თბილისის მაშინდელი მერი, მაგიდის კიდეზე ჯდება, მუხლებზე გამოხეული ჯინსებით (როგორც მერე გავიგე, ეს ახალი მოდა ყოფილა) და იწყებს მონოლოგს, დაახლოებით, ასეთი ტექსტით: ხომ იცით, მალე რაღაც მოხდება და თქვენ სწორად უნდა გააშუქოთ მოვლენებიო...

დემონსტრაციულად ვდგები და ოთახიდან გამოვდივარ - არ მიყვარს, როდესაც ვინმე ცდილობს, ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მისი აზრით სწორი "მიმართულება" მომცეს, მით უმეტეს, დედაქალაქის იმ მერმა, რომელიც ამ მომენტამდე 14 წლით ადრე იმ გაზეთში უშედეგოდ ცდილობდა ჟურნალისტობის დაწყებას, სადაც მე უკვე ორ ომგამოვლილი სამხედრო ჟურნალისტი ვიყავი...

სხვა ჟურნალისტებიც იმ ოთახიდან მოგვიანებით გამოდიან, "დარიგების" შემდეგ და მალე მართლაც იწყება, რა იწყება...

გორის შემოგარენიდან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან გასროლილი ასობით რაკეტა ღამისეულ ცას ანათებს...

საარტილერიო მომზადება ცხინვალის, აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ერაყის ომებშიც მინახავს (მათ შორის, როდესაც პირიქით, შენ გესვრიან), მაგრამ 7 აგვისტოს მიწურულს საარტილერიო ცეცხლი მაინც ყველაზე განსხვავებული იყო...

ეს რა ხდება მეთქი? - ხმამაღლა წამომცდა, რადგან წამიერად გავაცნობიერე, თუ რა შეუძლია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რამდენიმე დივიზიონის მიერ გახსნილ ცეცხლს... რომ პირში ერთი-ორი ტელევიზიის ჟურნალისტები მეტაკნენ, - თქვენ, შევარდნაძის დროინდელი, შეშინებული მასმედია ხართ და არ იცით, ჩვენ რას ვიზამთო...

შუაღამისას გორის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ ვდგავარ, ცხელა, შენობის მეორე სართულზე ფანჯრები ღიაა და მკაფიოდ ისმის ხმები, - რატომ ვერ უტევთ? მარცხენა ფლანგიდან დასცხეთ, დაგსჯით, თქვენი...

ნებისმიერ გავლელმა შეიძლება მოუსმინოს ამ სატელეფონო ყვირილს, გზაც რატომღაც არაა გადაკეტილი, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, მე ხომ ვცნობ კონკრეტული მინისტრებისა და გენერლების სასოწარკვეთილ ხმებს? თანაც, ძალიან სახიფათო დასკვნა მიყალიბდება - ვერ არის საქმე მთლად კარგად ფრონტის ხაზზე... გამთენიისას პოლიციის შენობას შეჯავშნული "ჰამერი" ადგება, რომლიდანაც სახემოღუშული პრეზიდენტი გადმოდის...

8 აგვისტოს, დილიდან, ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ მეღვრეკისის ჩასახვევთან, ავტობუსის გაჩერებაზე ვართ თავმოყრილი ჟურნალისტები და ოპერატორები.

წინ არ გვიშვებენ, ცხინვალიდან კვამლი ამოდის და სროლის ხმები ისმის, ცაში მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავენ, პიკირებენ და ბომბავენ, თუმცა ჟურნალისტები თვლიან, რომ ეს ქართული ავიაცია მოქმედებს.

12 საათიდან რამდენიმე წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტი ერთმანეთის მიყოლებით პირდაპირ ეთერში ჩართვას იწყებს, ისე, რომ კადრში ხვდება საგზაო აბრა - მეღვრეკისი და ცხინვალისკენ მიმავალი ქართული ტანკების კოლონა ანუ ხდება ის, რასაც მოწინააღმდეგის დაზვერვა ვერც კი ინატრებდა - კონკრეტულ დროს კონკრეტულ მიმართულებაზე კონკრეტული ქართული ჯავშანკოლონის გადაადგილება გადაიცემა პირდაპირ ეთერში!

არადა, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელობა იქვე ტრიალებს და ალბათ, ვერ ხვდება ან არ უნდა შეიმჩნიოს, რომ ეფექტიანი კადრების მაყურებლისთვის ჩვენების გამო ცხინვალისკენ დაძრულ ქართველ ტანკისტებს (რომლებიც მალე მართლა მოხვდნენ საჰაერო დაბომბვაში) სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებენ...

მაგრამ ვის რა ვუთხრა, როდესაც თითქმის მტრად მიაჩნიხართ, მცირე კრიტიკის გამოც...

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ჩემს ოპერატორს - ალექსის ხელს ვკიდებ და მეღვრეკისის გადასახვევიდან ერგნეთისკენ ჩვენი რისკით, ფეხით სვლას ვიწყებთ. გვერდზე ჩავუარეთ რუსი "სამშვიდობოების" საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, საიდანაც ორი რუსული ქვეითი საბრძოლო მანქანის 73 მმ-იანი ქვემეხების ლულები ავად შემოგვმზერის... არადა, ცხინვალისკენ მიმავალი ცენტრალური გზის ამ მონაკვეთზე რუსი "სამშვიდობოების" პოსტის დაყენებაზე ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში არაერთხელ დამიწერია, რადგან ეს რუსული პოსტი ერთგვარი წინწამოწეული სადაზვერვო პუნქტი გახლდათ რუსი გენერლებისთვის, თუკი ქართული არმია ცხინვალისკენ გადაადგილებას ოდესმე დაიწყებდა. საინტერესოა, რომ აგვისტოს ომის დროს ამ რუსულ პოსტს არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით ასობით ქართველმა სამხედრომ და ათობით ტანკმა ჩაიარა.

ალექსი იღებს რუსების პოსტს, როდესაც იქვე, ბუჩქებიდან ორი ჟურნალისტი გამოძვრება, თავიდან ჩვენები გვგონია, მაგრამ მათი პროფესიული ვიდეოკამერის ლოგოზე ნათლად წერია - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია!

იქვე, ოციოდე მეტრში მდგომმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა, ნეტავ, იცის, რომ მათი რუსი "კოლეგები" ასე თავისუფლად "მუშაობენ" ქართულ ტერიტორიაზე?

ჩვენ გზას ვაგრძელებთ და წინ გვხვდება მეორე ქვეითი ბრიგადის ცარიელი სატვირთო "კრაზები" და "ლენდროვერის" პიკაპები, ადგილზე მხოლოდ მძღოლები არიან, პირადი შემადგენლობა კი ეტყობა, ფეხით გაუყვა ცხინვალისკენ...

ადგილობრივი მოსახლე დაბომბილ ადგილს გვაჩვენებს და ნამსხვრევით დაჭრილ მოხუცს ვიღებთ, როდესაც სახლს დაბალ, 50 მ-ის სიმაღლეზე ორი თვითმფრინავი საშინელი გრუხუნით გადაუფრენს, მოირეიშე სუ-25-ების ამოცნობა ნამდვილად არ გამჭირვებია, მაგრამ მეორე მოიერიშეს კილზე დიდად დახატულმა სამფეროვანმა დროშამ პირადად ჩემთვის იმ წამს ყველაფერი განსაზღვრა - ომში რუსეთის საბრძოლო ავიაცია ჩაერთო ანუ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო...

ერგნეთში, შუა გზაზე მეორე ქვეითი ბრიგადის დაცხრილული "ლენდროვერის" პიკაპი გვხვდება, ასფალტი მანქანის გარშემო ახლო-ახლოა ამოგლეჯილი, უთუოდ სუ-25-ის 30 მმ ავტომატური ქვემეხის ჭურვების კვალია...

დაჭრილები უკვე გაყვანილი ჰყავთ, აქეთ-იქით მიმობნეულ, ჯარისკაცის აღჭურვილობის ელემენტებს ვაგროვებ და "კრაზის" ძარაში ვათავსებ, არაფერი დაიკარგოს... რამდენიმე დღის შემდეგ სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადაში შეჭრილ მედესანტეებს ალაფის სახით ჯარისკაცის აღჭურვილობა კი არა, ათასობით რაკეტა და ავტომატი, ასევე, ტანკები და საზენიტო დანადგარები გააქვთ ალაფად...

რუსული მოირიშე ახალ შეტევას იწყებს, "კრაზების" მძღოლებს ვუყვირი, რაც შეიძლება სწრაფად შეაყენონ მანქანები ხეების ქვეშ, მაგრამ დამალავს კი ცხრა მეტრის სიგრძისა და სამი მეტრის სიმაღლის სამხიდიან "კრაზს" ხის ფოთლები? (ომის შემდეგ ვუყურებდი რუსული მოდერნიზებული სუ-25-ის სამიზნე მოწყობილობის ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებს, თუ როგორ ესვრის უმართავ რაკეტებს ერგნეთთან გზის პირას ხეებს ქვეშ დაყენებულ სწორედ ამ ქართულ "კრაზებს"...).

დროა, უკან გამოვბრუნდეთ, რადგან რუსული სუ-ების დაბომბვის არეალში ვხვდებით, სირბილი გვიწევს, ვუახლოვდებით მეღვრეკისის გადასახვევს და თავს უკვე სამშვიდობოს ვგრძნობთ, რადგან იქვე დისლოცირებული რუსი "სამშვიდობოების" პოსტის სიახლოვეს რუსული ავიაცია ნამდვილად არ დაბომბავს...

მეღვრეკისის გადასახვევთან ისევ არიან შეჯგუფებული ჟურნალისტები, აინტერესებთ, სად ვიყავით, რა გადავიღეთ, მაგრამ თავდაცვის სამინისრტოდან მალევე მოდის ბრძანება, მასმედია სასწრაფოდ გაიყვანონ ამ ადგილიდან, რადგან შეიძლება დაიბომბოს.

მე კი ვხვდები, რომ იქვე განთავსებული რუსული პოსტის გამო ეს არ მოხდება, მაგრამ არავინ მიჯერებს, უფრო სავარაუდოა, რომ იმ ადგილიდან რაღაც მოსაზრებით უნდათ ჟურნალისტების მოცილება.

"ტელეკომპანია "საქართველოს" მეორე ოპერატორთან - ხუტა (ალექსანდრე) ჯაკობიასთან ერთად ძველი "ოპელით" ერედვისკენ მივდივართ. მე და ხუტა მანამდე, ორი თვით ადრე ერაყის გზაზე თვითნაკეთი ბომბის აფეთქებაში მოვყევით, როდესაც ჩვენი ჯავშანკოლონის პირველი "ჰამვი" აგვიფეთქეს, ხუტამ კი ისე იყოჩაღა, რომ მოასწრო აფეთქების გადაღება და ეჭვმიტანილების დევნისა და დაკავების ოპერაციაც, ასე რომ, საერთო საბრძოლო ნათლობა გვაკავშირებს.

ტირძნისის გადასახვევთან ბენზინს ვასხამთ, გვერდზე შავი "ჯიპების" კოლონამ ჩაიქროლა და ადგილობრივმაც კბილებში გამოსცრა -"ჯიპებით" მოგებული ომი არ გამიგიაო...

ერედვის გზაზე პიკაპების კოლონას წამოვეწიეთ, როდესაც ცაში მოთეთრო ფერის თვითმფრინავი დავლანდე. უეჭველად რუსული საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ თუ იქნებოდა (მოიერიშე სუ-25-ებს რუსები კამუფლირებულ ფერებში ღებავენ), რომლისთვისაც გზაზე გაწელილი პიკაპების (რომელიც ერთ-ერთი სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმს ეკუთვნოდა) საავტომობილო კოლონა, ისევე, როგორც ჩვენი პატარა "ოპელი", მშვენიერ საერთო სამიზნეს წარმოადგენდა.

მანქანიდან გადმოვხტით და თავი გზის მიღმა შევაფარეთ, პიკაპების შეირაღებულმა მგზავრებმაც მოგვბაძეს, რუსულ ბომბდამშენს არ დავუბომბივართ, ეტყობა, სხვა დავალება ჰქონდა, თუმცა მანქანებიდან გადმოსულებს და გზიდან მოშორებულებს, ბევრად მეტი შანსი გვქონდა გადარჩენის, ვიდრე გზა რომ გაგვეგრძელებინა და საჰაერო დაბომბვაში მანქანებში რომ მოვყოლილიყავით.

ერედვში შევედით, სოფელში, საიდანაც ჩემი სამხედრო ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 1992 წლის 22 ივნისს, როდესაც სოფელ ვანათში ალყაში მოყოლილებმა, სამშვიდობოს სწორედ ერედვში გამოვაღწიეთ.

ერედვი გადავსებული იყო სხვადასხვა სამინისტროს საბრძოლო თუ სპეცდანიშნულების ჯგუფებით. მე ჩემს მეგობარს, ერედველ კახა ქრისტესიაშვილს ვეძებდი, ვერ ვნახე, მესამე ქვეითი ბრიგადის დანაყოფებს მეგზურად გაჰყოლია თლიაყანისკენ დაწყებულ შეტევაში.

სოფლის ცენტრში ბორიალისას თვალში ცუდად მეცა, რომ შეირაღებული ხალხი დიდ ჯგუფებად იყო შეგროვილი და მათი დაფიქსირება საჰაერო დაზვერვას ადვილად შეეძლო. ერთ-ორ ნაცნობ მეთაურს გავანდე ჩემი შიში, - იქნებ ჯარი უფრო გაიშალოს, თორემ საჰაერო დაბომბვის დაწყების შემთხვევაში დიდი მსხვერპლი გვექნება-მეთქი. გამახსენდა აფხაზეთის ომში დაბომბვები...

არ ვიცი, დამიჯერეს თუ არა, რადგან ჩვენი გადამღები ჯგუფი სასწრაფოდ გამოიძახეს გორში და ცოტა ხანში ერედვიც დაბომბეს. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლი, იმიტომაც, რომ ერთად იყვნენ შეკრებილები.

წლების შემდეგ ითქვა, რომ ერედვიდან სასწრაფოდ იმიტომ გამოგიძახეთ, რომ ვიცოდით, სოფელს მალე დაბომბავდნენო...

მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ იქ დარჩენილებს კი აცნობა ვინმემ ეს?

გორში, ისევ ტელეკომპანია "თრიალეთის" ეზოდან ვაფიქსირებდით, თუ როგორ ბომბავდა ქალაქს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი - მის ფიუზელაჟს "მოწყვეტილი" 250 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ბომბები, თითქოს, შენელებული კადრით ეცემოდნენ საცხოვრებელ სახლებს...

სიმწრისგან მხოლოდ ტუჩებს ვიკვნეტდით, ჩვენ ამ საშინელი ფაქტის მხოლოდ დაფიქსირება თუ შეგვეძლო...

ცოტა ხანში სასიხარულო ინფორმაცია მოვიდა - რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ და პილოტი ტყვედ ავიყვანეთო. რა თქმა უნდა, ყველა გადამღებ ჯგუფს მოუნდა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტებისა და დატყვევებული პილოტის გადაღება, მაგრამ ჟურნალისტების არჩევა ხელისუფლებასთან დაახლოების დონის სიმაღლით განისაზღვრა, თქვენი მონა-მორჩილი, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოხვდა ამ სიაში, თორემ დატყვევებულ რუს პილოტს ნამდვილად არ ჰკითხავდა, ის პოლკოვნიკია თუ ოფიცერი და არც თავს მოატყუებინებდა, თითქოს ის მხოლოდ სადაზვერვო თვითმფრინავს მართავდა. არადა, ძევერასთან ჩამოგდებულ მის სუ-24მ ტიპის საფრონტო ბომბდამშენს მიწამდე დაჰყვა აუფეთქებელი 250 კგ კალიბრის საავიაციო ბომბები...

ამ მძიმე დღის ბოლოს კი გორის ჰოსპიტალთან ხეზე გაკრულ დაღუპულ და დაჭრილ მებრძოლთა სიას შიშით ვკითხულობდი, სიის ბოლოში ჩემი ძველი თანამებრძოლის გვარი ამოვიკითხე, მძიმედ დაიჭრა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. ჰოსპიტლის ეზოში კი, ასფალტზე, ცეცხლის ნაპერწკლების გაყრით (ბორბლების რეზინები დაფლეთილი იყო და დისკებზე მოძრაობდა) ჯავშანავტომობილი "კობრა" შემოვარდა და კიდევ რამდენიმე დაჭრილი და დაღუპული შემოიყვანა...

9 აგვისტო გათენდა, ბრძოლები ცხინვალში და მის გარშემო ძლიერდებოდა, საჭირო იყო წინა ხაზზე რამენაირად გაღწევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყოველმხრივ იბლოკებოდა.

მაგრამ "კვირის პალიტრის" რედაქციის დაჟინებული მოთხოვნით, სასწრაფოდ რედაქციაში დაბრუნება და სტატიების დაწერა მომიხდა, რომ ნომრის სტამბაში გაგზავნა და აწყობა მოესწროთ. შეიძლება ფრონტის ხაზზე დარჩენა აჯობებდა იმას, რაც მე რამდენიმე საათში გადავიტანე გაზეთის სამ გვერდზე იმ ომზე დაწერისას, რომელშიც ყველაფერი დღეებში კი არა, არამედ - საათებში იცვლებოდა და შაბათს ჩემი დაწერილი აქტუალური უნდა დარჩენილიყო ორშაბათს გამოსული ნომრისთვისაც.

ახლა რომ ვაანალიზებ, ეს მოვახერხე, განსაკუთრებით კი ის, რომ ჯერ კიდევ 9 აგვისტოს დავადგინე და დავწერე, რომ 8-9 აგვისტოს ქართულ მოიერიშეებს დანაკარგი არ ჰქონიათ და ყველა საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგდებული იქნა, მხოლოდ რუსული იყო, არადა, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობდა, დაემალა ის ფაქტი, რომ რუსმა მეზენიტეებმა რამდენიმე რუსული თვითმფრინავი "მეგობრული ცეცხლით" თავადვე ჩამოაგდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს