როდესაც "შენს" ტყვიას თვალს გააყოლებ... - კვირის პალიტრა

როდესაც "შენს" ტყვიას თვალს გააყოლებ...

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ის სიკვდილს ბეწვზე გადაურჩება და იმ დღეს თავის მეორედ დაბადებად თვლის...

ჩემთვის ასეთი 1992 წლის 11 ოქტომბერი აღმოჩნდა, როდესაც ტრასირებადმა ტყვიამ თავთან რამდენიმე სანტიმეტრში გაიწუილა, თუმცა თანმიმდევრობით ჯობს გავიხსენო.

1992 წლის 3 ოქტომბერს, გაგრის დაკარგვის შემდეგ, გაჩნდა იმის დიდი საფრთხე, რომ მოწინააღმდეგეს შეტევა გუმისთის ფრონტზეც წამოეწყო და სოხუმზე სხვადასხვა მიმართულებიდან იერიშები განეხორციელებინა.

ქართველ მენაღმეთა ჯგუფთან ერთად, რომელსაც პოლკოვნიკი კარლენ კალანდაძე მეთაურობდა, ცხინვალის რეგიონიდან, ზემო ნიქოზის ქართული სამშვიდობო ბატალიონიდან თბილისში სასწრაფოდ ჩამოვედით და სოხუმში გადავფრინდით, თან ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარკვეული მარაგიც გავიყოლიეთ ხელთ. სხვათა შორის, რამდენიმე ათეული ათასი სხვადასხვა ტიპის ნაღმი რუსმა სამხედროებმა გადმოგვცეს, ჯერ კიდევ 1992 წლის 13-14 აგვისტოს, ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში არსებული უზარმაზარი საინჟინრო საწყობიდან და მათ თვლით გადმობარებას დიდი დრო შევალიეთ და ბლომად ოფლიც დავღვარეთ.

სოხუმში 5 ოქტომბერს ჩავფრინდით და ჩვენი მენაღმეები მაშინვე საქმეს შეუდგნენ.

სოხუმის სარკინიგზო დეპოში სამგზავრო ვაგონების შემადგენლობა შედგა, რომელიც თბომავალმა გუმისთაზე გამავალ სარკინიგზო ხიდზე შეიყვანა და ამით ჩაიხერგა სავარაუდო შემოტევის ეს მიმართულება, რადგან დაზვერვას ინფორმაცია ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგეს იმპოვიზირებული ჯავშანმატარებლის გამოყენება შეიძლება ეცადა.

ხიდის ჩამხერგავი სამგზავრო ვაგონები "სიურპიზებით" იყო დახუნძლული. ჩვენმა მენაღმეებმა არ დაიზარეს, რათა მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფს უბრალო გასეირნებად არ მოჩვენებოდა მათში შეღწევა...

მაგრამ რად გინდა? დილას ვიგებთ, რომ ჩვენივე დადებულ ერთ-ერთ "სიურპრიზზე", თურმე, ის ჩვენი მებრძოლი აფეთქებულა - სციოდა და ვაგონში გათბობა მომინდაო...

რკინიგზის ხიდის გარდა, საავტომობილო ხიდიც დაინაღმა, მაგრამ, ასევე, საჭირო იყო მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროს იმ მონაკვეთების დანაღმვა, სადაც მოწინააღმდეგე შეტევის დროს მდინარეზე, ფონზე გამოსვლას შეეცდებოდა. რეკოგნოსცირების მიზნით, "ბმპ-1"-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანით მისვლა გადავწყვიტეთ ფრონტის წინა ხაზზე, მაგრამ ჯავშანმანქანის სადესანტო ნაკვეთურის უკანა, ორი კარიდან მხოლოდ ერთი იღებოდა, სადაც მენაღმეები განთავსდნენ და ნაღმების მარაგიც განათავსეს, მე კი, როგორც "დიდი მხედართმთავარი", ამაყად ჩავჯექი მეთაურის ლუკში, მძღოლ-მექანიკოსის უკან.

შევდივართ პოზიციაზე და უცბად ავტომატიანი კაცი გადაგვიხტა წინ - რას შვრებით? ათიოდე მეტრიც და ჩვენს მიერ დადებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე შედგებოდითო... ამოვისუნთქეთ, მივადექით არცთუ მაღალ მიწაყრილს, რომელზეც სათოფურების მაგვარეები იყო ამოჭრილი და მებრძოლი, ძალიან თუ არ გაიშლებოდა მხრებში, ეს მიწაყრილი, ასე თუ ისე, ფარავდა მოწინააღმდეგისგან, რომლის პოზიციები ბევრად მომგებიან, გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე, უფრო შემაღლებულ ადგილზე იყო განთავსებული.

ეს ჩემი მენაღმეები კი გამოძვრნენ "ბმპ"-ს სადესანტო ნაკვეთურის უკანა მხრიდან, მიწაყრილის საფარქვეშ, მე კი ამაყად ამოვყავი თავი საბრძოლო მანქანის მეთაურის ლუკიდან თუ არა, თავიდან რამდენიმე სანტიმეტრში, მოყვითალოდ თუ მოწითალოდ რაღაცამ ჩამიშხუილა...

სანამ გავიაზრებდი, მიწაყრილ ამოფარებულებმა ერთი გემრიელდ შემიკურთხეს - თავი სასწრაფოდ ჩაჰყავიო...

ომში პირველად არ ვიყავი, ცხინვალთან 1992 წლის გაზაფხულზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები უკვე გავლილი მქონდა თამარაშენსა თუ ერედვში, ხოლო ერთ მომენტში, საერთოდ, ბეწვის ხიდზეც ვიდექით, როდესაც ცხინვალის გამოსასვლელში, შანჰაის დასახლებასთან (ზუსტად იქ, სადაც აფეთქებული "ბრდმ-2" ეგდო, ზედ რუსული წარწერით -  "თბილისზე.შამილ ბასაევი."), ზემო ნიქოზისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი "რაფის" "სასწრაფო" ოსების "ომონმა" გააჩერა, ალყა დაგვარტყა და ავტომატები მოგვიშვირა ჩვენც გავყავით ფანჯრებიდან "კალაშნიკოვები" და გადავტენეთ ("რაფის" მარცხენა, ბოლო სკამთან, რომელზეც ვიჯექი, ფანჯარა კი იწეოდა, მაგრამ ყველასი - არა). რამდენიმე წუთი ასე, გადატენილი "ავტომატებით" ვუმზერდით ერთმანეთს, სანამ ჩვენი და ოსების მეთაურებმა საქმე არ გაარკვიეს - სხვა თუ არაფერი, ჩვენ ქართული სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლები ვიყავით, რომლებიც ოფიციალურად ვმოძრაობდით ცხინვალში. ისე კი, ვინმეს ნერვები რომ არ ჰყოფნოდა, იქ დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. შეიძლება, რამდენიმე გასროლა კი მოგვესწრო, მაგრამ უმოწყალოდ ჩაგვცხრილავდნენ, რადგან ჩვენ ერთ მანქანაში ვიყავით შეჯგუფულნი, ისინი კი მეტად იყვნენ გაშლილნი მანქანის გარშემო...

ჩვენ კი ავცდით, მაგრამ მალევე, 13 აგვისტოს, ასე ჩაცხრილეს ქართული სამშვიდობო ბატალიონი "ურალი" და დახოცილ ბიჭებს გულებიც კი ამოუღეს...

დავუბრუნდები გუმისთის ფრონტს...

"ბმპ"-ს მეთაურის ლუკში თავის ჩაწევა კი მოვასწარი, მაგრამ, არ გინდა გარეთ გამოსვლა? მოწინააღმდეგის სნაიპერი ეტყობა მდარაჯობს, მას ზუსტ დამიზნებას ისიც უადვილებს, რომ ისედაც დაბალ მიწაყრილს მიმდგარ "ბმპ"-ს კორპუსს და, მით უმეტეს, მის სახურავს, ეს მიწაყრილი ვეღარ ეფარება და ლუკიდან თავის ამოყოფა მტრის სნაიპერული "სვდ"-ს ოპტიკურ სამიზნეში "თავის შეყოფის" ტოლფასია...

თანაც, უკვე მეორე საფრთხეც ემატება - მოწინააღმდეგემ შეიძლება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი "ფაგოტიც" გამოუშვას, რომლის ოპერატორისთვის 6,7 მ სიგრძისა და ორ მეტრზე მეტი სიმაღლის "ბმპ"-ს კორპუსი მშვენიერი სამიზნეა, ხოლო რა შეუძლია გაუკეთოს ტანკსაწინააღმდეგო "ფაგოტმა" "ბმპ"-ს, წარმოდგენაც არ მინდა (1992 წლის დეკემბრის ბოლოს მომიწია სწორედ გუმისთის პირას "ფაგოტით" აფეთქებული რუსთავის ბატალიონის "ბმპ"-დან მოხსნილი ტყვიამფრქვევის თბილისამდე თრევა).

დრო არ ითმენს, გამოსავალს იმაში ვპოულობ, რომ მეთაურის ადგილიდან რაღაცნაირად გადავძვერი წინ, მძღოლ-მექანიკოსის სკამზე (აი, რას ნიშნავს ახალგაზრდობა და მინუს - რამდენიმე ათეული კგ-ი, არ დავაზუსტებ...) და ლუკიდან ელვისუსწრაფესად ამოვძვერი.

გასროლა აღარ განმეორებულა, მოწინააღმდეგის სნაიპერი, ალბათ, არ ელოდება ჩემს ამოძრომას სხვა ლუკიდან და მომენტი "გამაზა".

ის დღე ეიფორიაში ვიყავი. გადავრჩი, თუმცა მაინც ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, მართლაც რას ნიშნავდა თავთან რამდენიმე სანტიმეტრში ჩაქროლილი ტრასირებადი ტყვია...

ისე, ის ტყვია ტრასირებადი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ვერც მივმხვდარიყავი, რომ მოწინააღმდეგის სნაიპერის სამიზნეში ვზივარ, არ მეჩქარა ლუკში ჩახტომა და მეორე-მესამე ტყვიის ლუკმა გავმხდარიყავი...

ის დღე - 1992 წლის 11 ოქტომბერი ამით არ დამთავრებულა. საპარლამენტო არჩევნები იყო, პირველი მას შემდეგ, რაც გამსახურდიას ხელისუფლება იქნა დამხობილი და სოხუმში საარჩევნო უბნების დათვალიერებამაც მომიწია, მაგრამ ჩემი პირადი სიხარული დღის ბოლოს მაინც ჩამიმწარდა - მოწინააღმდეგემ სწორედ ეშერის რაიონში, სადაც მე მანამდე მტრის ტყვია ამცდა, ჩამოაგდო ჩვენი პირველი "სუ-25" - მოიერიშე თვითმფრინავი და კატაპულტირებული მფრინავის - სლავა ჯაბუას შემდგომი ბედი დღემდე, სამწუხაროდ, უცნობი რჩება...

პ.ს. 1992 წლის 11 ოქტომბერს გუმისთის პირას მტრის ტყვიის აცილების შეგრძნება, ჩემდა სამწუხაროდ, 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის" წინ ახლებურად განვიცადე, როდესაც ჩემივე თანამემამულე სპეცრაზმელის ნასროლი ტყვია მაშინდელივით კი არ ამცდა, არამედ - პირდაპირ კისერში მომხვდა... კიდევ კარგი, რეზინის იყო, მაგრამ კისერზე მეტად გულში დავიჭერი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს