"მათ უბედურებაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის" - კვირის პალიტრა

"მათ უბედურებაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის"

საქართველოდან ხალხი გარბის და ამ პროცესში  ნორვეგიასაც გარკვეული წვლილი მიუძღვის

2004 წელს ბუნდევიკის მეორე მთავრობამ საქართველოში გამოგზავნა ექსპერტები, რომლებიც ქვეყანას სასამართლო სისტემის მოწესრიგებაში უნდა დახმარებოდნენ. მათი უმთავრესი მიზანი იყო, აეგოთ და დაემკვიდრებინათ ის, რასაც კანონის უზენაესობას (rule of Law) ვუწოდებთ. ეს კი ნიშნავს, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება სახელმწიფო კანონებს უნდა ემორჩილებოდეს და ამ კანონების დარღვევის შემთხვევაში თავს ყველას წინაშე ანგარიშვალდებულად თვლიდეს. თუმცა, მისი პრაქტიკულად განხორციელება გაუჭირდათ. ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ სირთულეებს წააწყდნენ.

დასახული მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს. ის ხომ მაინც შეიძლება ითქვას, თუ რამდენად წავიდნენ წინ. მაგრამ ზემოხსენებული ნორვეგიული პროექტი Nor Lag -ი, რომლის უზრუნველყოფა ნორვეგიის მთავრობას წელიწადში ათი მილიონი კრონი უჯდება, არც შესაბამის კვლევით ღონისძიებებს ატარებს და არც საკუთარი მიღწევების გეგმა გააჩნია.

დამაბნეველი მტკიცებულება

მათსავე შეფასებებსა და მოხსენებებს თუ დავეყრდნობით, საქმე ბრწყინვალედ მიდის. თუმცა რეალური სურათი საკმაოდ დამაბნეველია. 2009 წელს,  Scanteam-ის მიერ სემინარებზე წარდგენილი რაპორტი ქვეყანაში არსებულ სინამდვილეს საგრძნობლად ემიჯნება. მაშ, როგორია დღევანდელი სიტუაცია? ეჭვმიტანილად თუ მიგიჩნიეს, აუცილებლად აღიარებითი ჩვენების მიცემა მოგიწევს, ანდა გასამართლება არ აგცდება. გამართლებულთა რიცხვი ქვეყანაში მხოლოდ 0,1%-ია. მოსალოდნელი სასჯელის შესამსუბუქებლად უმეტესობა იძულებულია, აღიარებითი ჩვენება მისცეს. ხშირად საქმის პროვოცირებას თავად პოლიცია ახდენს და უმრავლეს შემთხვევაში ეს საქმეები იმ ძირითად მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომლებიც ფიზიკური თუ ფსიქიკური ზეწოლის შედეგად მიღწეული აღიარებითი ჩვენების საფუძველზე ვლინდება. თუ საქმე ისეთ დიდ და მნიშვნელოვან დანაშაულს შეეხება, როგორიც, მაგალითად, მკვლელობა და ორგანიზებული თაღლითობაა, მაშინ ეჭვმიტანილთა აღიარებით ჩვენებას პოლიცია ფირზე აღბეჭდავს და იმავე საღამოს ტელეეთერით უჩვენებს. ანუ, ეს ყველაფერი მანამ ხდება, სანამ დაკავებულები თავიანთ ადვოკატებს შეხვდებიან. ის 0,1%, რომლებიც გამართლებულად ცნეს, აღნიშნავს, რომ მოსამართლეებს დამოუკიდებლად მოქმედება არ შეეძლოთ. ნორვეგიული პროექტის წარუმატებლობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

აშკარაა, მათ დასახული მიზნის განხორციელება ვერ შეძლეს.

სოციალური გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ხალხი სასამართლო სისტემას გაცილებით ნაკლებად ენდობა, ვიდრე პოლიტიკოსებსა და მედიას, თუმცა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს.

პოლიტიკური პატიმრები

2009 წელს თბილისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის წევრები ჩამოვიდნენ და სავარაუდო პოლიტიკურ პატიმართა შესახებ რვა საქმე გამოიძიეს. საბოლოო დასკვნის შედეგად ყველა მათგანი მართლაც პოლიტიკური პატიმარი აღმოჩნდა. ნორვეგიელ მრჩეველთა ჩამოსვლის მიუხედავად, საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც პატიმართა რიცხვი პროცენტულად საკმაოდ გაიზარდა.

წამება

ასევე ცნობილია, რომ ქართულ ციხეში პატიმრებს აწამებენ. ამ ფაქტების შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველ ევროპის სასამართლოს უამრავმა პატიმარმა წერილობით აცნობა. ახალი კანონი, რომელიც პატიმრებს,”ცუდი საქციელის”სანაცვლოდ, ყველანაირი წერილის გაგზავნასა და მნახველთა ვიზიტებს 3 თვით უკრძალავს, უკვე დამტკიცებულია. ბევრის აზრით, ეს კანონი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ  მსჯავრდადებულებმა ევროპის სასამართლოში წერილების გაგზავნაზე უარი თქვან. ამ კანონის ამოქმედებამდე კი მსგავსი წერილების გასაგზავნად უჩვეულოდ მაღალი საფოსტო ტარიფი (1.000 კრონი, დაახლოებით 270 ლარი) იყო დაწესებული, ზოგიერთ პატიმარს კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. პატიმართა ერთმა ჯგუფმა, რომლებმაც შარშან, სექტემბერში, სტრასბურგის სასამართლოში წერილი გაგზავნეს, განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო სასტიკად სცემეს.

კოლონიზაცია და ძარცვა

კანონის უზენაესობასთან” მიახლოება ხალხის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს პროცესი ხშირად ქვეყნის კოლონიზაციისა და ძარცვის პირველ ფაზას წარმოადგენს. ანთროპოლოგი ლაურა ნადერი და იურისტი უგო მატეი თავიანთ ახალგამოცემულ წიგნში სწორედ ამ მოვლენაზე მიგვანიშნებენ. ამ პროცესში მთავარი მიზანი უცხოური ინვესტიციების დაცვაა და არა მოსახლეობის უსაფრთხოება.

გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც  რეალური ძალაუფლება კლანსა და პარტიას შორის მოქცეულ სახელისუფლებო აპარატს წარმოადგენს, მსგავსი მეთოდი ვერ იმოქმედებს. სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთ დადგენილებაში, რომელიც ამა წლის მაისში გამოქვეყნდა, წერია: სასამართლო გააოგნა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანო ერთმანეთთან თანამშრომლობდა, რათა მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეშლოდა. ამ შემთხვევაშიც ლაპარაკია შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პროკურატურაზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე, მოსამართლეებზე, პრეზიდენტზე და ა.შ.

სწორედ სიღარიბე და დემოკრატიის დეფიციტია მიზეზი იმისა, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გარბის. ეს ერთი პარტიის სახელმწიფოა და ამ პარტიასთან დაპირისპირებისა ყველას ეშინია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სამსახური დაკარგო, ან ციხეში აღმოჩნდე. ბიზნესმენები ოპოზიციის დაფინანსებას ვერ ბედავენ.

და ჩვენ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? უპირველეს ყოვლისა, ამ რეჟიმის წარმომადგენლები უნდა გვემხილებინა. ნორვეგიელ მრჩევლებს ხომ სააკაშვილის შიდა წრეებთან უწევთ ურთიერთობა. ამას გარდა, შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების დახმარების გამოყენებაც შეიძლებოდა. ამა წლის გაზაფხულზე გაეროს მიერ გამართულ ადამიანის უფლებათა დამცველ საბჭოზე საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ნორვეგიაც იყო. ორმოცდათოთხმეტი ქვეყნიდან ათმა აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მუშაობის არასწორ მეთოდებს იყენებს, ცხრა ქვეყანამ კი ქართულ ციხეებში არსებული პირობები გააკრიტიკა. ნორვეგია ამ ქვეყნებს შორის არ აღმოჩნდა.

კიდევ რა? უშუალო დიპლომატიის გამოყენებაც არ იქნებოდა ურიგო. როდესაც ანონიმურად მოღვაწე მეცენატი-ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი სულ ცოტა ხნის წინ დღის სინათლეზე გამოჩნდა და ოპოზიციური კამპანია წამოიწყო, ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვეს (ამგვარად, ქართულ პოლიტიკაში მისი ჩარევა უკანონოდ ჩაითვლება), შემდეგ კი მის ბანკს ფულის გათეთრება დასწამეს. ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ ივანიშვილის გაბანკროტება და საქმის ძიება წამოიწყო. უფრო ადრე ზუსტად იგივე დაემართა სხვა ბიზნესმენსაც, რომელმაც გაბედა და სააკაშვილს დაუპირისპირდა.

საბედისწერო წვლილი

ამ რეჟიმის ჩამოყალიბებაში თავისი საბედისწერო წვლილი ნორვეგიამაც შეიტანა. ქვეყანაში არსებულ ძალადობაზე თვალის დახუჭვაც მხოლოდ ამ მიზეზით უნდა აიხსნას. მეორე მიზეზად კი შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ არჩევანის გაკეთება პოლიტიკური ხაზით მოხდა და ნორვეგიამ სააკაშვილის რეჟიმის სრული მხარდაჭერა არჩია. ესეც ალბათ გეოსტრატეგიული შეფასებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუმცა მთავარია, ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ იმ დანაშაულების გამო, რომლის თანამონაწილენი ჩვენც აღმოვჩნდით, პასუხისმგებლობა ვიკისროთ.

"აფტენპოფტენი", ნორვეგია