ღამის სამ საათზე ფოირვერკების ზალპის გამშვებო, რა გქვია?
ღამის სამ საათზე ფოირვერკების ზალპის გამშვებო, რა გქვია?
დაბადების მეტრიკაში თუ მეანი ქალის მემუარებში ამოიკითხე, რომ თავი ზუსტად ღამის სამ საათზე გამოჰყავი და ამიტომაც სწორედ ღამის სამ საათზე იწყებ ფოიერვერკების ზალპს? მთელი დღე ხომ შენს ხელშია, როდესაც გინდა და რამდენითაც გინდა, იმდენი ფოირვერკით მიულოცე შენს თავს დაბადების დღე, მაგრამ რატომ მაინდამაინც შუაღამისას?
იქნები იმიტომ, რომ ღამის ფონზე ფოირვერკების ვიდეოთი სოციალურ ქსელებში "წამარიაჟება" გინდა, თუ როგორ გაანათე თბილისის ღამის ცა? მაგრამ შენც საღამოს 11 სთ-ზე გაუშვი ფოიერვერკები, თუ გგონია, რომ
ღამის სამ საათზე უფრო ბნელია ცის ფონი?

გასაგებია, რომ მოქალაქეობრივი სოლიდარობის შესახებ არაფერი გაგიგია, მაგრამ ჭირის დროს ლხინი, როდესაც ქვეყანაში საშინელი პანდემია მძვინვარებს, ყოველდღიურად კორონავირუსს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, წმინდა კაცური გაგებით, ვინ მოგცა შენ უფლება, ისედაც დახუთულ ღამეში ძლივს ჩაძინებული ასობით მეზობელი და,
მით უმეტეს - კოვიდინფიცირებულები, რომლებისთვისაც ღამით მშვიდად ძილი მთავარი წამალია, ორგანიზმის იმუნიტეტის გასაძლიერებლად, შეშინებულები წამოჰყარო ლოგინიდან მხოლოდ იმიტომ, რომ შენი "გაისწორე"?

კუდაბზიკობით შეპყრობილს, როდესაც გინდა, შენი "მე" ყველას დაუმტკიცო, ღამით მათი მოულოდნელი გაღვიძებით და თანაც - ევროპელობას "აწვები", იცი, რომ იმ შენს ევროპაში საკუთარ სახლში ღამის სამ საათზე არათუ ფოიერვერკის გაშვებას, არამედ - მტვერსასრუტისა თუ სარეცხის მანქანის ჩართვისთვის მეზობლები მაშინვე პოლიციას გამოიძახებენ და დიდ ჯარიმასაც აგკიდებენ?

ანდა აიღებ კი ელემენტარულ პასუხისმგებლობას მაინც, თუკი გინდ ღამით და გინდაც დღისით შენ მიერ გაშვებულმა ფოიერვერკების ზალპმა პაპანაქება სიცხეში ისედაც გადამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდოს და სამეზობლოში ვინმეს მანქანა ან სახლი გადაწვას?

სარგებლობ იმით, რომ ჯიგრული ქართული გაგებით, მეზობლები პატრულს არ გამოიძახებენ, თავად პატრული კი ოფიციალური შეტყობინების შესვლისა და დაფიქსირების გარეშე, შეიძლება, დიდად თავს არ შეიწუხებს, თუგინდ ღამის მორიგეობის დროს ყურისძირში ფოიერვერკების მთელი ყუთი დაუცალო?
ან რად გინდა შენი რაიმე ზეიმის ასეთი ღამისეული პომპეზური აღნიშვნა, თუკი ფოიერვერკების აფეთქების ხმით ლოგინიდან მოულოდნელად წამოვარდნილი მეზობლები გულში და ხმამაღლადაც ერთი გემრიელად "დაგლოცავენ" და მერე ძილგატეხილები მთელი ღამე არანაკლებ "დალოცვებს" არ დაგაკლებენ?

ფოიერვერკების მოყვარულო, ერთი შენი თავი მენახა ფრონტის ხაზზე, როდესაც მტერი ფოიერვერკზე ბევრად ძლიერ "ლუსტრას" ჩამოჰკიდებდა მანათობელი საავიაციო ბომბისა თუ ნაღმსატყორცნიდან ნასროლი პარაშუტიანი მანათობელი ნაღმის საშუალებით, როდესაც შენი ღამისეული პოზიცია დღესავით განათდებოდა და სირბილს დაიწყებდი თავშესაფრის საძებნად, მოწინააღმდეგის სნაიპერის სამიზნე რომ არ გამხდარიყავი...

მაშინ, ომის დროს, ღამით, მტერი იმიტომაც გვინათებდა პოზიციებს მოულოდნელად, რომ ძილი დაგვფრთხობოდა, არ მოგვესვენა და მეორე დღეს ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ვყოფილიყავით...

შენც მტერი ხარ, ღამით ახალჩაძინებულ ასობით ადამიანს მოულოდნელად რომ აღვიძებ ფოიერვერკების აფეთქებით?
ხვალ ხომ უკვე შენი მეზობლის დაბადების დღეა და ღამის სამ საათზე უკვე ის რომ წამოგაგდებს საწოლიდან ორმოცი ფოიერვერკის აფეთქებით (მერე რა, რომ შენ წინა ღამეს მხოლოდ ოცი ააფეთქე, მან ხომ უნდა "გადაგიჯოკროს"), საინტერესოა, გულშიც და ხმამაღლაც როგორ "დალოცავ"?

პ.ს.უცოდველი არავინ ვართ, მეც ვაღიარებ, რომ ვაჟის შეძენისას ჰაერში გავისროლე ჯერით... ავტომატი "დინამოს" სტადიონზე, ოღონდ საღამოს 11 სთ-ზე! რა ვქნათ, მაშინ ისეთი დრო იყო, ფოიერვერკზე მეტად "კალაშნიკოვი" იშოვებოდა...

პ.ს.ს. ღამით, იძულებით გაღვიძებულისა და ძილგატეხილის კვალობაზე (თანაც არაერთხელ), მე მგონი მაინც კორექტული ბლოგი გამომივიდა, თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა ღამისეული ფოიერვერკები თბილისის მჭიდროდ დასახლებული უბნების პრობლემა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
zaza
21 სექტემბერი 2021 18:42
100% !!!
ცირა
04 სექტემბერი 2021 12:31
გაიხარეთ თქვნ. რა კარგად ჩამოუყალიბეთ კორექტურაა გემრიელად შეჯორეთ, ისე სიამოვნებით წავიკითცე, იმედია გმგებები გაიგებენ დ
S.K.K.
02 სექტემბერი 2021 18:39
რამდენი ცხოველია ამ "მადლიან" ქვეყანაში!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები