რუსეთთან შერიგებას ჰპირდება - კვირის პალიტრა

რუსეთთან შერიგებას ჰპირდება

ახლახან პოლიტიკაში ჩაბმული ქართველი მეცენატი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ პრესკონფერენციაზე იქ მყოფთ დაჰპირდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და დაიწყებს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. "ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და აშშ-თან, დაუყოვნებლივ დავიწყოთ სიტუაციის დარეგულირება რუსეთთან", - თქვა მან.

პრესკონფერენციამ, რომელიც საათ-ნახევარი გაგრძელდა და საზოგადოებრივი ტელემაუწყებლობის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ძალიან დააინტერესა პრესის წარმომადგენლები. ჟურნალისტები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ, ყველა ცდილობდა, რაიმე ეკითხა ახალგამომცხვარი ოპოზიციონერისთვის. ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ძალაუნებურად მივიდა. თავიდან ის აპირებდა სასურველი შედეგის მიღწევას ერთ-ერთი პარტიის დაფინანსებითა და მისთვის გარედან რჩევების მიცემით, მაგრამ "როცა დავრწმუნდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება მივიღე - განვიზრახე პოლიტიკაში წასვლა".

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და თანამემამულეებთან შეთანხმებით, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას აპირებს; ასევე, გადაწყვეტილი აქვს, შექმნას სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები ბიზნესისთვის, სამუშაო ადგილები. "უნდა დავიწყოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პროცესი, უნდა გათავისუფლდნენ მედიასაშუალებები. დამოუკიდებელი მედიის გარეშე ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს", - აცხადებს ივანიშვილი. მაგრამ საკითხავია, შეძლებს კი ბიზნესმენი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკური პარტიის შექმნას, რადგან სამშობლოში მოქალაქეობა ჩამოართვეს. ოფიციალური მიზეზი მისი საფრანგეთის მოქალაქეობაა, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ ხერხით აპირებს საშიში პოლიტიკური კონკურენტის ჩამოშორებას.

- პარლამენტში მოსვლისთანავე დავიწყებთ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, - თქვა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო თანამეგობრობა აიძულებენ პრეზიდენტს, დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, რაც კანონით ეკუთვნის.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ რა ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან. სამთავრობო არხები მას ხშირად უწოდებენ "კრემლის პროექტს", "კრემლის აგენტს", ან "კრემლის იმედს".

ივანიშვილმა თქვა, რომ ის რუსეთში ცხრა წელია, არ ყოფილა. აპირებს რუსული პასპორტის ჩაბარებას და არჩევნებამდე რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვას. ამგვარად, არავითარი საფუძველი არ არსებობს მისი კრემლთან კავშირში დადანაშაულებისა. ივანიშვილმა კონფერენციაზე თქვა, არ აქვს ილუზია, რომ რუსეთთან მაშინვე მოაგვარებს ურთიერთობას და არც განსაკუთრებული ფორმულა გააჩნია საამისოდ. "მაგრამ მე ინტერესების თანხვედრის იმედი მაქვს" - აღნიშნა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთის იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობის მოგვარება, რომელსაც რუსეთის ხალხი აირჩევს.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი