რუსულ-ბელარუსული დესანტირება ნატოს საზღვართან
რუსულ-ბელარუსული დესანტირება ნატოს საზღვართან
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვართან ეს დღეებია, დიდი მოძრაობებია - ჰაერში სამხედრო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ესკადრილიები დაფრინავენ, მიწაზე ტანკების კოლონები ბუღს აყენებენ, ბალტიის ზღვაში კი ხომალდებიდან რაკეტებს უშვებენ...
ეს რუსულ-ბელარუსული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება - "ზაპად-2021" დაიწყო, რასაც ასე უფრთხოდნენ, როგორც ნატოს აღმოსავლეთი ფრთის - პოლონეთის, ლიტვისა და ლიეტუვას, ისე - უფრო სამხრეთით განთავსებული უკრაინის ხელისუფალნი.

შეშფოთების მიზეზი კი მათ მართლაც აქვთ, რადგან ამ ერთობლივ სწავლებაში, საერთო ჯამში, მონაწილეობს 200 ათასი
სამხედრო, 760 საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის - 290 ტანკი, 240 საარტილერიო დანადგარი, 80 თვითმფრინავი და შვეულმფრენი.

გასაგებია, რომ ამ რაოდენობის პირადი შემადგენლობა რუსეთისა და ბელარუსის არმიებს არ შეუგროვებიათ უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან და მათი უმეტესი ნაწილი სწავლებებს ათზე მეტ სხვადასხვა პოლიგონზე ატარებს, მაგრამ უშუალოდ პოლონეთის
საზღვრის სიახლოვეს, ბრესტთან, სწავლების ფარგლებში განხორციელდა მასობრივი საჰაერო დესანტირება, მათ შორის - ღამით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალები ხვეწენ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში სპეციალური სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩატარების მექანიზმებს.

სწავლების ლეგენდის მიხედვით, პირობითი ქვეყნების ალიანსი დასავლეთიდან თავს ესხმის ბელარუსს და მის დასახმარებლად რუსეთის არმია ჯერ თავდაცვით ბრძოლებში ერევა, შემდეგ კი - დასავლეთისკენ ძლიერ კონტრშეტევას იწყებს.

ასეთი სწავლებების ლეგენდები ძალიან წააგავს ერთმანეთს, მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს ძნელად წარმოსადგენია, ნატომ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს ბელარუსის წინააღმდეგ, პირიქით კი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართული რუსული სამხედრო საფრთხე ბევრად აქტუალურია, თუნდაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე რუსული არმიის შეჭრის სამწუხარო, მაგრამ რეალური უახლესი ისტორიიდან გამომდინარე...
ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "ზაპად-2021" წესით, 16 სექტემბერს უნდა დამთავრდეს და ბელარუსის ტერიტორიაზე სწავლების ფარგლებში გადასროლილი ათასობით რუსი სამხედრო და ასობით საბრძოლო ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე დააბრუნოს კრემლმა, მაგრამ დასავლეთში შიშობენ, რომ მოსკოვი იწყებს თავისი სამხედრო ბაზების შექმნას ბელარუსში, უშუალოდ ნატოს საზღვართან.

მას შემდეგ, რაც პუტინი ლუკაშენკოს დაეხმარა ხელისუფლების შენარჩუნებაში, ეს უკანასკნელი უფრო დამყოლი გახადა. ლუკაშენკო აღფრთოვანებული აცხადებს, რომ რუსეთი მას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდის. გასაგებია, რომ ბელარუსს ამ ძვირად ღირებული სამხედრო ტექნიკის ფასის გადახდა არ შეუძლია, სამაგიეროდ, კრემლი ითხოვს მოკავშირე, ერთობლივი სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც გასაგებია, ვინ ითამაშებს მთავარ როლს - პუტინი ლუკაშენკოს "ჩათრევით" ცდილობს, დაიწყოს ახალი იმპერიის შეკოწიწება, ხოლო ვისაც ბელარუსივით "მოფერებით" ვერ ჩაყლაპავს, მათთვის "მათრახი" ყოველთვის გამზადებული აქვს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები