ტერაქტები ქაბულში და "საჰაერო ხიდი" თბილისამდე
ტერაქტები ქაბულში და "საჰაერო ხიდი" თბილისამდე
26 აგვისტოს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მისადგომებთან, იქ, სადაც მეორე კვირაა, ათასობით ავღანელია თავმოყრილი, ამერიკული თვითმფრინავებით სამშობლოდან გაქცევის იმედით, რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 103 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაიჭრა.
103 დაღუპულიდან 13 ამერიკელი საზღვაო ქვეითია, რომლებიც აეროპორტის გარე პერიმეტრს იცავდნენ, დაიჭრა 15 მათი თანამებრძოლი.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის 28 "თალიბანის" მებრძოლია, რაც გამორიცხავს ამ ტერაქტებში თალიბების ავტორობას, უფრო მეტიც, ამერიკულმა სამხედრო დაზვერვამ ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა თალიბებს და მათ მოასწრეს კიდევ
სხვა ტერაქტების დროული აღკვეთა, რომელიც, ასევე, ტერორისტ-კამიკაძეებს უნდა შეესრულებინათ.
საერთოდ, თანამებრძოლების "მოძრავ ბომბად" გამოყენება თალიბების ტაქტიკას ნაკლებად ჰგავს, მათ ურჩევნიათ ბრძოლაში დაიღუპონ, სამაგიეროდ, ტერორისტი-კამიკაძეები "ისლამური სახელმწიფოს" ცნობილი ხელწერაა და ასეც აღმოჩნდა - ტერაქტებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" მომავალი ტერორისტი-კამიკაძე "ურწმუნოების" განადგურებით იმუქრება.

აშშ-ის სადაზვერვო ორგანიზაციებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ქაბულის აეროპორტში შესაძლო ტერაქტების მოწყობის თაობაზე და ამის შესახებ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმაც კი მიანიშნეს ერთი-ორი დღით ადრე, მაგრამ ყველა ტერაქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

ქაბულის აეროპორტში ორკვირიანი ქაოსის ფონზე, დამატებით ტერაქტების მსხვერპლიც ბაიდენის საპრეზიდენტო კარიერას უდიდეს დარტყმას აყენებს და პოლიტიკური ოპონენტები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ მისი გადადგომის შესახებ.

ეს სიტუაცია რაღაცით წააგავს ოცი წლის წინანდელ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს, რომლის შურისძიების გამოც, პრინციპში, დაიწყო ავღანეთის ოცწლიანი ომი - მაშინ ტერაქტების ავტორი თუ იყო "ალ-ქაიდა", ეხლა - "ისლამური სახელმწიფოა".

"ისლამური სახლემწიფოსთვის" მთავარ მტერს მართალია, ამერიკელები წარმოადგენენ, მაგრამ არც თალიბებს თვლიან მეგობრებად და ამ ორ, მსოფლიო დონის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ძალას შორის ბრძოლები ავღანეთის მიწას შეიძლება ჯერ კიდევ წინ ელოდება.

ქაბულიდან კი გრძელდება აშშ-ის მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ოჯახების ევაკუაცია, ვინც წლების განმავლობაში ამერიკელებთან თანამშრომლობდა.
ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ძირითადად, დაასრულეს თავიანთი მოქალაქეების გაყვანა ავღანეთიდან, რაშიც მათ არცთუ მცირე დახმარებას საქართველოც უწევს.
 ქაბული-თბილისის 'საჰაერო ხიდის' სიგრძე 2 500 კმ-მდეა
ამოქმედებულია საჰაერო ხიდი ქაბული-თბილისი იმ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების საწვავის მარაგის შესავსებად, რომლებიც ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციას ახორციელებენ.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის თხოვნით, მათი ავღანელი თანამშრომლები, რამდენიმე ათეული ადამიანი, დროებით თბილისის აეროპორტში განთავსდებიან, სანამ ისინი გადაყვანილები იქნებიან კონკრეტულ ქვეყნებში.

ზემოხსენებული დონორი ორგანიზაციებისთვის, რომლებზეც ბევრადაა დამოკიდებული (შეიძლება სამწუხაროდაც) საქართველოს ეკონომიკა, ანგარიშის არ გაწევა არ გამოდის, თუმცა იმედია, სიტყვა შესრულდება და რამდენიმე ათეული დევნილი ავღანელი საქართველოში სამუდამოდ არ დარჩება...

პ.ს. ეს ბლოგი 25 აგვისტოს გამოქვეყნდა და ორი დღის შემდეგ, 27 აგვისტოს, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს - პერმის მხარეში აეროდრომიდან აფრენისთანავე მალევე ჩამოვარდა Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი. მისი ეკიპაჟის ორივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება და გადარჩა.
აღსანიშნავია, რომ 13 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ქართველმა მეზენიტეებმა ორი ასეთი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება მოახერხეს.
ამ ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით დალომპლექტებული ორი საავიაციო პოლკი საბჭოთა პერიოდში დისლოცირებული იყო კოპიტნარსა და დიდ შირაქში. მათი ექსპლუატაციის პერიოდში რამდენიმე მათგანი ქართულ მიწას დაენარცხა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები