როკის გვირაბი ჩაიკეტა - რაც ვერ შეძლო მაშინდელმა ხელისუფლებამ, გააკეთა დღევანდელმა წვიმამ...
როკის გვირაბი ჩაიკეტა - რაც ვერ შეძლო მაშინდელმა ხელისუფლებამ, გააკეთა დღევანდელმა წვიმამ...
13 წლის წინ, აგვისტოს ომის დღეებში ერთ-ერთი პირველი კითხვა, რასაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სვამდა, ასეთი იყო - როდის შეძლებს ხელისუფლება როკის გვირაბის ჩაკეტვას, რომ იქიდან რუსული ტანკების უწყვეტი ნაკადის შემოსვლა ქართულ მიწაზე შეწყდესო...
მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო, სამაგიეროდ, აგვისტოს ომის 13 წლისთავზე ეს ხშირმა წვიმამ გააკეთა, რომლის შედეგადაც წარმოქმნილმა ღვარცოფებმა რუსეთ-ოკუპირებულ ცხინვალის შემაერთებელ, ერთადერთ ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მეწყრული პროცესები გამოიწვია - ქვაღორღი და ტალახი გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე
ჩამოწვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყვიტა...

ანუ წვიმამ გააკეთა ის, რაც სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა 2008 წლის 8, 9 თუ 10 აგვისტოს, როდესაც მწყობრიდან გამოსაყვანი იყო სწორედ როკის გვირაბიდან მომავალი გზის სერპანტინები და არა - უშუალოდ როკის გვირაბი, რომლის დაცვაც მნიშვნელოვნად იყო გაძლიერებული.

იმის მტკიცება, რომ მაშინდელი ხელისუფლებიდან
არავის უფიქრია როკის გვირაბის საშიშ ფაქტორზე, არ იქნებოდა მართალი. გარკვეული საიდუმლო გეგმები მუშავდებოდა კიდეც, მათ შორის - "კამაზის" სცენარიც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სწორედ აუფეთქებელი როკის გვირაბი იქცა იმ უმთავრეს და ერთადერთ სტრატეგიულ კომუნიკაციად, რომლის საშუალებითაც რუსეთის არმიამ ქართულ მიწაზე დროის მცირე მონაკვეთში მეტ-ნაკლებად ოპერატიულად გადმოისროლა ჯავშანტექნიკის, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და, რა თქმა უნდა, საბრძოლო დანაყოფების პირადი შემადგენლობა.

როკის გვირაბის ფაქტორი ჯერ კიდევ 1992 წლის გაზაფხულზე დადგა მწვავედ ოფიციალური თბილისისთვის, როდესაც ცხინვალის პირველ ომში სეპარატისტებს დახმარება რუსეთიდან სწორედ ამ გვირაბის გავლით მიეწოდებოდა და გვირაბის ჩრდილოეთ პორტალთან მობილიზირებული იყო რუსეთის საბრძოლო ტექნიკა, საქართველოში შემოსაყვანად, თუკი ქართველი გვარდიელები ცხინვალის აღებას დაიწყებდნენ.
სწორედ მაშინ შვეულმფრენით როკის გვირაბის მიმართულებით გაიგზავნა ქართული ჯგუფი, რომელშიც, სპეციალისტების გარდა, ამფეთქებლებიც შედიოდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო (ტექნიკური სირთულეების გათვალისწინებითაც), ეს ვერ და არ მოხერხდა.

მეორედ უკვე 2004 წლის 19 აგვისტოს, ცხინვალის მეორე ომის დროს, მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო იმ რთული მომენტისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ქართული დანაყოფების ცხინვალის სიახლოვიდან სასწრაფოდ გამოყვანის შესახებ, რადგან რუსული ჯავშანტექნიკა დაქოქილი ძრავებით იდგა როკის გვირაბის ჩრდილო პორტალთან და ერთ ბრძანებასღა ელოდა სამხრეთით, საქართველოს საზღვარზე შემოჭრისთვის მოძრაობის დასაწყებად.

ის, რასაც გადავურჩით 2004 წლის აგვისტოში, ოთხი წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ხელისუფლება უკვე კარგად აცნობიერებდა როკის გვირაბის ჩვენთვის დამღუპველ ფაქტორს.

ალბათ, ამიტომაც იყო დაგეგმილი, რომ უშუალოდ სეპარატისტულ ცხინვალს პირდაპირ, შედარებით მცირე ძალები თუ უტევდა მეოთხე და მესამე ქართული ქვეითი ბრიგადების საბრძოლო დანაყოფებს კი შესაბამისად მარცხნიდან და მარჯვნიდან უნდა შემოევლოთ ქალაქისთვის, აეღოთ ძარის შემოვლითი გზა, გასულიყნენ დიდი გუფთის ხიდზე და სიტუაციის მიხედვით გაეგრძელებინათ წინსვლა ჯავის მიმართულებით, შემდგომში როკის გვირაბიდან გამოსასვლელი ერთადერთი გზის ჩასაკეტად, რათა ალყაში მოქცეულ სეპარატისტებს დახმარება არ მიეღოთ რუსეთიდან...
სანამ სახმელეთო ოპერაცია დაიწყებოდა, ქართულ მოიერიშეებს მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბებით როკის გვირაბის გამოსასვლელი (შეძლებისმაგვარად) და სერპანტინიანი გზა უნდა დაებომბათ...

მაგრამ პროცესში ყველაფერი შეიცვალა - უკვე ჰაერში აფრენილ ხუთ ქართულ მოიერიშეს ამოცანა შეუცვალეს, ორ ჯგუფად გაჰყვეს და როკის გვირაბგამოვლილი რუსული ჯავშანკოლონის დაბომბვა დაავალეს...
ცხინვალის მარცხენა ფლანგზე შეტევაზე გადასული მეოთხე ბრიგადის დანაყოფებს კი ძარის გზის აღების ნაცვლად, ცხინვალისკენ შეტრიალება და ქალაქის ქუჩებში შესვლა უბრძანეს...

შემდეგ გაირკვა, რომ, თურმე, გორში მოგროვილი იყო ორი ათასი ქართული და ოსური დროშა და გამზადებული გახლდათ ტრიბუნა, რომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს პირდაპირი სატელევიზიო ჩართვა რაც შეიძლება სწრაფად დაეწყო განთავისუფლებული ცხინვალის ცენტრიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად...
გამოდის, რომ წინასწარ დაგეგმილ, ისედაც არცთუ უზადო გეგმას, პრეზედენტის სატელევიზიო პიარის გამართვა არჩიეს და იმის მაგივრად, რომ როკის გვირაბთან თუ არა, დიდ გუფთასთან მაინც გადაგვეკეტა ერთადერთი გზა, რომ ცხინვალში ჩარჩენილ შეირაღებულ სეპარატისტებს დამხმარე ძალა არ მისვლოდათ, ქართული დანაყოფები ქალაქის ქუჩების ბრძოლებში ჩააათრევინეს...

სწორედ როკის გვირაბის ჩაკეტვის საფრთხე იქცა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრ პუტინისთვის (მაშინაც რეალურად ყველაფერს პუტინი წყვეტდა და არა - "პოლიტიკური თოჯინა"- პრეზიდენტი მედვედევი) იმ გადამწყვეტ მომენტად, როდესაც რუსეთმა პირველად ღიად აღიარა, რომ ის ოფიციალურად ჩაერთო ომში სუვერენულ სახელმწიფოსთან - არც მანამდე და არც მას შემდეგ (უკრაინის მაგალითიც კმარა) კრემლი ჯიუტად არ აღიარებს თავის სამხედრო ძალის გაგზავნას ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე (სირიის პრეზიდენტის ოფიციალური მიწვევა სხვა შემთხვევააა) - კრემლი შიშობდა, რომ ქართველი სამხედროები თუ მართლა მოასწრებდნენ როკის გვირაბის ჩახერგვას, მას სეპრატისტულ ცხინვალზე შეიძლება კონტროლი დროებით მაინც დაეკარგა და მოუწევდა უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა და რესურსების დახარჯვა ცხინვალთან თავისი ჯარების გადასასროლად.

როკის გვირაბის ჩაკეტვის შემთხვევაში, რუსეთი, სავარაუდოდ, ეცდებოდა შვეულმფრენების მასობრივი გამოყენებით დესანტის გადმოსხმას ცხინვალის რეგიონში (ეს კი ქართველ მეზენიტეებს საუკეთესო სამიზნეებს მოუმატებდა), ასევე, სენაკიდან ჯერ ქუთაისისკენ სვლის გაგრძელებას რიკოთის უღელტეხილის დასაკავებლად, შემდეგ კი გორისკენ შეტევას, ხოლო სამხრეთით, სომხეთიდან რუსული ჯავშანკოლონების (რომლებიც უკვე იდგნენ საზღვართან) იერიშის დაწყებას თბილისის მიმართულებით...
ეს კი რუსეთთან უფრო დიდ ომში გადაიზრდებოდა, საქართველოს უფრო მეტი რეგიონის მოცვით, მაგრამ მანამდე თბილისი, იმ მომენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს, რამდენიმე დღეს მაინც მოიგებდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ესკობაარი
28 აგვისტო 2021 16:20
როკის გვირაბი გაყვანილია მაგარ კლდე ქანებში. თითო დღეში გაყავდათ 4 მეტრი გვირაბი და ერთ ჯერზე ფეთქდებოდა 400-დან 500 კილოგრამამდე ფეთქი ნივთიერებები განსაკუთრებული მიმართულებებით დაბურღულ შპურებში პიჟებით ...... როქის გვირაბის აფეთქებით დანგრევა არის გამორიცხული, ვიმეორებ გამორიცხულია! მაშინ უნდა აფეთქდეს მინიმუმ რამდენიმე ასეული ტონა ძლიერ ფეთქებადი ნივთიერება ყველაზე სუსტ ადგილებში ...... დიდი ეფექტი იქაც გამორიცხულია - გაზებს გამოისვრის გვირაბი ლულასავით!
goga
16 აგვისტო 2021 18:06
რუსეთის ავიაციისვის ერთი საათი საკმარისი იყო ქვას ქვაზე აღარ დატოვებდა
ნიკო
11 აგვისტო 2021 13:41
2000 დროშის ამბავი საიდან გაირკვა, რით დასტურდება ამ ინფორმაციის სისწორე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები