პუტინ-კადიროვის სპეცრაზმელები "მეწამული ბერეტებისთვის" ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ - კვირის პალიტრა

პუტინ-კადიროვის სპეცრაზმელები "მეწამული ბერეტებისთვის" ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ

ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს არაერთხელ შეუფიცავს მისთვის "დიდი", რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის "ერთგული ჯარისკაცობა" და ამით ძალზე ამაყობს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ამ, ორი პრეზიდენტის არანაკლებ ერთგულმა სპეცრაზმელებმა ერთმანეთი კინაღამ დახოცეს და ურთიერთშუღლი კიდევ უფრო გაუძლიერდათ.

რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ფედერაციის ყველა ის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, შინაგან ჯარებთან ერთად, ერთ, ახალ ძალოვან სტრუქტურაში - "როსგვარდიაში" გააერთიანა და მას სათავეში თავისი ყოფილი მცველი - ვიქტორ ზოლოტოვი ჩაუყენა.

რუსეთის შიდაპოლიტიკურ ბატალიებში ნაკლებად ჩახედულებისთვისაც კი ნათელი გახდა, რომ "როსგვარდიის" შექმნით პუტინმა "მინიარმია" დაიყენა წინ, პირადი უსაფრთხოების გასამტკიცებლად, ასევე - მშვიდობიანი მიტინგების დასაშლელ-დასარბევად.

"როსგვარდიაში" შემავალ ყოფილ შინაგან ჯარებს ტრადიციად ჰქონდათ სპეციალური შეჯიბრების მოწყობა, სადაც გამარჯვებულ მებრძოლს "მეწამულ ბერეტს" საზეიმოდ გადასცემდნენ.

"მეწამული ბერეტი" რაიმე, განსაკუთრებულ პრივილეგიას არ აძლევს მის მფლობელს, თუმცა ასეთი ბერეტის ტარება დიდად პრესტიჟულად ითვლება.

"მეწამული ბერეტის" მოსაპოვებლად მებრძოლმა ძალიან რთული გამოცდა უნდა გაიაროს - 10 კმ-იანი მარში სრული საბრძოლო ეკიპირებით,სიმაღლის დალაშქვრა შენობაზე ასვლისა და ბაგირზე ჩამოშვების სახით, საცეცხლე მომზადება და, თუ ყველაფერ ამას გაუძლო, ბოლოს - ხელჩართული ბრძოლა წესების გარეშე "მეწამული ბერეტის" უკვე მფლობელ და ბევრად გამოცდილ თანამებრძოლთან.

გამოცდას "მეწამული ბერეტის" მისაღებად თავდაპირველი მონაწილეების 10-15 პროცენტი თუ აბარებს, ხოლო ფინიშზე წესების გარეშე ბრძოლის დროს, მონაწილეთა დაღუპვის რამდენიმე შემთხვევაც მოხდა.

და, წარმოიდგინეთ, როდესაც ასეთი დაძაბული სიტუაციაა მარშზე, მისი მონაწილეები ხედავენ, რომ მათ გვერდზე სტარტაღებულებსა და უკვე ქანცგაწყვეტილებს, უკნიდან ძვირად ღირებული შავი "ჯიპები" ეწევიან, მათ მანქანებში სვამენ და რამდენიმე კმ-ის შემდეგ ისევ ტრასაზე აბრუნებენ, თითქოს, ეს მანძილი ფეხით დაფარეს...

როგორც მაშინვე გაირკვა, "ჯიპწამოწეულები" ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან ყოფილან, რომელთა შორის თავად კადიროვის ახლო ნათესავიც იყო...

მარშის მონაწილე სხვა, ძირითადად, რუსი ეროვნების სპეცრაზმელებმა კატეგორიულად მოითხოვეს "ჯიპწამოწეული" ჩეჩნების მოხსნა შეჯიბრებიდან, საქმე ხელჩართულ დაპირისპირებასა და ჰაერში ავტომატების ჯერების დაცლამდეც კი მივიდა, მაგრამ საბოლოო შედეგად იმ ჩეჩნებსაც დაურიგეს "მეწამული ბერეტები", ვინც მხილებულნი იქნენ ტყუილსა და შეჯიბრების წესების სერიოზულ დარღვევაში. 'მეწამული ბერეტებისთვის' რთულ შეჯიბრში ჩეჩენი მონაწილეები ჯიპებით 'გაასეირნეს'...

რა თქმა უნდა, აქაც კადიროვის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, მაგრამ რუს და ჩეჩენ სპეცრაზმელებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა...

არც რუს ოფიცრებს ავიწყდებად, რომ ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში მათ სწორედ ის ჩეჩნები ებრძოდნენ, ვინც დღეს კადიროვის "არმიას" წარმოადგენს და არც ჩეჩნებს მივიწყებიათ ამავე რუსი ოფიცრების მიერ გადამწვარი ჩეჩნური აულები, მაგრამ პუტინ-კადიროვის დუეტი ჯერჯერობით მყიფე წონასწორობას ინარჩუნებს - კრემლი ერთგვარ გამოსასყიდს უხდის კადიროვს ჩეჩნეთის დასაშოშმინებლად, მაგრამ ეს მოჩვენებითი მშვიდობა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ხუხულასავით ჩამოიშალოს, რისი ერთგვარი რეპეტიცია გამოჩნდა რუს და ჩეჩენ სპეცრაზმელებს შორის "მეწამული ბერეტებისთვის" დაძაბულ შეჯიბრში...

რუსეთისა და მისი ნაწილის - ჩეჩნეთის უშუალო მეზობლობა საქართველოს უახლეს ისტორიაში (ლეკიანობას რომ თავი გავანებოთ) არაერთხელ გამხდარა დიდი პრობლემა, გინდ აფხაზეთის და გინდაც აგვისტოს ომების დროს, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები სწორედ შეირაღებული ჩეჩნების რაზმებს იყენებდნენ ქართულ მიწაზე შემოტევების ავანგარდში.

"პუტინის ჯარისკაცის" - კადიროვის პირად დაქვემდებარებაში არსებული, თითქმის ორ ათეულათასიანი შეირაღებული დაჯგუფება დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მეზობლებისთვის, რაც უკრაინამაც გამოსცადა თავის თავზე 2014 წლიდან.

ამიტომაც აუცილებელია დაკვირვება, რა პროცესები ხორციელდება მეზობელ ჩეჩნეთში და საითკენ მიდის პუტინ-კადიროვის ურთიერთობა - შეასრულებს თუ არა კადიროვი მის ნებისმიერ ბრძანებას ან რას მოიმოქმედებს იგი, თუკი პუტინი უზომოდ გაძლიერებული კადიროვის ჩანაცვლებას მოინდომებს, თავისი ძალოვნების გასახარად, რომლებსაც კადიროვის წინაშე კუდის ქიცინი მოსწყინდათ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს