როდესაც ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ... 28 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

როდესაც ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ... 28 წლის შემდეგ

ცოტა ხნის წინ ჩემს სტუდენტებს, რომლებსაც გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მერვე წელია, ექსტრემალურ ჟურნალისტიკას ვუკითხავ, "ზუმის" საშუალებით მორიგ ლექციაზე ვუჩვენებდი აფხაზეთის ომის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მოვძებნე ინტერნეტში. სტუდენტებს ვუხსნიდი ომის ჟურნალისტის მოქმედების სპეციფიკას საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც ჟურნალისტმა მასალაც უნდა მოიპოვოს და ამასთანავე - ცოცხალი დარჩეს...

ერთ მომენტში ენა დამება, ორიოდე წუთი უხმოდ დავშტერებოდი კომპიუტერის ეკრანზე გამოსულ მორიგ ფოტოს...

სტუდენტები შეშფოდნენ, რა დაგემართათო...

თვალზე ცრემლი მომდგომოდა, რადგან უცნობ ფოტოზე მოულოდნელად ჩემი თავი ამოვიცანი... 28 წლის წინ აფხაზეთის ომში, სოხუმის დაკარგვის შემდეგ, როდესაც კოდორის ხეობაზე გადმოვდიოდით...

მეხსიერებაში დაიწყო იმ მძიმე დღეების ამოტივტივება. რაღაცები დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ ინტერნეტში მოულოდნელად ნანახმა ფოტომ ბევრი რამ გამახსენა, შემდეგ ფოტოს ავტორის გვარით იმ დღის კიდევ რამდენიმე ფოტოც მოვძებნე და მთელი სურათი თვალწინ აღდგა...

სოხუმიდან გამოსვლისა და მაჭარკის ხიდის დარაჯობის შემდეგ სხვებთან ერთად კოდორის ხეობაში ასვლამ და უღელტეხილზე გადმოსვლა მომიწია. უზარმაზარი სათვალეებითა და ახალი 'კამუფლიაჟით' ეტყობა 'სნაიპერის ოცნებას' წარმოვადგენდი...

უღელტეხილის 42 კმ რა ტანჯვით გადმოვიარეთ, სხვა საკითხია (განსაკუთრებით ის, რომ ახალგაზრდა კაცი ისე ხარ გასავათებული, შენ გვერდზე ძლივს მოსიარულე მოხუცსა და ბავშვს თითქმის ვერაფრით ეხმარები...), ჭუბერში მე ეტყობა ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან სამაშველო ორგანიზაცია "სანთელის" წამომადგენელი, ჩემი მეზობელი კოტე ციხისელი აღმოჩნდა და იმ ღამეს, როდესაც სხვა, უღელტეხილდაძლეულებს მიწაზე უწევდათ ღამის გათენება, მე სახლში შემიპატიჟეს, დამაპურეს და თეთრზეწრიან ლოგინზე დამაძინეს მაშინ, როდესაც სოხუმში ჩაფრენის დღიდან, 19 სექტემბრიდან, ძირითადად, იატაკებზე თუ მეძინა...

გათენდა და დევნილების ჭუბერიდან სატვირთო მანქანებით ზუგდიდისკენ გაყვანა დაიწყო. ვისაც ფორმა გვეცვა, ამ გზით ვერ ვისარგებლებდით, ზუგდიდს ზვიადისტები აკონტროლებდნენ და, გინდა თუ არა, ყველა ფორმიანი მათთვის მხედრიონელად ან გვარდიელად აღიქმებოდა, ამიტომაც სამხედრო ფორმიანების გაყვანა სვანეთის გზით ხდებოდა ქუთაისისკენ.

სახლში მომეჩქარებოდა, რადგან ჩემებს ერთი კვირა არ ვიყავი შეხმიანებული და შეიძლება ცოცხალი აღარც ვეგულებოდი, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა, როდესაც უკვე სატვირთო ავტომობილში ასვლას და სახლისკენ გამომგზავრებას ვაპირებდი.

"სანთელის" წარმომადგენელ ჩემს მეზობელს, რომლის ახლობლებმაც იმ ღამეს მეფურად მიმასპინძლეს, მივუბრუნდი, - ეხლა თქვენ შვეულმფრენით საკვების ჩატანას ხომ აპირებთ კოდორის ხეობაზე გადმომავალი გაჭირვებული დევნილებისთვის, მოდი, ჯობს, მე თქვენ გამოგვყვებით და ხეობის იმ ადგილას დაგასმევინებთ შვეულმფრენს, სადაც მომავლებს ყველაზე მეტად უჭირთ, სხვა თუ არაფერი, თავადაც ხომ გუშინ გადმოვიარე ეს უღელტეხილი-მეთქი.

მართლაც, აფრინდა შვეულმფრენი, სადაც "სანთელის" წარმომადგენლების გარდა, ორი უცხოელი ფოტოგრაფიც დაგვემგზავრა, შვეულმფრენის სალონი კი "ბუხანკა" პურებითა და "კილკას" თევზის კონსერვებით გვქონდა გავსებული.

კოდორის ხეობის ერთ მონაკვეთზე, სადაც შვეულმფრენის უსაფრთხოდ დასმა შეიძლებოდა, მივუთითე ეკიპაჟს, მშვიდობიანად დავეშვით, გადმოვტვირთეთ პურისა და კონსერვების ნაწილი (პროდუქტების ძირითადი ნაწილი საკენში უნდა ჩაგვეტანა) და გზის აღმართში მომავალ გაჭირვებულ დევნილებს ვთავაზობდით.

სწორედ ეს მომენტები დაუფიქსირებიათ იმ უცხოელ ფოტოგრაფებს, რომლებიც თან გვახლდნენ და ერთ ფოტოზე ამ ბლოგის ავტორიც აღბეჭდილა 24 წლის ასაკში...

ეხლა რომ ვუყურებ ჩემს 28 წლის წინანდელ ფოტოს, ცოტა მეცინება - ისეთი სათვალე მიკეთია, მუქი შუშებით, რომ "სნაიპერის ოცნებად" შეიძლება მონათლო, თანაც პირველი ქართული კამუფლირებული სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც სულ ახალი შეკერილი იყო და თავდაცვის სამინისტროს საწყობიდან სოხუმში გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე ავიღე, ასეთი ფორმა იმ მომენტში აფხაზეთის ომში მე მგონი, ბევრს კი არა, შეიძლება, არავის ეცვა და მინდოდა თუ არა, ჩემი ფიგურა, ასეთი ახალი კამუფლირებით, ძალიან გამოირჩეოდა, ძირითადად, "აფგანკებში" ჩაცმული ჩვენი მებრძოლებისგან, რაც კიდევ ერთი გარემოება შეიძლება გამხდარიყო მოწინააღმდეგის სნაიპერების ჩემზე სანადიროდ - გამორჩეული სამხედრო ფორმა აცვია, შეიძლება მეთაური იყოს და პირველ რიგშია გასანადგურებელიო...

იმ ორი უცხოელი ფოტოგრაფიდან ერთ-ერთს, მალკოლმ ლინტონს, ეტყობა, უნდა ვუმადლოდე, რომ ისტორიული ფოტო შემომინახა (არადა, აფხაზეთის მთელი ომის განმავლობაში თან მქონდა პატარა ფოტოაპარატი და ბევრ ფოტოებს ვიღებდი ჩემი გაზეთისთვის, "7 დღისთვის", მათ შორის, გუდაუთის აეროდრომზე, სამხედრო ტყვეების გაცვლისას, მაგრამ რატომღაც ვერიდებოდი საკუთარი თავის პოზიორობას, ასე რომ, იმ ომიდან სულ რამდენიმე ფოტო თუ დამრჩა), მაგრამ სწორედ ამ "ფოტოსესიის" დროს კინაღამ დიდ შარს გადაგვყარეს ამ ფოტოგრაფებმა.

პურისა და კონსერვის აღების მომენტის ფოტოგრაფირებისას ერთმა შეირაღებულმა ჯგუფმა კარგი გემრიელად გამოგვლანძღა და საკვებიც უკან მოგვიყარა - ჩვენ გაჭირვებას იღებთ და დაგვცინითო?!

ვემუდარე, მეც თქვენსავით გუშინ ფეხით გადმოვიარე კოდორის უღელტეხილი, მეც ასევე მიჭირდა და მშიოდა, პური მაინც აიღეთ, ჯერ წინ კიდევ დიდი გზა არის-მეთქი, მაგრამ ყური არ დაგვიგდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს