ქაბულიც დაეცა ანუ რატომ გაიხადა ბაიდენმა თავი პუტინის დასაცინად... - კვირის პალიტრა

ქაბულიც დაეცა ანუ რატომ გაიხადა ბაიდენმა თავი პუტინის დასაცინად...

15 აგვისტოს ყველაფერი დასრულდა ავღანეთში, უფრო სწორად, ამ მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა - როგორც მე-19 საუკუნეში ვერ შეძლო ინგლისმა ავღანეთის საბოლოოდ დაპყრობა, როგორც მე-20 საუკუნეში იგივე ვერ გამოუვიდა საბჭოთა კავშირს, ვერც 21-ე საუკუნის დასაწყისიდან აშშ-მა მოახერხა ავღანეთის საბოლოო მორჯულება...

ავღანეთს თალიბები ერთხელ უკვე მართავდნენ, 1996-2001 წლებში, სანამ 11 სექტემბრის ტერაქტების შურისძიების მიზნით ამერიკულმა სამხედრო მანქანამ მათი ხელისუფლება არ განდევნა ქაბულიდან.

ორი ათეული წლის შემდეგ კი საბოლოოდ გაირკვა, რომ თალიბები ამერიკას მართლაც, ძირითადად, ქაბულიდან და რამდენიმე დიდი ქალაქიდან თუ გაუძევებია და ისიც -  დროებით, რადგან თალიბები მუდამ რჩებოდნენ ავღანეთის იმ ნაწილებში, რომელსაც ქაბულის პროამერიკული ხელისუფლება ბოლომდე ვერ აკონტროლებდა.

მაგრამ განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში აშშ-მა (თავად პრეზიდენტ ბაიდენის აღიარებით) ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი მიახარჯეს ავღანეთის სახელისუფლო ძალოვანი სტრუქტურების - არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მუდმივ წვრთნებსა და აღჭურვა-შეირაღებაში, მათ შორის - საკმაოდ თანამედროვე შეირაღებით, მაგრამ შედეგი?

ფურცელზე ავღანეთის სამთავრობო ძალოვანი სტრუქტურების პირადი შემადგენლობების საერთო რიცხვი 360 ათას კაცს აღემატებოდა, თალიბების ცოცხალ ძალას 60-70 ათასი მებრძოლით თუ აფასებდნენ, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონია დიდ უპირატესობას ცოცხალ ძალასა, ჯავშანტექნიკასა თუ საბრძოლო ავიაციაში, თუკი სამთავრობო ჯარების შენაერთები ერთმანეთის მიყოლებით უბრძოლველად ნებდებოდნენ თალიბების მცირერიცხოვან ჯგუფებს და მათ მძიმე შეირაღებას და ქალაქებსა კი მცირეოდენი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე აბარებდნენ?!

დიახ, ამერიკა უნდა გამოსულიყო ავღანეთიდან, რადგან ოცწლიანი ომი ამ უდიდესი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ომად ჩაიწერება, მაგრამ გამოსვლაც არის და გამოსვლაც!

რატომ უნდა დასჭირვებოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჯერ 3 ათასი, შემდეგ, დამატებით, 2 ათასი და ბოლოს კიდევ ათასი ანუ, საერთო ჯამში, 6 ათასი ამერიკელი სამხედროს სასწრაფოდ დაბრუნება ქაბულში მრავალრიცხოვანი ამერიკული დიპლომატური მისიის სასწრაფოდ საევაკუაციოდ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიიდან ქაბულის საერთაშორისო აეროპორტამდე შვეულმფრენებით?

ამის წინასწარი გათვლა ხომ კვირების თუ არა, რამდენიმე დღით ადრე შეიძლებოდა, რომ ჰერატისა და მაზარ-ი შარიფის დათმობის შემდეგ დემორალიზებული ავღანური სამთავრობო ძალები დედაქალაქ ქაბულსაც უბრძოლველად ჩააბარებდნენ თალიბებს?

რატომ გაიხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავი რუსი კოლეგის, პუტინის დასაცინად და რატომ მისცა რუსულ პროპაგანდას მშვენიერი საფუძველი ერთმანეთისთვის შეედარებინა 1975 წელს სამხრეთ ვიეტნამის ქალაქ საიგონიდან, აშშ-ის საელჩოს შენობის სახურავიდან ამერიკელი დიპლომატების ბოლო მომენტში შვეულმფრენებით ევაკუაციის ფოტოვიდეოკადრები 2021 წელს ავღანეთის ქაბულის, აშშ-ის საელჩოს შენობის სახურავიდან, ასევე, შვეულმფრენებით გაყვანის ვიდეოებთან?

ჯერ პრეზიდენტმა ტრამპმა და შემდგომ - მისმა შემცვლელმა ბაიდენმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ავღანეთში ომის დასასრულებლად, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამის უფრო ღირსეულად შესრულება და არა ისე, რომ ქაბულის აეროპორტის დროებით დასაცავად უკან დაბრუნებული ამერიკელი მედესანტეები საცეცხლე პოზიციებს აეროპორტის მოშიშვლებულ ადგილებზე ნაჩქარევად იკავებდნენ და საუკეთესო პოტენციური სამიზნეები ხდებოდნენ თალიბების ნაკლებად გამოცდილი სნაიპერებისთვისაც კი...

ავღანეთიდან გამოსვლა ცხრაწლიანი ომის შემდგომ საბჭოთა კავშირსაც მოუწია 1989 წლის თებერვლის შუა რიცხვებში და ქაბულის აეროპორტში მაშინდელი მოჯაჰედებიც აფეთქებდნენ ბოლო საბჭოთა სატრანსპორტო თვითმფრინავებს გამოფრენის წინ, მაგრამ ის საშინელი ქაოსი, რაც ბოლო ორი დღეა, ქაბულის აეროპორტში სუფევს, მაშინ არ ყოფილა.

შეიძლება იმიტომაც არ იყო, რომ მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა "დაიკიდა", ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ის ავღანელები, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საბჭოთა ჯარებს თარჯიმნებისა თუ აგენტების სახით და მათი, ასევე, მათი ოჯახების ფართომასშტაბიანი ევაკუაცია არ განუხორციელებია, რის გამოც ბევრი მათგანი შემდგომში მოჯაჰედებისა და თალიბების მსხვერპლი გახდნენ.

ამერიკელები ცდილობენ, უფრო ჰუმანურები იყვნენ და 20 ათასამდე იმ ავღანელისა და მათი ოჯახის წევრების გადარჩენას ცდილობენ, ვინც მათ ჯარს ეხმარებოდა ავღანეთში, ძირითადად, თარჯიმნობის სახით.

მაგრამ მათ აუჩქარებლად ევაკუაციის საშუალება თალიბებმა არ მისცეს, თავიანთი ელვისუსწრაფესი შეტევებით და დედაქალაქ ქაბულში მოულოდნელი შეჭრით - ამერიკული დაზვრევა მათ მიერ ქაბულის დაპყრობას მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ თუ ელოდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს