დაიწყო: უკრაინელებმა თურქული დრონიდან რუსული ჰაუბიცა ააფეთქეს... - კვირის პალიტრა

დაიწყო: უკრაინელებმა თურქული დრონიდან რუსული ჰაუბიცა ააფეთქეს...

ზოგჯერ ერთ უმნიშვნელო გასროლასაც ისტორიული შეფასება ეძლევა.

მართალია, ეს ფაქტი ვერ შეედრება 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში, ბოსნიელი სერბის - გავრილო პრინციპის მიერ პისტოლეტიდან ორ გასროლას, რომელსაც ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი - ფრანც ფერდინანდი შეეწირა, მეუღლესთან ერთად, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების ფორმალურ საბაბად იქცა, მაგრამ მასაც შეიძლება უახლოეს მომავალში სერიოზული გაგრძელება ჰქონდეს...

მოკლედ, უკრაინელმა სამხედროებმა ზუსტი საჰაერო დარტყმით დონბასში პრორუსული ძალების ჰაუბიცა დააზიანეს.

მერე რაო, იტყვის მკითხველი და, ერთი მხრივ, მართალიც იქნება - უკრაინის აღმოსავლეთში 2014 წლიდან ომი მიდის და ჰაუბიცის გარდა ასობით ტანკი და ჯავშანტრასპორტიორია აფეთქებული, რამდენიმე ათეული თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოგდებული, მერე რა მოხდა?

მოხდა ის, რომ უკრაინელებმა რუსი არტილერისტების პოზიციას წერტილოვანი საჰაერო დარტყმა... პირველად მიაყენეს, თურქული უპილოტო საფრენი აპარატიდან - "ბაირაკტარიდან" ანუ უკრაინამ დაიწყო იმ საბრძოლო ტაქტიკის გაგრძელება, რასაც ზუსტად ერთი წლის წინ ძალზე წარმატებით იყენებდა აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ყარაბაღის ბოლო ომში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინამ თურქეთისგან დაჩქარებულ ტემპში შეიძინა Bayraktar TB2 ტიპის უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი საფრენი აპარატების ექვსი კომპლექტი სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, ხოლო მოგვიანებით - ამდენივე თურქული დრონი უკვე სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის.

უფრო მეტიც, ზელენსკისა და ერდოღანის ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს "ბაირაკტარების" უკრაინაში სერიულად აწყობის ახლო პერსპექტივაც. Bayraktar TB2 ლაზერული დამიზნების მართვად მინი-ბომბს აგდებს

უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ რუს არტილერისტებს მარიუპოლის რაიონში, სოფელ გრანიტნოესთან ღია საცეცხლე პოზიციაზე გამოყვანილი ჰყავთ 122 მმ კალიბრის Д-30 ტიპის სამი ჰაუბიცა, რაც მინსკის ხელშეკრულების უხეში დარღვევაა.

სამიდან შუა ჰაუბიცასთან მოფუსფუსე სამ რუს არტილერისტს უპილოტო "ბაირაკტარის" ვიდეოკამერა უპრობლემოდ აფიქსირებს ათ კმ-ზე მეტი მანძილიდან, ისე, რომ რუსი სამხედროები აზრზე არ არიან და ჰაუბიციდან ერთ-ორ მეტრში მოულოდნელად ფეთქდება "ბაირაკტარიდან" ჩამოგდებული ლაზერული დამიზნების მინიბომბი ან მინირაკეტა...

ერთი ეგაა, რომ რუსი არტილერისტები ომში გამოცდილები აღმოჩნდნენ და აფეთქებამდე ერთი-ორი წამით ასწრებენ მიწაზე დაწოლას, ეტყობა, მოახლოებული ბომბის ან რაკეტის ხმა გაიგეს. აფეთქების შემდეგ სამივე ზეზე ხტება და თავქუდმოგლეჯილი გარბის, თუმცა თავად ჰაუბიცა, დიდი ალბათობით, მწყობრიდანაა გამოყვანილი.

ეს იყო უკრაინის არმიის მიერ ნატოს წევრი თურქეთისგან ნაყიდი "ჭკვიანი" იარაღის პირველი, მეტწილად წარმატებული საბრძოლო ნათლობა, სწორედ იმ თურქეთისგან ნაყიდი, რომლის პრეზიდენტ ერდოღანთან რუსი კოლეგა პუტინი ბოლო რამდენიმე წელია, რთულ და ჩახლართულ სამხედრო-პოლიტიკურ თამაშს აწარმოებს მთავარი მიზნის მისაღწევად - თურქეთი რამენაირად ჩამოაშოროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. რუსი არტილერისტების Д-30 ჰაუბიცები საცეცხლე პოზიციაზე

კრემლმა ნაწილობრივ მოახერხა ანკარის დაპირისპირება ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, მაგრამ პრეზიდენტი ერდოღანი იმის ჩიტი არ არის, რუსულ ხაფანგში ბოლომდე შეჰყოს თავი - ანკარა თავის პოლიტიკურ თამაშს აწარმოებს სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაშიც და თურქეთი არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და ყირიმის "სტატუსებს".

უკრაინელებისთვის ასეთი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური შეიარაღების მიყიდვა, რა თქმა უნდა, იწვევს კრემლის ბინადართა განრისხებას, მაგრამ პუტინი ერდოღანთან ურთიერთობების გაფუჭებას ჯერჯერობით არ დაუშვებს - ფსონზე უფრო მეტია დადებულია, ვიდრე რამდენიმე, თუნდაც "ჭკვიანი" დრონი - ერდოღანის სერიოზული პოლიტიკური ამბიციების გასაძლიერებლად კა-გე-ბეს "სკოლადამთავრებული" პუტინი შეიძლება, კიდევ ბევრ ტაქტიკურ დათმობაზე წავიდეს, რათა საბოლოოდ ჩატეხოს ხიდი თურქეთ-დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაში...

იხილეთ ვიდეო: უკრაინელების მიერ "ბაირაკტარიდან" რუსული ჰაუბიცის პირველად აფეთქების ვიდეოკადრები

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს