რუსეთის ავიაციამ აგვისტოს ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა...
რუსეთის ავიაციამ აგვისტოს ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა...
რუსეთი თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს ყოველი წლის 12 აგვისტოს დიდი პომპეზურობით აღნიშნავს, მაგრამ წელს, მეორედ, რუსეთის სამხედრო ავიაციას ზეიმისთვის არ სცხელოდა - მისი თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდნენ...

პირველად, რუს სამხედრო პილოტებს პროფესიონალური ზეიმი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველმა მეზენიტეებმა ჩაუშხამეს, როდესაც 12 აგვისტოსთვის უკვე ჩამოგდებული იყო 6 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, ხოლო სამი - ისე დაზიანებული, რომ მათი აღდგენა ვეღარ მოახერხეს, ამას დაემატა რამდენიმე დღეში თავად რუსი მფინავების "სიყოჩაღეც", როდესაც
ჯავასთან ღამით, საველე აეროდრომზე ერთი შვეულმფრენი მეორეს თავზე "დაასვეს"...

თუმცა ეს იყო საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც ქართულ ცაში შემოჭრილ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს ქართველი მეზენიტეების გარდა "მეგობრულ ცეცხლს" თავად რუსი ქვეითები და ოსი სეპარატისტებიც არ აკლებდნენ, მაგრამ 2021 წლის აგვისტოში რამ განაპირობა რუსული თვითმფრინავების მასობრივი აფეთქება?

რუსული"თვითმფრინავცვენის" სია ჯერ კიდევ 31 ივლისის "Су-35" ტიპის გამანადგურებელმა გახსნა, ოღონდ ავარიად შეფასებული ეს საავიაციო შემთხვევა (საერთოდ, ჟურნალისტები ხშირად ცოდავენ და პირადად მეც მომსვლია ასეთი შეცდომა, როდესაც საფრენი აპარატის ყველა ჩამოვარდნას ავიაკატასტროფად მოიხსენიებენ, სინამდვილეში კი, კატასტროფის კვალიფიცირება ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საავიაციო შემთხვევის დროს ან მის შემდეგ, 24 საათში ერთი ადამიანიც თუ დაიღუპა, უშუალოდ საფრენ აპარატში ან მიწაზე, სხვა შემთხვევებში, უმსხვერპლოდ დამთავრებული ინციდენტი ითვლება ავარიად) შეიძლება კურიოზების რიცხვს მივაკუთვნოთ.
რუსული სუ-35
ხაბაროვსკის აეროდრომიდან აფრენისთანავე ფრენების ხელმძღვანელმა რაციით უბრძანა პილოტს სასწრაფოდ კატაპულტირება, რადგან ჰაერში აჭრილი გამანადგურებელი ცეცხლის ალში გაეხვია. მფრინავმაც მაშინვე შეასრულა ბრძანება და კატაპულტირების შემდეგ უვნებლად დაეშვა პარაშუტით, რუსულმა უახლესმა გამანადგურებელმა "Су-35-მა" კი... ფრენა გააგრძელა და ერთი საათის შემდეგ სახალინზე ჩამოვარდა!
რუსული სუ-35 და მისი უპილოტოდ 'დაჯდომის' ადგილი
რა მოხდა? აეროდრომიდან აფრენისას სახმელეთო რადიოლოკაციური სადგურის მაღალიმპულსურმა ელექტრომაგნიტურმა გამოსხივებამ, სავარაუდოდ, აამოქმედა გამანადგურებელზე დამონტაჟებული სითბური ხაფანგების გამოსატყორცნი მოწყობილობა (მას იყენებენ სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტების "სტინგერებისგან" თუ "იგლებისგან" თავის დასაცავად) და დაბალ სიმაღლეზე მათი გამოტყორცნიდან წარმოქმნილი ცეცხლის ალი ფრენების ხელმძღვანელმა თვითმფრინავის ძრავაში გაჩენილ ხანძრად აღიქვა...

სხვათა შორის, დაახლოებით, ამის მსგავსი შემთხვევა მოხდა თავის დროზე თბილისის აეროპორტში, როდესაც ასაფრენ ზოლზე მდგომი პრეზიდენტის "დოლფინის" შვეულმფრენმა, ასევე, დაიწყო გვერდებზე სითბური ხაფანგების სროლა. ეს იმით აიხსნა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის საყვარელი ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გადამცემმა სადგურმა (რომელიც ახლოს იმყოფებოდა შვეულმფრენთან) მაღალსიხშირიანი გამოსხივებით აამოქმედა "დოლფინზე" დამონტაჟებული უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა...
დავუბრუნდეთ ხაბაროვსიდან სახალინამდე უპილოტოდ განავარდებულ რუსი გენერლების სიამაყეს - "Су-35"-ს. საწვავის გამოლევის შემდეგ ის უკაცრიელ ადგილას დაეცა და არავინ შეიწირა, თუმცა 32 წლით ადრე ასეთივე შემთხვევა მსხვერპლით დამთავრდა.

1989 წლის 4 ივლისს პოლონეთის აეროდრომიდან აფრენილ საბჭოთა "МиГ-23" ტიპის გამანადგურებელს რეაქტიულ ძრავაში პომპაჟი დაეწყო, რაც პილოტმა ძრავის გაჩერებად აღიქვა და სასწრაფო კატაპულტირება განახორციელა. ცხვირის ნაკვეთურში შემსუბუქებულმა (კატაპულტირებული სავარძლისა და თავად მფრინავის საერთო მასა 200 კგ-ს აღწევდა) გამანადგურებელმა სიმაღლე აიღო და მშვიდად გააგრძელა ფრენა ნატოს საზღვრისკენ.

4 ივლისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებოდნენ ამერიკელი პილოტები, როდესაც სასწრაფოდ ჰაერში აფრენისა და ვარშავის პაქტის მხრიდან მფრენი ობიექტის გადაჭერის ბრძანება მიიღეს.

წარმოიდგინეთ ორი "F-15"-ის პილოტის განცვიფრებული სახე, როდესაც ისინი თავისთვის მფრენ საბჭოთა "МиГ-23"-ს გვერდით ამოუდგნენ და პილოტის კაბინაში მფრინავი ვერ აღმოაჩინეს...
ასეთი ესკორტით საბჭოთა "მიგმა" გაიფრინა გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ტერიტორიები და საწვავის გამოლევის შემდეგ ბელგიურ სოფელში ჩამოვარდა, სადაც არდადეგებზე სახლში დაბრუნებული სტუდენტი ბიჭი იმსხვერპლა. მოსკოვმა ბელგიას 685 ათასი დოლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით.

ჩვენს დროში დავბრუნდეთ და აგვისტოს თვის ერთ-ერთ, დიდ რუსულ საავიაციო კატასტროფას შევეხოთ - 14 აგვისტოს, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობის პროცესში მთას შეეჯახა და კატასტროფა განიცადა რუსეთის საზღვაო ავიაციის ამფიბია-თვითმფრინავმა "Бе-200"-მა.

41-ტონიანი "Бе-200", რომელსაც 5 ტონამდე წყლის აღება შეუჩერებლად შეუძლია ზღვის ან ტბის ზედაპირიდან, ბერიევის, იგივე გიორგი ბერიაშვილის სახელობის საკონსტრუქტორო ბიუროშია შექმნილი, ტაგანროგის ქარხანაში, იმ ქარხანაში, რომლის 1941 წელს საქართველოში ევაკუაციის შედეგად შეიქმნა თბილისის საავიაციო ქარხანა.
ბე-200 და ფრაგმენტები თურქეთის მთებში
17 აგვისტოს კუბინკასთან, რომელიც მოსკოვთანაა, ჰაერში მარჯვენა ძრავაზე ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის - "Ил-112В"-ის საცდელი ეგზემპლარი, რასაც ეკიპაჟის სამი წევრის დაღუპვა მოჰყვა.
ილ-112
ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი მობილურ ტელეფონზე სახლის ფანჯრიდან გადაიღო თვითმხილველმა, რაც ამ საავიაციო კატასტროფის გამოძიების დროს სპეციალისტებს წესით უნდა დაეხმაროს.
18 აგვისტოს, ასტრახანთან სასწავლო ფრენის განხორციელებისას, ავიაკატასტროფა განიცადა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა "МиГ-29"-მ, პილოტი დაიღუპა.
აეროდრომზე დამწვარი რუსული МиГ-29
23 აგვისტოს ისევ ასტრახანის ოლქში კიდევ ერთი რუსული "МиГ-29" განადგურდა, ოღონდ უშუალოდ აეროდრომზე ტექნიკური მომსახურების დროს მას ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.
ერთ თვეში, არასაბრძოლო პირობებში, სამი გამანადგურებელი და ორი მძიმეწონიანი თვითმფრინავის დაკარგვა რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებში არსებულ გარკვეულ პრობლემებზე შეიძლება მეტყველებდეს, რისი ცოდნაც ჩვენთვის, ვინც არაერთხელ განვიცადეთ მათი საჰაერო იერიშები აფხაზეთისა და აგვისტოს ომების დროს, ზედმეტი სულაც არ უნდა იყოს...

პ.ს. ეს ბლოგი 25 აგვისტოს გამოქვეყნდა და ორი დღის შემდეგ, 27 აგვისტოს, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს - პერმის მხარეში აეროდრომიდან აფრენისთანავე მალევე ჩამოვარდა Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი. მისი ეკიპაჟის ორივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება და გადარჩა.
აღსანიშნავია, რომ 13 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ქართველმა მეზენიტეებმა ორი ასეთი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება მოახერხეს.

ამ ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით დალომპლექტებული ორი საავიაციო პოლკი საბჭოთა პერიოდში დისლოცირებული იყო კოპიტნარსა და დიდ შირაქში. მათი ექსპლუატაციის პერიოდში რამდენიმე მათგანი ქართულ მიწას დაენარცხა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ირაკლი ალადაშვილი
30 აგვისტო 2021 12:19
მინდიას

შვეულმფრენი რა თქმა უნდა შედის ავიაციაში,მაგრამ 12 აგვისტოს კამჩატკაზე,კურილის ტბაში ჩავარდნილი Ми-8(ამ კატასტროფას ბორტზე მყოფი 16-დან 8 ადამიანი შეეწირა) სამოქალაქო კერძო კომპანიის იყო,ჩემს ბლოგში კი აგვისტოს თვეში მხოლოდ რუსეთის სამხედრო ავიაციის დანაკარგების განხილვა იყო მთავარი მიზანი,აგვისტოს ომთან შესადარებლად.
პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
მიმინო
30 აგვისტო 2021 11:09
...... და რა მერე?! არაფრის მთქმელი სტატია!
Max
29 აგვისტო 2021 09:08
Ეგ ერთი და სხვა მრავალი...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები