მილიარდერმა მაგნატმა ქართული პოლიტიკა შეძრა - კვირის პალიტრა

მილიარდერმა მაგნატმა ქართული პოლიტიკა შეძრა

მას ხან დრაკულას, ხან კეთილ ჯადოქარს და ხანაც ბეტმენის მდიდარ, ფილანთროპ ალტერ-ეგო ბრიუს ვეინსაც კი ადარებენ.

მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ერთ წელიწადში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებიდან მოშორებაზე ფიქრობს. მაგრამ ხომ არ ცდილობს მთავრობა მარათონიდან მის ჩამოშორებას? გასულ თვემდე ის გასაიდუმლოებული ფიგურა იყო, გადამალული თავის ჯეიმს ბონდის სტილის მოდერნისტულ მინისა და ლითონის სასახლეში, რომელიც შვეულმფრენის მოედნით სრულდება და საქართველოს დედაქალაქს გადაჰყურებს. არასდროს იძლეოდა ინტერვიუებს, ძალიან იშვიათად ჩანდა საზოგადოებაში და უფრო ცნობილი იყო იმით, რომ აფინანსებდა ხელოვნების დარგებს და ისეთ საჯარო შენობებს, როგორიცაა თბილისის უზარმაზარი მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი. ცნობილია, რომ მას აქვს ხელოვნების ნიმუშთა გრანდიოზული კოლექცია, მათ შორის პიკასოს, როი ლიხტენშტეინისა და ჰენრი მურის ნამუშევრები; ფული რუსეთის რკინის საბადოების წარმოებაში 1990-იან წლებში იშოვა; და მისი ქონება 5,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული (3.46 მლრდ ევრო), რაც ქართული ეკონომიკის მთლიანი ღირებულების დაახლოებით ნახევარია. საიდუმლოებას ფარდა ნელ-ნელა ეხდება. ოქტომბერში ივანიშვილი მოულოდნელად ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა განაცხადა, - გაისად არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას დავამარცხებო.

"მე პოლიტიკაში ჩემი ქვეყნის გადასარჩენად მოვედი და არა სააკაშვილის გამოწვევისთვის", - უთხრა მან BBC-ს კორესპონდენტს ინტერვიუს დროს თავის მდიდრულ შტაბბინაში თბილისში, თავისი მრავალმილიონიანი კოლექციის დათვალიერებისას.

ხელისუფლებამ ამას ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით უპასუხა. ამით პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლა მას კანონით აეკრძალა.

ბ-ნი ივანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობს აღკვეთოს მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. "ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარული მთავრობის ხელში, სადაც სააკაშვილს შეუძლია კანონზე მაღლა იდგეს. სინამდვილეში კანონი ის არის. ჩვენ უკვე ვგრძნობთ მზარდი დიქტატორული რეჟიმის სურნელს".

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ბ-ნი ივანიშვილი, რომლის ბიზნესის უმეტესობა რუსეთშია, კრემლის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. არგუმენტი ის არის, რომ ნებისმიერს, ვინც რუსეთში ვლადიმირ პუტინის მმართველობისას ქონებას ინარჩუნებს, მოსკოვი უჭერს მხარს. ზოგიერთი ნაციონალი დეპუტატი უფრო შორს მიდის. ისინი ივანიშვილს ბრალს სდებენ, რომ იგი პაიკია კრემლის მიერ მხარდაჭერილ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც საქართველოს მთავრობის შერყევა და პუტინის მტრის, სააკაშვილის დამხობაა, ამბობენ, ივანიშვილს რუსული ფულით საქართველოს მომავლის ყიდვა უნდაო.

მთავრობის კრიტიკოსების აზრით, ივანიშვილის პრორუსად წარმოჩენა ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების თვალში მისი დისკრედიტაციის მარტივი ტაქტიკაა.

ზოგიერთ უფლებადამცველს მიაჩნია, რომ ეს სააკაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან ძალაუფლების მონოპოლიზების უახლესი მაგალითია. საქართველოს მთავარი ნაციონალური ტელეარხები ცალსახად პროსამთავრობოა. სასამართლოც მთავრობის კონტროლისგან საკმარისად თავისუფალს არ ჰგავს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორ გიორგი ხუციშვილის თქმით, ივანიშვილის საქმე ცხადყოფს, რომ მთავრობა ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად.

KvirisPalitra.Geივანიშვილმა, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთიან სოფელში ცხოვრობდა, სიღარიბეს თავი დააღწია, რეგიონის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა და დღეს საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ გავლენა ჰქონდეს. მაგრამ ქართული პოლიტიკა არაპროგნოზირებადია.

ბ-ნი ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია ქაოსში გადაიზარდა, რადგან ჟურნალისტები გაჰყვიროდნენ და მიკროფონს ერთმანეთს ხელიდან აცლიდნენ.

მაშ ასე, ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო და სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ეს მშვიდად მოსაუბრე, ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი იმ ბრძოლასთან გამკლავებას, რომელიც უდავოდ უფრო ხმაურიანი გახდება.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი