"ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი ევროპის გზას დაადგება" - კვირის პალიტრა

"ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი ევროპის გზას დაადგება"

"საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთგული რჩება", - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  პოლონეთის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

საქართველოს ლიდერმა მოსკოვისადმი შემრიგებლური ტონით განაცხადა, რომ უფრო ახლო ურთიერთობა მის ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ხელს შეუწყობს ასევე რუსეთის და ბლოკის 27 წევრი ქვეყნის დაახლოებას.

- საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები არ უნდა მოაგვაროს?

- ეს სამსაფეხურიანი პროცესია. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირთან მეტი დაახლოება. მეორეც, უფრო მიმზიდველნი უნდა გავხდეთ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. მესამე: რუსეთმა მეტი ზომიერება უნდა გამოიჩინოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ შეინიშნება. ლაპარაკია გრძელვადიან პროცესზე. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის გზიდან. რაც უფრო დაუახლოვდება ევროკავშირის ინსტიტუტებში ინტეგრაციას, რუსეთი გადახედავს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. რუსეთს ასევე უნდა, რომ ევროპას ეკუთვნოდეს, თუნდაც განსხვავებულად ან განსხვავებულ ინსტიტუციონალურ დონეზე. ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი ევროპის გზას დაადგება. რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში - გადავწყვიტოთ ტერიტორიული პრობლემები თუ შევუერთდეთ ევროკავშირს? ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა; ვნახეთ, რომ ევროპაში ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორიული საკითხები ღიად რჩება, ხდებიან ამ კავშირის წევრები. იმავდროულად, არ გვინდა ევროკავშირში ჩვენი შიდა პრობლემების ექსპორტი.

- საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ აპირებთ გახდეთ პრემიერ-მინისტრი?

- ჩვენმა პარლამენტმა 2013 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა მიიღოს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არცთუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია.

"ევროაქტივი", პოლონეთი

იბეჭდება შემოკლებით