"დაბრუნდით საქართველოში, ყველაფერი გექნებათ.." - კვირის პალიტრა

"დაბრუნდით საქართველოში, ყველაფერი გექნებათ.."

ბევრი სევდიანი ისტორია მოგვისმენია, თუმცა საკუთარი თვალით ნანახი  ბევრად შთამბეჭდავი და ემოციურია.. მე კი დასაწერად მეტი არაფერი მჭირდება...

დღეს დედაჩემს მეგობარი ესტუმრა, თან შვილი ახლდა. ქალი ტიროდა... ხომ იცით, რა ცნობისმოყვარე ვარ, ჩუმად ჩამოვჯექი, გავიტრუნე და მათ საუბარს მოვუსმინე:

- თოკოს სკოლიდან აგდებენ, სწავლის საფასური თუ არ გადავიხადე ხვალამდე... უკვე დამირეკეს, საბუთები უნდა გამოვიტანო, არ ვიცი, რა გავაკეთო. გთხოვ დამეხმარე!

ეს სიტყვები გულზე მომხვდა... ლამაზთვალება თოკო კი დედამისს აწყნარებდა. ბიჭს ძალიან გრძელი წამწამები აქვს და საოცრად ლამაზი თვალები. თოკო დედით ქართველია, მისი სახელი და გვარი კი  საიდ ამირია.

17 წლის წინ ერთი ლამაზი, ქართველი გოგო დუბაიში სამუშაოდ წავიდა. იქ მალე მოიკიდა ფეხი და არაბი შეიხის მოახლედ დაიწყო მუშაობა. ისე მოხდა, რომ შეიხს ეს გოგო ძალიან შეუყვარდა, გოგოც აღფრთოვანებული იყო მისით... მოკლედ, ეს სიყვარული ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ქართველი გოგოსა და არაბი შეიხის შეუღლებით დასრულდა... ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თუმცა ყველაზე დიდი სიყვარული ადამიანისა - თავისუფლებაა. თავისუფლება კი თავის თავზე უფლებას მოიაზრებს და თავისთავად საკუთარი თავის სიყვარულს. გოგონას ნელ-ნელა დისკომფორტი შეექმნა, რადგან მის ქმარს კიდევ 2 ცოლი ჰყავდა. ცოტა ხანში სიტუაცია დამძიმდა, მას ჰქონდა ყველაფერი, რაც უნდოდა, თუმცა ამ ყველაფერს მხოლოდ თავისთვის მოიხმარდა. იქიდან წამოსვლის უფლება კი არ ჰქონდა..

ცოტა ხანში ქვეყანას საიდი მოევლინა. შეიხი ბედნიერი იყო - ვაჟი შეეძინა. მართალია, საიდი მეხუთე შვილი იყო, მაგრამ ასაკში შეძენილი ნაბოლარა. ბიჭსაც ყველაფერი ჰქონდა და დედასაც, რაც კი შეიძლებოდა მოეთხოვათ, გარდა თავისუფლებისა. საკუთარ რელიგიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო.

დედას უნდოდა ბიჭს სცოდნოდა ქართული, ეტარებინა ჯვარი, მონათლულიყო, ეთქვა სიტყვა "დედა", რაც ალბათ ყველაზე სასწაულებრივი გრძნობაა ყველა მშობლისთვის... ქალი დიდხანს ფიქრობდა, რა ექნა.. ერთ დღესაც მოჰკიდა პატარა საიდს ხელი და სასახლიდან გაიპარა, ცარიელ-ტარიელი სამშობლოში გამოიქცა... ის კითხვაც გაგიჩნდებათ ალბათ, თუ რატომ არ ჰქონდა შეიხის ცოლს დაგროვებული თანხა. მე კი გიპასუხებთ, რომ შეიხი გოგოს არ აძლევდა ფულს, ის ყიდულობდა ყველაფერს, რაც უნდოდა, მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება, რაიმე ეყიდა თვითონ. ამიტომაც სრულიად ცარიელი დაუბრუნდა სამშობლოს. გადანათლა საიდი და დაარქვა  თორნიკე. ასწავლა ქართული და დაიწყო ბავშვის საქართველოში გაზრდა. საქართველო კი იმას ნიშნავს, რომ ამ მიწაზე, ამ ქვეყანაში, ყველა ქართველისთვის არის ადგილი...

დღეს რეალობა ძალიან მწარეა, მტკივნეული. იმის გამო, რომ თოკოს საბუთებით და იქაური კანონებით არა აქვს საქართველოს მოქალაქეობის უფლება, დედას უწევს გადაიხადოს გადასახადი სკოლაში, სადაც ზეიმებზე საიდ ამირი ჩოხით გამოდის და საქართველოზე ლექსებს კითხულობს...

მას არა აქვს პირადი ნომერი, რომ სკოლაში გაიაროს რეგისტრაცია, დღეს-კი ამის გარეშე არაფერი გამოდის.

რა თქმა უნდა, არიან კეთილი ადამიანებიც. ისინი დედა-შვილს ეხმარებიან, თუმცა მარტოხელა დედისთვის, რომელსაც არც სახლი აქვს, არც კარი და არც სამსახური, ძალიან ძნელია 7 წლის ბავშვის ასეთ პირობებში გაზრდა. იმასაც შემეკითხებით, რატომ არ ეხმარება მამაო? მამა ვერ პატიობს დედას ვაჟის წართმევას და ამბობს, რომ მხოლოდ ბავშვს წაიყვანს, მშობლისთვის კი ეს ძალიან მძიმეა და დამერწმუნეთ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, დედა-შვილი ერთმანეთს ვეღარასოდეს ნახავს.

ალბათ ყველას გაგიგონიათ, თუ როგორ მოუწოდებს პრეზიდენტი ემიგრანტებს დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და ჰპირდება, რომ მათ ყველაფერი ექნებათ... სად არის თქვენი ზრუნვა ასეთ ბავშვებზე, ასეთ ადამიანებზე, ვინც ყველაფერზე უარი თქვა თავისი ქვეყნის გამო? რისთვის ბრუნდებიან ისინი?

თქვენთვის ხომ ასფალტის დაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თორნიკე ამირი, რომელიც ყველა ზეიმზე ჩოხით გამოდის, ძალიან უნდა ქართულ სკოლაში სწავლა და 7 იანვარს, ყოველ შობას მართლმადიდებლურ ტაძარში ხვდება...