რას მოიგებს საქართველო?.. - კვირის პალიტრა

რას მოიგებს საქართველო?..

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, დაივიწყოს თავისი პრეტენზია დაუძინებელი მტრის მიმართ და რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის უფლებას აძლევს, მაგრამ საკითხავია, - რა სარგებლობას მოუტანს ეს საქართველოს?

რადგან რუსეთის ჯარები ფეხს არ იცვლიან 2008 წელს საქართველოსგან მიტაცებული ტერიტორიებიდან, საქართველოს ეპატიებოდა სავაჭრო ფრონტზე წაყენებული გაუთავებელი პრეტენზიები, მაგრამ თბილისს ახლა დამაჯერებელი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები გააჩნია რუსეთთან თანამშრომლობის დასაწყებად. უპირველესად, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების გამო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს საქართველოსგან მოხლეჩილი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლებსაც ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები იცავენ. მსო-სთან დაკავშირებულმა დიპლომატიამ ირიბად, მაგრამ მაინც დააბრუნა ეს საკითხი საერთაშორისო არენაზე. რუსეთმა არცთუ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი საქართველოს წინადადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოს საბაჟოს გაეკონტროლებინა სავაჭრო ოპერაციები მოხლეჩილი ტერიტორიების და რუსეთის საზღვრებზე. ნაკლებად წარმოსადგენია, როგორ შეძლებდნენ ქართველი მებაჟეები რუსეთის სამხედროების გვერდით მუშაობას. ახლა საქართველომ კომპრომისული წინადადება წამოაყენა, რის მიხედვითაც კონტროლს განახორციელებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. საქართველოს თვალსაზრისით, ეს მისთვის ნაკლებმომგებიანია, რადგან ის თავის წარმომადგენლებს საზღვრებზე ვეღარ განალაგებს, ტერიტორიულ უფლებებზე განაცხადს ვეღარ გააკეთებს, მაგრამ ეს საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტია, რადგან ხაზს უსვამს იმას, რომ საზღვრები სადავოა, ან უკიდურეს შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება მოქნილი პოლიტიკით კვლავ დაიბრუნოს თავისი ზოგიერთი მეგობარი ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაკარგა. აშშ-მაც და ევროკავშირმაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე თავისი გავლენის რაღაც ნაწილი დაიბრუნა და ისინი მზად არ არიან, ამასთან დაკავშირებით რაღაც იღონონ. საქართველომ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ზეწოლა არ ჰქონია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის მსო-ში შესვლის ნებართვის სანაცვლოდ აშშ საქართველოსთან ვალში არ დარჩება. ამასთან, არამეგობრული ჩრდილოელი მეზობლის საერთაშორისო სავაჭრო კლუბში გაწევრება საქართველოს ეკონომიკურ მოგებასაც მოუტანს: რუსეთი იძულებული იქნება, დაიცვას ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობები და ნამდვილად მოუწევს ემბარგოს მოხსნა ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებზე.

2008 წლიდან საქართველომ ახალი პარტნიორები ნახა ევროპასა და აზიაში. თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ჩინეთი ძირითადი ბაზარი გახდა ქართული ლითონის და მინერალების, რკინის შემცველი შენადნობების, სასუქებისა და ოქროსთვის. პატარა მედგარი საქართველო ქების ღირსია ექსპორტის დივერსიფიკაციის გამო, მაგრამ მისთვის მეტად მომგებიანი იქნება მსო-ს წესების ჩარჩოებში რუსეთის უზარმაზარ ბაზართან ვაჭრობის აღდგენა.

ბოლოს და ბოლოს, რუსეთის მსო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებასაც გაამყარებს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მთელი ათი წლის მანძილზე კონტრაბანდისტთა შავ ხვრელად იყო ცნობილი. საქართველო დარწმუნებულია, რომ რუსეთის საიდუმლო პოლიციის ყოვლისმომცველი მეთვალყურეობის დროსაც კი გრძელდება ამ ტერიტორიებზე კონტრაბანდული საქონლის ტრანზიტი. დამატებითმა დამკვირვებლებმა შეიძლება რამე საშველი დააყენონ ამ საქმეს.

"ფაინენშლ ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი