აი, როგორ უნდა ტანკების "წერტილოვანი" განადგურება... - კვირის პალიტრა

აი, როგორ უნდა ტანკების "წერტილოვანი" განადგურება...

27 სექტემბერს, ყარაბაღის ბოლო ომის დაწყებიდან, ერთი წელი სრულდება და ამ 44 დღიან ომთან დაკავშირებით ახალ-ახალი ინფორმაცია მჟღავნდება.

აზერბაიჯანულმა მხარემ გამოაქვეყნა სომხების ტანკების "წერტილოვანი" აფეთქებების ახალი შთამბეჭდავი ვიდეორგოლი.

თითქოს ამაში რაიმე დიდი სიახლე არ უნდა ყოფილიყო, რადგან ერთი წლის წინაც წმინდა პროპაგანდისტული მიზნებით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ სისტემატურად გავრცელებულ ვიდეორგოლებში უხვად იყო წარმოდგენილი უპილოტო საფრენი აპარატებიდან ჩამოგდებული მინიატურული მართვადი ბომბებითა თუ რაკეტებით სომხური ტანკების თუ სხვა ჯავშანტექნიკის ზუსტად დაზიანების ვიდეოკადრები.

მაგრამ მაშინ მთავარი აქცენტი უპილოტო თურქულ "ბაირაკტარებზე" კეთდებოდა, რასაც ეტყობა წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, რომელსაც მთელ მსოფლიოსთვის უნდა დაენახვებინა ბაქოსა და ანკარის ერთობლიობა აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლებში.

გარდა ამისა "ბაირაკტარების" ასე "გაპიარებამ" დიდად შეუწყო ხელი ამ თურქული უპილოტოების გაყიდვების გაზრდას ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ამის გამო გარკვეულწილად ჩრდილში მოექცა "ჭკვიანი" იარაღის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც აზერბაიჯანის არმიამ თურქულ "ბაირაკტარამდე" ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე შეიძინა და 2016 წლის ოთხდღიან ომშიც ძალზე წარმატებით გამოიყენა კაპონირებში ჩამალული სომხური ტანკების ასაფეთქებლად. მიზანში ამოღებული ტანკი... ლაპარაკია ისრაელის წარმოების მესამე თაობის მართვად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებზე "სპაიკი".

ამ ბლოგის ავტორს ჯერ კიდევ 1999 წელს ჰქონდა საშუალება ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე, სადაც მაშინ პირველად გავიტანეთ ქართული იარაღის ნიმუშები, დეტალურად გასცნობოდა ისრაელის "სპაიკის" სისტემას.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ "კვირის პალიტრაში" წლების განმავლობაში არაერთი სტატია მივუძღვენი ქართული არმიის შეიარაღებაში მესამე თაობის, ანუ "გაისროლე-დაივიწყე" პრინციპით მოქმედი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიღების სასწრაფო აუცილებლობაზე...

შედეგი ის იყო, რომ აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგის მხოლოდ სამიოდე ტანკი თუ ავაფეთქეთ და ისინიც ჩვეულებრივი, ხელის ყუმბარსატყორცნებით და ფაქტობრივად არ გამოგვიყენებია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სისტემის მეორე თაობის "ფაგოტებით" საწყობები გქვონდა გადატენილი და მათი უმეტესობა ისევ რუსებმა წაიღეს ალაფის სახით, მათ შორის სენაკის სამხედრო ბაზიდან.

აზერბაიჯანელებმა კი იმავე აგვისტოს ომის ანალიზის შემდეგ ფული არ დაიშურეს ძვირი, მაგრამ მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის მქონე ისრაელის წარმოების მესამე თაობის "სპაიკების" სხვადასხვა ვარიანტების შესაძენად, რომლებმაც თავიანთი გადამწყვეტი სიტყვა თქვეს ყარაბაღის ბოლო, მესამე ომში. რუს ტანკისტებს ასეთი 'ქოლგების' იმედი აქვთ... ამერიკული "ჯაველინებისგან" განსხვავებით, რომელიც ასევე მესამე თაობას მიეკუთვნება და საბედნიეროდ უკვე მესამე წელია ქართული არმიის შეირაღებაშიც ირიცხება, ისრაელის "სპაიკის" კონკრეტულ მოდიფიკაციებს "გაისროლე-დაივიწყეს" ფუნქციის გარდა, ასევე აქვთ "გაისროლე და მართე" ფუნქციაც, ანუ თუკი გაშვებულ "ჯაველინის" რაკეტას ოპერატორი ვეღარ მართავს და რაკეტის სითბური დამიზნების სისტემა ტანკის კორპუსის ყველა გახურებულ და მაღალტემპერატურიან ადგილას-ძრავის ნაკვეთურში ხვდება ძირითადად, ისრელის "სპაიკის" გაშვების შემდეგ მართვისას ოპერატორს მისი გადამიზნება შეუძლია ერთი სამიზნიდან მეორეზე და რაკეტის ზუსტი მიმართვა ტანკის კოშკურის გაღებულ ლუკზეც კი...

ყარაბაღის ბოლო ომიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს თუ როგორ გადმოსცემს "სპაიკის" რაკეტის დამიზნების სისტემის ვიდეოკამერა მოწინააღმდეგის ტანკის ღია ლუკში დაუპატიჟებელი "სტუმრობის" მომენტს...

საქართველოსა და აზერბაიჯანის შეირაღებაში არსებული მესამე თაობის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები "ჯაველინები" და "სპაიკები" ჯერჯერობით კიდევ რჩებიან იმ საბჭოთა წარმოების ტანკების აფეთქების "უებარ" საშუალებად, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და სომხეთის არმიის არსენალშია.

თუმცა რუსი ტანკისტები ზემოდან პიკირებადი "ჯაველინებისგან" (რომლებიც უკვე უკრაინის არმიის შეირაღებაშიცაა) თავდასაცავად ნახევრადკუსტარულ "ქოლგებს" ადუღებენ თავიანთი ტანკების კუშკურებზე, რომლებმაც მათი გათვლით ადრეულად უნდა მოახდინოს "ჯაველინის" ქობინის ამოქმედება და კუმულაციური ჭავლის გაბნევა ტანკის კოშკურამდე მიღწევამდე...

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს