ალეკ ბოლდუინის რევოლვერში საბრძოლო ვაზნა ჩაუდიათ... - კვირის პალიტრა

ალეკ ბოლდუინის რევოლვერში საბრძოლო ვაზნა ჩაუდიათ...

ალეკ ბოლდუინის რევოლვერში საბრძოლო ვაზნა ჩაუდვიათ...

"დაჭრილი რეჟისორის სხეულიდან ამოღებული დამაზიანებელი საგნის დეტალური შესწავლა ნათელს მოჰფენს,  თუ რომელი ვერსიაა სწორი - ბოლდუინს საბრძოლო ვაზნით დატენილი იარაღი შეცდომით ან წინასწარგანზრახულად მიაწოდეს თუ მან მართლაც ფუჭი ვაზნიდან გაისროლა და იარაღის ლულაში ჩარჩენილი რაიმე საგანი გამოიტყორცნა, რამაც ასეთი დიდი ტრაგედია დაატრიალა?" - ასე დავამთავრე ჩემი ბლოგის 23 ოქტომბრის სტატია "ბოლდუინს ტყვია არ გაუსვრია?! მაშინ რამ გამოიწვია ტრაგედია ჰოლივუდის კინოს გადაღების დროს?"

თითქმის დაუჯერებლად მიმაჩნდა, რომ ჰოლივუდის ფილმების გადაღებისას დასაქმებულ სპეციალისტებს ელემენტარული შეშლოდათ და ფუჭი ვაზნა საბრძოლოსგან ვერ განესხვავებინათ, მაგრამ...

ასეთი რევოლვერიდან გასროლის შემდეგ ალეკ ბოლდუინი უნებლიე მკვლელი გახდა

27 ოქტომბერს სანტა-ფეს შერიფმა ამ ტრაგიკული საქმის, როდესაც ვესტერნის ჟანრის ფილმის "ჟანგის" გადაღებისას ცნობილი მსახიობის - ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე განხორციელებულ გასროლას ოპერატორი ქალის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რეჟისორი კი დაიჭრა, გამოძიების პირველი შედეგები გაახმოვანა - დაჭრილი რეჟისორის მხრიდან ამოღებულია 45 კალიბრის ტყვია, რომელიც ბოლდუინმა რევოლვერიდან გაისროლაო!

რა გამოდის? ან არის საშინელი არაპროფესიონალიზმი, ან კიდევ - ბოლდუინს რაღაც მიზეზის გამო (შეიძლება შურისძიების მიზნითაც, რადგან ამ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გადასაღები მოედანი გადამღები ჯგუფის ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა) ასეთი საშინელება გაუკეთეს და უნებლიე მკვლელად აქციეს, როდესაც საბრძოლო ვაზნით დატენილი რევოლვერი მიაწოდეს და უთხრეს, რომ ის "ცივია", ანუ კინოს გადამღებების ენაზე - არასაშიში...

45 კალიბრის საბრძოლო ვაზნები

ან, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ვერსია - გადასაღებ მოედანზე არსებული რევოლვერებიდან შესვენებების დროს გასართობად ზოგჯერ მიზანში სროლაში ეჯიბრებოდნენ ნამდვილი ტყვიების გამოყენებით და საბრძოლო ვაზნებიც ინახებოდა ფუჭების გვერდით, სიჩქარისა და არაპროფესიონალიზმის გამო, მოხდა უნებლიე, მაგრამ ტრაგიკული შეცდომა...

ტრაგედია "F. LLI Pietta Long Colt 45" ტიპის, 1873 წლის ნიმუშის რევოლვერიდან გასროლამ გამოიწვია, რაც გასაგებს ხდის, თუ როგორ მოახდინა ერთმა ტყვიამ ჯერ ერთი ადამიანის სხეულში გავლა და შემდეგ - მეორის დაჭრა.

45 კალიბრის ფუჭი ვაზნები-როგორ შეიძლება მათი არევა საბრძოლოში?

ჯერ ერთი, გასროლა ძალიან ახლო მანძილიდან განხორციელდა, როდესაც ბოლდუინის გმირი მსხვილი პლანით გადაღებისას პირდაპირ, კამერის მიმართულებით ისროდა, ხოლო რეჟისორი ოპერატორის უკან მჭიდროდ იდგა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, "კოლტის" რევოლვერიდან გასროლილი 45 კალიბრის (11,53 მმ) ტყვია 17,3 გრამს იწონის, მისი საწყისი სიჩქარე 260 მ/წმ-ია, ხოლო საწყისი ენერგია გასროლისას 570 ჯოულს აღწევს (შედარებისთვის - "მაკაროვის" პისტოლეტიდან გასროლილი 9 მმ კალიბრის 6-გრამიანი ტყვიის საწყისი ენერგია მხოლოდ 302 ჯოულია ანუ - თითქმის ორჯერ ნაკლები).

და ერთიც - ვესტერნის ჟანრის ფილმის - "ჟანგის" სცენარში აღწერილია მომენტი, როდესაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი - არასრულწლოვანი შემთხვევითი გასროლით კლავს ადამიანს, რის შემდეგაც ბოლდუინის გმირის თავგადასავალი იწყება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს