ჩემი პატარა სიტყვა არაბულ სამყაროს.. - კვირის პალიტრა

ჩემი პატარა სიტყვა არაბულ სამყაროს..

არაბული გაზაფხული არაბი ქალების გულებში ჯერ არ დამდგარა. ალბათ იქამდე არ მოვა, სანამ ისლამისტურ ქვეყნებში მძიმე პატრიარქატი სუფევს. ქალთა უფლებები ასეთ ქვეყნებში ძალიან შელახულია. ეს აშკარაა, თუმცა მსოფლიო დუმს.. ჩარევის უფლება არავის აქვს, მაგრამ ხანდახან ჩემს გრძელ ენასა და თითებს ვერ ვაჩერებ, უბრალოდ არ შემიძლია და ახლაც თამამად ვიტყვი ჩემს სათქმელს...

*ქალებს საუდის არაბეთში არა აქვთ ხმის მიცემის უფლება.

*ყველა ქალს ჰყავს თავისი "პატრონი" (კაცის სახით, რა თქმა უნდა).

*ქალებს ეკრძალებათ მანქანის მართვა.

*ქალთა მხოლოდ 21 % მუშაობს.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ამ ქალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ასეც უნდა იყოს..

წარმოიდგინეთ, რომ სასტუმრო "მერიოტის" საუდის არაბეთის ფილიალებში ქალების შესვლა სასტიკად აკრძალულია.

ქალებს შეუძლიათ შეიძინონ ძვირად ღირებული, მოდური ტანსაცმელი და ატარონ ის თავიანთი ნაციონალური ტანსაცმლის ქვეშ. გათხოვილ ქალს არ უნდა უჩანდეს თმა. ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალებს მხოლოდ ხელებისა და თვალების გამოჩენის უფლება აქვთ.

მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა საზოგადოებაში მკაცრად არის შეზღუდული. ბანკებსა და დაწესებულებებში მათთვის ცალ-ცალკე შესასვლელებია. პარკებსა და საზოგადო ადგილებში კი ქალებისა და მამაკაცებისთვის გამოყოფილია სხვადასხვა საათები, რომ არ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს კანონები კი სექსუალური სეგრეგაციიდან მოდის. მის დარღვევას არაბები "ხალვას" ეძახიან.

2008 წელს 75 წლის ქალბატონი გაასამართლეს იმისთვის, რომ კაცმა მას სახლში პური მიუტანა(?!). ეს ყველაფერი სრული მარაზმია! 2009 წელს გამოვიდა ფილმი, რომელმაც დარწმუნებული ვარ, მაყურებელი შეძრა. ეს არის ვორის დირის ბესტსელერზე გადაღებული ფილმი "უდაბნოს ყვავილი". წიგნსა და ფილმში მოთხრობილია ერთი არაბული ტრადიციის შესახებ, რომლის მსხვერპლიც დღეს  6000-მდე ბავშვია - 2-დან 6 წლამდე ასაკის გოგონებს სასქესო ორგანოს იმ უბანს აჭრიან, რომელიც სიამოვნების განცდას ანიჭებს ქალს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ქალმა მამაკაცთან სექსუალური კავშირი მხოლოდ ბავშვის გაჩენის მიზნით დაამყაროს(?!). გოგონების უმეტესობა ამ ბარბაროსული პროცედურის გამო იღუპება, რადგან ოპერაცია სახლის პირობებში, არასტერილურ გარემოში მიმდინარეობს. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ჩემთვის ის არის, თუ როგორ მიჰყავს დედას შვილი ამ საზიზღარ საქმეზე...

როცა ეს წერილი დავასრულე, მივხვდი, რომ ძალიან მძიმე გამომივიდა, ამიტომ რამდენჯერმე გადავიკითხე და შევეცადე, შემერბილებინა, თუმცა, ცრემლიანი თვალების მეტი მაინც ვერაფერი მივიღე... არ ვიცი, როგორ დავასრულო, ვკითხულობ თავიდან და ვითრგუნები, მტკივა, განვიცდი..

ყველა მდედრს აქვს უფლება იგრძნოს, რას ნიშნავს იყო ქალი, და არავის, არცერთ კანონს, არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ვინმეს შეუზღუდოს თავის-უფლება!