ავარიულმა "ბოინგმა" თბილისის თავზე 20-ზე მეტი წრე დაარტყა და 806 კმ იფრინა...
ავარიულმა "ბოინგმა" თბილისის თავზე 20-ზე მეტი წრე დაარტყა და 806 კმ იფრინა...
ფოტო:ბოინგი", რომელმაც თბილისის ცა "დახაზა
კვირას, 5 სექტემბერს, 180 მგზავრი კომფორტურად განთავსდა ავიაკომპანია "აირზენას" სამგზავრო თვითმფრინავში "Boeing 737-800" და სამსაათ-ნახევრის შემდეგ თბილისიდან პირდაპირ ხაზით 2 350 კმ-ით დაშორებულ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრენისთვის მოემზადა.
"ბოინგი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის დროით 17:05 სთ-ზე აფრინდა და 18:52 სთ-ზე მშვიდობიანად დაეშვა... ოღონდ ისევ თბილისის აეროპორტში.
107 წუთი ქართულდროშიანი "ბოინგი" თბილისის თავზე დაფრინავდა - მან 20-ზე მეტი წრის გაკეთება მოასწრო და, საერთო ჯამში, 806 კმ გაიფრინა.

ფრენა ხორციელდებოდა ზღვის დონიდან
500-2 500 მ-ის სიმაღლეების დიაპაზონში და არაუმეტეს - 450-500 კმ/სთ სიჩქარით, ასე რომ, "ბოინგის" მგზავრებს საუკეთესო საშუალება მიეცათ, ილუმინატორებიდან დედაქალაქის ლამაზი პეიზაჟები დაეთვალიერებინათ, მაგრამ დიდად საეჭვოა, მგზავრებიდან ვინმე მაინც გაახარა ამ მოულოდნელმა "საჰაერო ტურიზმმა", რადგან საქმე უფრო სერიოზულად იდგა - "ბოინგის" ეკიპაჟი თბილისის თავზე წრეების
დარტყმით საავიაციო ნავთის მარაგს ხარჯავდა იმ დონემდე, რომ ავარიულ ლაინერს შეძლებოდა მშობლიურ აეროპორტში უსაფრთხოდ დაშვება...

საქმე ის არის, რომ "Boeing 737-800" მოდელის ლაინერის მაქსიმალური ასაფრენი მასა 79 ტ-ს შეიძლება აღწევდეს, საიდანაც ცარიელ თვითმფრინავზე მოდის 41 ტ, კომერციულ ტვირთზე (მათ შორის, 189 მგზავრზე) - 20,5 ტ, ხოლო ავზებში 26 ათასი ლიტრი საავიაციო ნავთი ეტევა, რაც 20,8 ტ-ის ეკვივალენტია. გასაგებია,რომ თვითმფრინავის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, საწვავს ნაკლებს ასხამენ, რომ მაქსიმალური ასაფრენ მასას არ გადააჭარბონ.
მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, რაც ყველაზე საინტერესოა, "Boeing 737-800"-ის მაქსიმალური დასაჯდომი მასა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 63 ტონასა და 320 კგ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაჯდომის მომენტში შასის მექანიზმმა შეიძლება ვერ გაუძლოს და ტრაგედია მოხდეს, დაახლოებით ისეთი, რაც 2019 წლის 5 მაისს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მოხდა, როდესაც სამგზავრო "სუპერჯეტი", ტექნიკური მიზეზების გამო, გაფრენის აეროპორტში დაბრუნდა, მაგრამ ეკიპაჟმა არ გახარჯა საწვავის მარაგი და ამასთან უხეში დაჯდომა განახორციელა, რის გამოც ძირითადი შასის საყრდენები გადატყდა და ფრთის კონსტრუქციაში საწვავის ავზები დააზიანა, რასაც დიდი ხანძარი და 41 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა.
საჰაერო წრეები თბილისის თავზე
5 სექტემბერს თბილისიდან აფრენილ "ბოინგს" თითქმის სრული დატვირთვა ჰქონდა - 189-დან 180 მგზავრი, ამასთან, ვენამდე მისაფრენად უნდა დაეფარა 2 500 კმ-მდე, რასაც 3 სთ და 20 წუთი მაინც სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ "ბოინგის" ეს მოდიფიკაცია ერთი საათის ფრენისას 2 500 ლ-მდე საავიაციო ნავთს წვავს, ავარიული მარაგის გათვალისწინებით, მისი ავზები საწვავით თითქმის ბოლომდე უნდა ყოფილიყო შევსებული, მით უმეტეს, თუკი უკანა გზის - ვენა-თბილისის რეისის საწვავის მარაგიც ჩაასხეს, რადგან ავსტრიაში საწვავით გაწყობა ქართულ ავიაკომპანიას, სავარაუდოდ, უფრო ძვირი უჯდება.

"ბოინგის" ეკიპაჟმა თბილისის თავზე, ზედმეტი საწვავის დაწვის მიზნით, წრეების დარტყმის შემდეგ თვითმფრინავი აეროპორტში საბედნიეროდ მშვიდობინად დასვა და, როგორც "აირზენა" იუწყება, სულ რაღაც 45 წთ-იანი ტექნიკური შემოწმების შემდეგ წარმატებით განახორციელა დაგემილი რეისი ვენაში.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იგივე "აირზენა" რატომღაც არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა 180 მგზავრისა და მათი ახლობლების 107-წუთიანი მძიმე განცდების მთავარი მიზეზი, და აბსტრაქტული პასუხი - ტექნიკური პრობლემა, საკმარისი არ გახლავთ.

ის ფაქტორი, რომ ავარიული დაშვების შემდეგ იმავე ბორტს 45 წუთში ისევ ანდეს 180 მგზავრის კვლავ გადაყვანა, უფრო იმას უნდა მიუთითებდეს, რომ ტექნიკური პრობლემა არ იყო ძალიან სერიოზული.
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, "ბოინგმა" აფრენის შემდეგ ვერ მოახერხა შასის შეკეცვა, ასეთ მდგომარეობაში კი ვენისკენ ფრენის გაგრძელება, თანაც მაღალ ეშელონებზე, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სატრანზიტო ეშელონებში 10 კმ-ზე მაღალ სიმაღლეზე "ბოინგები", როგორც წესი, 800 კმ/სთ სიჩქარით მაინც დაფრინავენ და ეს გამოშვებული შასით უბრალოდ შეუძლებელია.
უფრო უარესი სიტუაცია შეიქმნებოდა, რომ "ბოინგს" პრობლემა შასის აკეცვაში კი არა, არამედ - მის გამოშვებში შექმნოდა...

პ.ს. რამდენიმე ეპიზოდი უნდა გავიხსენო ამ ბლოგის ავტორის პირადი ისტორიიდან, რაც სამგზავრო თვითმფრინავებს უკავშირდება...

გახურებული აფხაზეთი ომია და თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გავედი (მაშინ ასეთი რამეები მოდიოდა) სოხუმში სასწრაფოდ გასაფრენად, მაგრამ რად გინდა? - აეროპორტში დამჯდარ სამგზავრო "Ту"-ს მარჯვენა შასის საყრდენი მოტყდა და ბეტონის ფილები ღრმად გახაზა...
ყველა გადარჩა, მაგრამ ჩაიკეტა თბილისის აეროპორტის ერთადერთი ასაფრენი ზოლი სოხუმამდე ჩასაღწევად, სამანქანო გზა კი მანამდეც გადაკეტილი ჰქონდათ ზუგდიდში...
სოხუმში სასწრაფოდ ჩასატანია "თ-55" ტიპის ტანკის რადიატორი, თბილისის აეროპორტში სამგზავრო "Ту-134"-ის კუდში, საბარგო ნაკვეთურში რამდენიმე საათი ამაოდ ვცდილობთ, შევტენოთ ეს რადიატორი, მაგრამ გაბარიტულად არანაირად არ ეტევა...

"Ту-134"-ით გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომიდან მეფარიშვილის სპეცდანიშნულების დანაყოფის მებრძოლები გამოგვყავს, რომლებიც გაგრის დაცემის შემდეგ თვეზე მეტი ტყვეობაში იყვნენ. ჩამოვფრინდით სოხუმში და თბილისისკენ გამოფრენას ვაპირებთ, სადაც ამ ნაწამებ ბიჭებს გულშეწუხებული ოჯახის წევრები მოუთმენლად ელიან, მაგრამ ჩვენს თვითმფრინავს ადგილობრივი სამხედრო პოლიციის უფროსი აფრენის საშუალებას არ აძლევს, სანამ სოხუმში დაშლილი კაზინოს ინვენტარს არ ჩატვირთავთ და თბილისში არ ჩაუტანთ კონკრეტულ პირებსო...

სოხუმში მივფრინავ, თან ჩემს თავზე მეცინება - მე მგონი, მსოფლიოში პირველი მგზავრი ვარ, რომელიც არათუ არ ზის სავარძელში, არამედ - ფეხზეც არ დგას! აბა, როგორ? - იკითხავს ბლოგის მკითხველი - "მხედრიონმა" თბილისში ლეიბებით გაავსო "Ту-134"-ის სალონი, პოზიციებზე ბიჭებისთვის ჩასატანად და მეც, ამ ლეიბებს შორის გაჭედილი, ისე ჩავფრინდი სოხუმში, თვითმფრინავის იატაკზე ფეხიც არ დამიდგამს...

1992 წლის დეკემბერია და სოხუმიდან თბილისში უნდა გამოვფრინდე, პირველი ძმისშვილის დაბადებას ჩამოვუსწრო. ბაბუშარის აეროპორტში ჩემს არტილერისტ მეგობრებთან ერთად "Ту-134"-ში ვჯდები და სადაცაა უნდა გავფრინდეთ. სალონის გასასვლელიც ივსება და თავზე შავებში ჩაცმული ასაკოვანი მანდილოსანი მადგება. ისევე, როგორც თბილისის "მარშრუტკებში" ვიყავი მიჩვეული, ვდგები და ქალბატონს ადგილს ვუთმობ. არ გადის ორიოდე წუთი და თვითმფრინავში ირაკლი ბათიაშვილი და ავთო იოსელიანი, მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობა ამოდის და კატეგორიულად მოითხოვს, თვითმფრინავი დატოვოს ყველა ფეხზე მდგომმა, რადგან სოხუმიდან აფრენილმა "Ту"-მ საწვავის მარაგი ბათუმის აეროპორტში უნდა შეივსოს, რომ თბილისამდე ჩააღწიოსო, ხოლო გადატვირთულ თვითმფრინავს ბათუმში დაჯდომა გაუჭიდებაო. მეც ვიცი, რომ ბათუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მოკლეა და ეს პრობლემაც რეალურია, ამიტომაც გულგატეხილი (არადა მშვენივრად ვიჯექი ჩემს ადგილას) თვითმფრინავიდან გამოვდივარ, მაგრამ ბათიაშვილსა და იოსელიანს ვეუბნები, რომ იცოდეთ ვინ ვარ, თვითმფრინავიდან არ ჩამაგდებდით-თქო. გაკვირვებული მიყურებენ - უშიშროება ჩვენ გვაბარია და თქვი ვინც ხარ, დაგტოვებთო... არ ვუთხარი და ამაყად თავაწეული ჩამოვედი. დიდი არაფერი ვიყავი, მაგრამ რომ მეთქვა, რომ გაზეთ "7 დღის" სამხედრო ჟურნალისტი გახლდით და რედაქციაში მასალის ჩატანა მეჩქარებოდა (რაც რეალობას შეესაბამებოდა), რა თქმა უნდა, ბორტზე დამტოვებდნენ.
სოხუმიდან თბილისამდე 40-ოდე წუთში ჩამოფრენის ნაცვლად, მომიწია დიდი ფათერაკებით თბილისამდე ჩამოღწევა - ჯერ შვეულმფრენით ქუთაისამდე, დაბალ სიმაღლეზე ფრენით, რომ არ ჩამოვეგდეთ, მერე თურქული ავტოკოლონით, რომელსაც მაშინდელი ავტოინსპექტორები ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებდნენ, მაგრამ ძმისშვილის დაბადებას მაინც ჩამოვუსწარი...

ეს ორი ეპიზოდი რაღაცით ძალიან წააგავს ერთმანეთს:
გასული საუკუნის ბოლოა და მოსკოვში მივფრინავთ ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი. ჩემთვის ვზივარ "Ту-154"-ის სალონის ბოლო რიგში, მაგრამ თბილისიდან აფრენის შემდეგ, მალევე, ჩემთან მოდის სიმპათიური სტიუარდესა და მეუბნება, - ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება უხმაუროდ გამომყევითო! წამებში რაღაცები გადავხარშე, მათ შორის - სასიამოვნო ფერებშიც... სტიუარდესა წინ წამიძღვა და ეკიპაჟის კაბინაში შემიყვანა, ხომალდის მეთაური წამოდგა და ... თავის, მარცხენა სავარძელში ჩამსვა! დაბნეულობიდან მისმა ფრაზამ გამომიყვანა - თქვენი მკითხველი ვარ და ახლოს მინდოდა გაცნობაო...

ორი საათი ათას საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, თვითმფრინავს ავტოპილოტი მართავდა და ხომალდის მეთაურს თამაშემწე, იგივე მეორე პილოტი აზღვევდა, მაგრამ მეთაურის სავარძელში თავს მაინც არაკომფორტულად ვგრძნობდი - ეს მაინც ფრენების უსაფრთხოების წესების დარღვევა იყო...
ამ საუკუნის დასაწყისია და ამჯერად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მივფრინავთ ქართველ ჟურნალისტთა და არასამთავრობი ორგანიზაციების მცირერიცხოვანი ჯგუფი, თბილისი-ამსტერდამის რეისით, რადგან მაშინ ბრიუსელში პირდაპირი რეისი თბილისიდან არ იყო.

ქართული ავიაკომპანიის "Boeing 737 "-ით ავფრინდით თუ არა, ისევ სტიუარდესა გამომეცხადა და ხომალდის მეთაურის სახელით კაბინაში მიმიწვია. ისევ მეთაურის სავარძელში ჩამსვეს და ამსტერდამამდე საინტერესო თემებზე ვიმუსაიფეთ - მეთაურმა მითხრა, ძალზე მინდოდა თქვენთან გასაუბრება, მაგრამ მე ამდენი ხნით სალონში ვერ გამოვიდოდი და ისევ თქვენ ჩემთან, კაბინაში მოგიწვიეთო. ამსტერდამში დაჯდომის წინ ბუნებრივია, ხომალდის მეთაურის სავარძელი პატრონს დავუთმე, მაგრამ კაბინიდან არ გამიშვეს და აეროპორტში დაშვების, დაჯდომისა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მოძრაობის ძალზე საინტერესო კადრების მინიატურულ ვიდეოკამერაზე გადაღების საშუალება მომცეს.

კიდევ ერთი კურიოზული თუ ძალზე საშიში მომენტი ჩემი, ავიაციასთან დაკავშირებით.
2001 წელს საფრანგეთში ლე-ბურჟეს საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე ქართულ-ებრაული, მოდერნიზებული "შუ-25KM" "სკორპიონი" გავიტანეთ, ჩვენი მცირერიცხოვანი დელეგაცია კი მოიერიშეს უკან, სამხედრო-სატრანსპორტო "Ан-12"-ით გაჰყვა. ეკიპაჟი უკრაინული აღმოჩნდა, ჩვენ კი, ტრადიციულად, რამდენიმე ათეული ლიტრი ქართული ღვინო და ჭაჭა "აღმოგვაჩნდა", ჰოდა, წავიდა სატრანსპორტო "ანის" ჰერმეტიულ სამგზავრო კაბინაში "შეჯიბრი" იმ დონემდე, რომ ეკიპაჟის კაბინაში ერთ მომენტში... მხოლოდ მე დავრჩი!

ლე-ბურჟეში ჩაფრენისას სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე ფრანგი მესაზღვრეები და მებაჟეები ამოვიდნენ და ტრადიციული კითხვა დაგვისვეს - თვითმფრინავში იარაღი ხომ არ გაქვთ. სიცილი აგვიტყდა, რადგან "ანით" "სკორპიონზე" ჩამოსაკიდი ბომბები და რაკეტები გადაგვქონდა (მართალია, მაკეტების სახით). ფრანგებმა ეს იაღლიში არ შეიმჩნიეს, მაგრამ, როდესაც ქართული ღვინითა და ჭაჭით სავსე ბოცები შეამჩნიეს, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნეს - საფრანგეთში ღვინო საკმარისი ჩვენც გვაქვს, თქვენი რას მოგქონდათო...

საბედნიეროდ, ლე-ბურჟეც წარმატებით მოვიარეთ და სამშობლოშიც მშვიდობიანად დავბრუნდით იმავე "ანით", ჭაჭის დაუხარჯავი დიდი მარაგიც უკრაინულ ეკიპაჟს დავუტოვეთ...
და ერთიც - 2008 წლის მაისია და ერაყის ალ-კუტის აეროდრომიდან სამშობლოში გამოვფრინდით, როდესაც ამერიკულ სატრანსპორტო "ჰერკულესს" ფრთის მარჯვენა მხარეს ერთი ტურბოხრახნიანი ძრავა გაუჩერდა - ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება გახლდათ, როდესაც უყურებ გაჩერებულ ძრავის ხრახნს ილუმინატორიდან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ირაკლი ალადაშვილი
08 სექტემბერი 2021 21:24
დავითს

ის სტიუარდესა რომ გენახათ მაშინ,შეიძლება თქვენც „აცუნდრუკებულიყავით“ ბ-ნ დავით...

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
სოსო
07 სექტემბერი 2021 10:47
ძალიან სასიამოვნოა ირაკლი ალადაშვილის სტატიების წაკითხვა.ყოველთვის აწონილ-დაწონილი,ინფორმაციული და ობიექტურია.აშკარად ჩანს,რომ პროფესიონალია .
დათო
07 სექტემბერი 2021 10:38
"ჩემთან მოდის სიმპათიური სტიუარდესა და მეუბნება, - ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება უხმაუროდ გამომყევითო! წამებში რაღაცები გადავხარშე, მათ შორის - სასიამოვნო ფერებშიც." კარგი სტატიაა, მაგრამ აი ეს რა აცუნდრუკებაა???

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები