პენტაგონზე პიკირება ანუ ვინ არის მთავარი სამიზნე...
პენტაგონზე პიკირება ანუ ვინ არის მთავარი სამიზნე...
ფოტო:პენტაგონის შენობა საჰაერო ტერაქტის შემდეგ
დღეს, 2021 წლის 11 სექტემბერს 20 წელი შერულდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტებიდან, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს 19 კაციანმა ტერორისტულმა ჯგუფმა ოთხი გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავით განახორციელა.
საერთო ჯამში თავად თვითმფრინავებში, ასევე ჩამონგრეულ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენსა და დაზიანებულ პენტაგონის შენობაში 2 977 ადამიანი დაიღუპა (ამ რიცხვში ტერორისტები არ შედიან) და 24 უგზო უკვალოდ დაიკარგა.

ეს იყო გრანდიოზული გამოწვევა ზესახელმწიფო აშშ-სთვის და პასუხმაც არ დააყოვნა ოცწლიანი ავღანეთის ომის
"ჭაობის" სახით...

მაგრამ ამ ბლოგში ყურადღება მაინც იმაზე მინდა გავამახვილო, რამდენად ადვილად შეძლეს ტერორისტებმა წერტილოვანი საჰაერო დარტყმის განხორციელება აშშ-ის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ ობიექტზე - დედაქალაქ ვაშინგტონში განთავსებულ პენტაგონზე - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე.

ამ ბლოგის ავტორს საშუალება ჰქონდა 11 სექტემბრის ტერაქტებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, 2004
წლის იანვარში დაეთვალიერებინა ნიუ-იორკში ზონა "ზერო"-მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩამონგრეული ცათამბჯენების ადგილი და ასევე უშუალოდ პენტაგონის შენობაში ენახა ის ნაწილი, რომელსაც ტერორისტების მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა (შენობის აღდგენილ ფლიგელში 11 სექტემბრის ტერაქტების მოსაგონარი მუზეუმია შექმნილი).
უშუალოდ ადგილზე დათვალიერებამ კიდევ უფრო გაამძაფრა იმის შეგრძნება, თუ რა მასშტაბის საჰაერო ტერორიზმის აქტები განხორციელდა, მაგრამ ერთია მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 417 მ-ის სიმაღლის 110 სართულიანი ცათამბჯენებზე სამგზავრო ლაინერის მიმართვა და მეორე, სულ რაღაც 23,5 მ სიმაღლის ხუთსართულიან პენტაგონის შენობის ფასადზე "დაჯდომა"...
პენტაგონს ასეთი, 120 ტ-იანი 'ბოინგ-757' შეეჯახა
პენტაგონის შენობის საჰაერო თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ამორჩევას, გარდა საერთაშორისო ტერორიზმის მიზნებისა, წმინდა სამხედრო გათვლაც ჰქონდა - ნახეთ, ზუსტი დარტყმა შიგ გულში მივაყენეთ ასე ნაქებ ამერიკულ არმიასო!

საერთოდ ომში მოწინააღმდეგის სამხედრო მართვის ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, მით უმეტეს, თუკი ის მოზრდილ შენობას წარმოადგენს და კონტრასტულობით გამოირჩევა.
არადა თითქმის ყველა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ცდილობს, რომ მისი უწყება რაც შეიძლება გრანდიოზული და შთამბეჭდავი იყოს უცხოელი კოლეგების სტუმრობისას თავის მოსაწონად.
გარდა ამისა, თავად ქვეყნის მთავარ სამხედრო უწყებაში მომუშავეთა რიცხვი და თუ იქვე განთავსებულია გენშტაბიც, დიდი ფართობის შენობის აღმართვას მოითხოვს, რაც ძალაუნებურად ხდება სავარაუდო მოწინააღმდეგის შესაძლო საჰაერო შეტევების სამიზნეში.

შორს რომ არ წავიდეთ, აქვე ყურის ძირში, თბილისში, ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზე გვქონდა საბჭოთა კავშირის შეირაღებული ძალების ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის გრანდიოზული კომპლექსი, რომლის გვერდით აღმართული იყო საჰაერო თავდაცვის მე-19 ცალკეული არმიის შტაბის შენობაც.

გვინდოდა თუ არა ჩვენ, თბილისილებს, ერთი ამერიკული ბირთვული ქობინი მაინც იქნებოდა მაშინ, პირველი "ცივი ომის" დროს დამიზნებული ვაკე-საბურთალოს გასაყართან წამოჭიმულ "ზაკვოს" შტაბზე.

მართალია "ზაკვოს" შტაბის მიმდებარე მთის მასივში მოწყობილი იყო მიწისქვეშა ბომბსაფარი, მაგრამ სიტუაციის დაძაბვისთანავე საბჭოთა გენერლები სასწრაფოდ გადადიოდნენ სათადარიგო სამეთაურო პუნქტში "ზვეზდაში" - მცხეთასთან, მდინარე მტკვრის პირას აგებულ მიწისქვეშა ბუნკერებში და იქიდან გააგრძელებდნენ ჯარების მართვას.
პენტაგონის ქვეშაცაა მოწყობილი მიწისქვეშა ბომბსაფარი და სათადარიგო სამართავი პუნქტები არც ამერიკელ გენერლებს აკლიათ, მაგრამ ასე ღიად პენტაგონის შენობაზე საჰაერო ტერორისტული დარტყმის გახორციელება, მაინც დიდ ხინჯად დარჩება ამერიკული არმიის ისტორიაში...

პ.ს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შტაბის შენობები ერთმანეთის გვერდითაა განთავსებული თბილისში სანაპიროზე და დიდი ალბათობით, ასევე შეყვანილია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სავარაუდო სამიზნეებში საქართველოს ტერიტორიაზე. აგვისტოს ომის დროს რუსულ საჰაერო დარტყმებს ამ შენობებზე რეალურად მოელოდნენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები