პენტაგონს ის შეუძლია, რასაც ნატო დღემდე ვერ ბედავს... - კვირის პალიტრა

პენტაგონს ის შეუძლია, რასაც ნატო დღემდე ვერ ბედავს...

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, იგივე თავდაცვის მინისტრისა თუ, უბრალოდ, პენტაგონის შეფის - ლოიდ ოსტინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის შედეგებს თბილისში ორივე მხარემ - აშშ-მა და საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მისცა.

გარდა იმისა, რომ ჩვენი ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური იმიჯის გასაუმჯობესებლად.

რადიკალური ოპოზიციური ძალების ზოგიერთი ლიდერი ძველი კავშირების გამოყენებით აქტიურად ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტები, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საქართველო დაღუპვისკენ მიჰყავს და მან გადაუხვია დასავლეთისკენ მიმავალ გზას. აშშ-ის ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსის ოფიციალური ვიზიტი თბილისში და შემდგომი დადებითი შეფასებები თავად ამერიკული მხრიდან, მნიშვნელოვნად აქარწყლებს ოპოზიციის მცდელობას, სახელი გაუტეხოს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების თვალში.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის (რომლის დეტალები, გასაგები მიზეზების გამო, არ კონკრეტდება) შემდგომი გაღრმავება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და, ამასთანავე, მსოფლიოს უპირველეს ზესახელმწიფოსთან - აშშ-სთან კვლავ აჩენს ჩვენი ქვეყნის მომავალი გაძლიერების გარკვეულ იმედებს ანუ იმას, რაც ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენდა სამწუხაროდ (შეიძლება მომავალში აღმოჩნდეს, რომ თავად ნატოსთვისაც - სამწუხაროდ), უკვე გულისამრევ (ბოდიში ასეთი შეფასებისთვის) დაპირებებად რჩება... ანუ პენტაგონს ის შეუძლია, რასაც ნატო დღემდე ვერ ბედავს და ეტყობა კიდევ დიდხანს ვერც გაბედავს - აღმოსავლეთისკენ თამამად გაფართოებას და საქართველო-უკრაინის თავის რიგებში მიღებას.

ნატოს წევრი 30-ვე ქვეყნის დასტურია იმისთვის საჭირო, რომ საქართველო ალიანსმა თავის რიგებში მიიღოს, მაგრამ ეს თუ აქამდე არ მოხდა, შედარებით სუსტი რუსეთის ფაქტორის გათვალისწინების გამო, ეს, სამწუხაროდ, ვერც უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე ევროპის "დასმის" შემდეგ, ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა პუტინის კრემლზე იქნება "ჩამოკიდებული" და იგივე გერმანიისა თუ იტალიის ხელისუფლება არაფრით წავა იმაზე, რომ, საქართველოს ნატოში მიღების სანაცვლოდ, რუსეთმა მათ ამომრჩეველს ბუნებრივი აირი ერთი დღით მაინც გადაუკეტოს გაზის ქურებში...

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ნატოში გაწევრების ბუნდოვან პერსპექტივაზე (მიუხედავად ნატოს "გაღებული კარისა") მეტად მომხიბვლელად მოჩანს "ძირითადი მოკავშირე ნატოს გარეთ" ( Major Non-NATO ანუ MNNA) სტატუსის მიღება, რომლითაც დღეს აშშ-ის 17, ნატოს არაწევრი, მოკავშირე სარგებლობს.

ამ ქვეყნებს შორისაა ისრაელი, იაპონია, ავსტრალია, ეგვიპტე, სამხრეთ კორეა, იორდანია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, ქუვეითი, მაროკო, პაკისტანი, ავღანეთი (ამ ქვეყნის სათავეში თალიბების დაბრუნების შემდეგ თეთრმა სახლმა ავღანეთს ეს სტატუსი, ბუნებრივია, შეუჩერა), ტუნისი და ბრაზილია.

ამერიკელებმა გულზე ხელი რომ დაიდონ, ზემოთ ჩამოთვლილი, მათი პარტნიორი 17 ქვეყნიდან ზოგიერთზე ბევრად მეტი თანადგომა აშშ-ისთვის ერაყისა და მით უმეტეს - ავღანეთის მრავალწლიან საომარ კამპანიებში სწორედ ჩვენს საქართველოს გაუწევია, ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილი ჩვენი სამხედროს სახით...

რას იძლევა აშშ-სთან "ძირითადი მოკავშირე ნატოს გარეთ" სტატუსი?

თითქმის ყველაფერს, პრიორიტეტული სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის სახით აშშ-სთან, თუმცა არ ითვალისწინებს ჩვენთვის უმთავრესს - კოლექტიურ თავდაცვას ანუ სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, ავტომატურად აშშ-ის მხრიდან ჯარის დახმარებას, მარტივად,რომ ვთქვათ...

ანუ იმას, პრინციპში, რისთვისაც ასე ვწვალობთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვის ამდენი ხანია...

მაგრამ სწორედ ეს "კოლექტიური უსაფრთხოების" პარაგრაფი ამუხრუჭებს ნატოს იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა თავის სრულფასოვან წევრებად მიიღოს, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა მისი ძირითადი წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ვერ მიიღებს კარდინალურ გადაწყვეტილებას სამხედრო ძალით დაეხმაროს საქართველოსა და უკრაინას, რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში...

საკუთარი უძლურობის შენიღბვა დიპლომატიური ენით კი ასე გამოიხატება - საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები და ნატოს კარი მათთვის ღიაა, მაგრამ როდესაც ამისთვის მზად იქნებიანო...

უკრაინისა რა გითხრათ, მაგრამ ნატომ ბოლო წლებში ისეთი ქვეყნები მიიღო თავის რიგებში, სადაც დემოკრატია საქართველოზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია და ქართული არმიაც ბევრადაა მიახლოებული ნატოს სტანდარტებთან, ვიდრე, მაგალითად, იმავე ალბანეთის შეირაღებული ძალები...

ნატოში გაწევრების არ იყოს, აშშ-ის "ძირითადი მოკავშირე ნატოს გარეთ" სტატუსის მიღების კანდიდატი საქართველო ჯერ კიდევ 2008 წელს გახდა, თუმცა მას შემდეგ, სამწუხაროდ, წინსვლა არ ყოფილა, მაგრამ თუკი ნატოში მიღებისთვის მისი წევრი 30-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ნატოს გარეთ აშშ-ის ძირითად მოკავშირედ აღიარებას საქართველოს ხელისუფლების თხოვნის შემდეგ ხომ მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება კონგრესის მიმართვის საფუძველზე?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს