თალიბებს პირადი მტერი გამოუჩნდათ - "ფანჯირის ლომის" შვილი მამისთვის დიდ შურისძიებას იწყებს... - კვირის პალიტრა

თალიბებს პირადი მტერი გამოუჩნდათ - "ფანჯირის ლომის" შვილი მამისთვის დიდ შურისძიებას იწყებს...

თალიბების დიდი სიხარული ავღანეთის დედაქალაქ-ქაბულის უბრძოლველად აღების შემდეგ შეიძლება ნაადრევი აღმოჩნდეს, რადგან ლეგენდარული "ფანჯირის ლომის" სულმა "გაიღვიძა" და თალიბებს წინ სასტიკი ბრძოლები ელოდოთ...

"ფანჯირის ლომი" აჰმად შაჰ მასუდს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ომის დროს შეარქვეს, როდესაც მან ფანჯირის ხეობაში საბჭოთა არმიის არანაკლებ ცხრა ფართომასშტაბიანი შეტევა მწარმატებით მოიგერია.

წარმოშობით ტაჯიკმა, მასუდმა სამხედრო მართვის საოცარი უნარი გამოიჩინა საბჭოთა არმიასთან არაერთ შეტაკებაში და საბჭოთა გენერლები, მათ შორის ჩვენთვის ავადსახსენებელი როდიონოვიც, მას ტოლფასს სარდლად აღიქვამდნენ.

1996 წელს ავღანეთის თალიბების მიერ დაპყრობის შემდეგ მასუდმა "ჩრდილოეთის ალიანსი" შექმნა და აქტიურად ებრძოდა თალიბების რეჟიმს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე თალიბებმა და სავარაუდოდ თავად უსამა ბენ ლადენმა, აჰმედ შაჰ მასუდს ინტერვიუსთვის ჟურნალისტად და ოპერატორად გადაცმული ორი თვითმკვლელი - ტერორისტი შეუგზავნეს, რომელთაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ვიდეოკამერაში ჰქონდათ ჩამონტაჟებული...

ის, რომ მასუდის მკვლელობა დროში თითქმის დაემთხვა 11 სექტემბრის ტერაქტებს, შემთხვევითი არ იყო, რადგან მაშინ თალიბების რეჟიმის რეალურ მოწინააღმდეგესა და საშიშროებას, სწორედ მასუდი წარმოადგენდა...

და, აი ოცი წლის შემდეგ, როდესაც თალიბები ისევ იპყრობენ ავღანეთს, მათ წინააღმდეგ კვლავ აჰმად შაჰ მასუდი დგება, ოღონდ ლეგენდარული "ფანჯირის ლომის" შვილი, რომელმაც ფანჯირის პროვინციაში უკვე დაიწყო თალიბებთან ომი და სამი დასახლებული პუნქტი თალიბებისგან გაანთავისუფლა.

საგულისხმოა, რომ მასუდი-შვილის გვერდით იმყოფება ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეხი, რომელიც პრეზიდენტ აშრაფ ღანის მსგავსად სამარცხვინოდ არ გაიქცა ქვეყნიდან თალიბების ქაბულში შესვლის წინ.

ამრულა სალეხი თავის დროზე იყო ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის ხელმძღვანელი, ასე რომ ძალოვან სტრუქტურებში კარგად ერკვევა.

მასუდისა და სალეხის დუეტი, თუ მათ მარშალი დუსტუმიც შეუერთდა (რომელიც ახლა უზბეკეთს აფარებს თავს) სერიოზულ თავსატეხად შეიძლება იქცეს გამარჯვების ეიფორიაში მყოფი თალიბების ხელმძღვანელობისთვის.

მასუდი-სალეხის გარშემო თავმოყრილ ავღანეთის დაშლილი არმიის დანაყოფებს აუცილებლად დასჭირდებათ დიდი ფინანსები სერიოზული ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად თალიბებისთვის.

მაგრამ ამ რთულ ეტაპზე, სანამ ამერიკელები წელში წყდებიან, რომ 31 აგვისტომდე როგორმე მოასწრონ თვითმფრინავებით ავღანეთიდან აშშ-ის ყველა მოქალაქისა და 22 ათასამდე ავღანელის (ვინც ოცი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა აშშ-სა და ნატოსთან) გაყვანა, თეთრი სახლი თავს შეიკავებს მასუდ-სალეხისთვის ღიად მხარდაჭერისგან, მაგრამ როგორც კი ევაკუაციის ოპერაცია დასრულდება, არ არის გამორიცხული პენტაგონმა სტრატეგიული ბომბდამშენებით ავღანეთის "ხალიჩასებური" დაბომბვები დაიწყოს იმ სირცხვილის საპასუხოდ, რაც თალიბებმა ამერიკელებს ქაბულში შესვლის შემდეგ აჭამეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს