ბოლდუინს ტყვია არ გაუსვრია?! მაშინ რამ გამოიწვია ტრაგედია ჰოლივუდის კინოს გადაღების დროს? - კვირის პალიტრა

ბოლდუინს ტყვია არ გაუსვრია?! მაშინ რამ გამოიწვია ტრაგედია ჰოლივუდის კინოს გადაღების დროს?

ჰოლივუდის ერთ-ერთი ვარსკვლავი ალეკ ბოლდუინი დიდ ტრაგედიაში გაეხვა მას შემდეგ, რაც ვესტერნის ჟანრის ფილმის ღუსტ ("ჟანგი")-ის კადრების გადაღებისას სცენარის მიხედვით იარაღიდან კამერის მიმართულებით ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა ოპერატორი ქალი, რეჟისორი კი დაიჭრა...

ფაქტია, რომ მსახიობ ბოლდუინს წინასწარგანზრახულად არავის მოკვლა და დაჭრა არ უნდოდა და მან გაისროლა იმ იარაღიდან, რომელიც რეკვიზიტში იყო და მას თანაშემწემ მიაწოდა კადრის გადაღების წინ, ამიტომაც ბოლდუინის, როგორც მსახიობის დადანაშაულება შეუძლებელია, თუმცა ის ამასთანავე ამ ფილმის თანაპროდიუსერი იყო (იყო იმიტომ, რომ დიდი ალბათობით ამ ფილმს აღარ დაასრულებენ) და გარკვეულწილად პასუხს აგებდა ფილმის გადაღების პროცესზე, მათ შორის უსაფრთხოების წესების უზრუნველმყოფი მაღალპროფესიონალური ჯგუფის დაქირავებაზეც.

ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს გამოძიება ჯერ კიდევ არ აკონკრეტებს იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტიპს, რომლიდანაც გასროლამ დაატრიალა ეს ტრაგედია, მაგრამ გამომდინარე ფილმის სცენარიდან, სადაც მოქმედება 1880-იან წლებში, "ველურ დასავლეთში" ხდება, ეს იარაღი დიდი ალბათობით, რევოლვერია ან შაშხანა.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღებისას სისტემატურად და ფართოდ გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღი, ოღონდ გასროლებები ფუჭი ვაზნების გამოყენებით ხდება.

ფუჭი ვაზნა საბრძოლოსგან იმით განსხვავდება, რომ ვაზნას ერთი მთავარი კომპონენტი - ტყვია აკლია და ის კაფსულიან მასრაში ჩაყრილი დენთით შემოიფარგლება. დენთი მასრიდან, რომ არ გადმოიყაროს, მასრის თავს მსუბუქი მასალით ხუფავენ, რომელიც გასროლის მომენტში ლულაშივე იშლება.

მიუხედავად ამისა, ფუჭი ვაზნით გასროლისას მცირე საფრთხე მაინც არსებობს, თუკი იარაღის ლულა ადამიანის სხეულთან ახლოსაა მიტანილი - გასროლისას წარმოქმნილი დამწვარი დენთის მაღალწნევიანი აირების ნაკადმა შეიძლება ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ფუჭი თუ საბრძოლო ვაზნა?

მაგრამ ბოლდუინის ტრაგედიაში გასროლისას ლულიდან გამოსულმა საგანმა ჯერ ოპერატორის მხარში გაიარა და შემდეგ მოხვდა რეჟისორს, მაგრამ იყო კი ეს ტყვია, ამ სიტყვის ზუსტი განმარტებით?

კადრის გადაღების წინ, როდესაც თანაშემწემ ბოლდუინის გმირს დატენილი იარაღი მიაწოდა, წესის თანახმად ხმამაღლა დაიყვირა - "ცივი იარაღი", რაც იარაღში ფუჭი ვაზნის არსებობის დამადასტურებელი იყო და გასროლისას, მხოლოდ ხმა და ლულიდან ცეცხლის ალის გამოტყორცნის ეფექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი ადამიანი დაიღუპა და მეორე დაიჭრა მხოლოდ ერთი გასროლით, მაშინ რა მოხდა?

შეიძლება იმის დაშვება, რომ თანაშემწემ ფატალური შეცდომა დაუშვა და იარაღი ფუჭის ნაცვლად საბრძოლო ვაზნით დატენა, მაგრამ ეს ორი ვაზნა ვიზუალურად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამასთან გადასაღებ მოედანზე წესით არ უნდა ყოფილიყო საბრძოლო ვაზნები.

მეორე ვერსია კი ასეთია - იარაღი თანაშემწემ მართლაც ფუჭი ვაზნით დატენა და ბოლდუინმაც სწორედ ფუჭი ვაზნიდან გაისროლა, მაგრამ ოპერატორის დაღუპვა და რეჟისორის დაჭრა გამოიწვია იმ საგანმა, რომელიც სავარაუდოდ წინა გასროლიდან ჩარჩენილი იყო იარაღის ლულაში და ფუჭი ვაზნის ამოქმედებისას წარმოქმნილმა დამწვარი დენთის წნევამ ლულიდან გასტყორცნა... ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორი გალინა ჰატჩინსი

სწორედ ასეთი ტრაგედია დატრიალდა 1993 წლის 31 მარტს ფილმ "ყვავის" გადაღების დროს, როდესაც ლეგენდარული ბრიუს ლის შვილი - ბრენდორი 44 კალიბრის რევოლვერიდან გასროლას შეეწირა იმიტომ, რომ ლულაში წინა გასროლიდან გაჭედილი ტყვიის ნაწილი ვერ შეამჩნია პიროტექნიკოსმა და ფუჭი ვაზნის ამოქმედებისას ის ლულიდან გამოიტყორცნა...

დაჭრილი რეჟისორის სხეულიდან ამოღებული დამაზიანებელი საგნის დეტალური შესწავლა ნათელს მოჰფენს თუ რომელი ვერსიაა სწორი - ბოლდუინს საბრძოლო ვაზნით დატენილი იარაღი შეცდომით ან წინასწარგანზრახულად მიაწოდეს, თუ მან მართლაც ფუჭი ვაზნიდან გაისროლა და იარაღის ლულაში ჩარჩენილი რაიმე საგანი გამოიტყორცნა, რამაც ასეთი დიდი ტრაგედია დაატრიალა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს