მოსალოდნელია ახალი კონფლიქტი - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია ახალი კონფლიქტი

ამონარიდი "მარშალის" ფონდის ხელმძღვანელის, რონ ასმუსის ინტერვიუდან:

- ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ რიტორიკა რუსეთ-საქართველოს შორის სულ უფრო მწვავდება. ამ ანგარიშის ინიცირება გონივრული იყო?

- როდესაც ერთი წლის წინ ევროპის კავშირმა ამ ანგარიშის მომზადება განიზრახა, მომხდარსა და მის მიზეზებზე უკიდურესად განსხვავებული შეხედულებები არსებობდა. იმედოვნებდა, რომ დამოუკიდებელი კომისია შეძლებდა ამ კითხვებზე პასუხების გაცემას. მაგრამ როგორც ვნახეთ, მან კითხვებს სრულად ვერ უპასუხა. ახლა ყველა ამბობს, მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთო. ეს მართალია. მაგრამ წარსულის გაკვეთილებიც გასათვალისწინებელია. ამ ომზე წიგნი მაქვს დაწერილი, რომელიც რამდენიმე თვეში გამოვა. ჩემი შეხედულებით, ომი მოხდა იმიტომ, რომ საქართველო დასავლეთისკენ იწევდა, ხოლო რუსეთს მისი გაჩერება სურდა. ეს კონფლიქტი არ დამცხრალა, ჯერ კიდევ არსებობს. ანგარიშში ძალიან ფრთხილადაა ნათქვამი, კონფლიქტი არაადეკვატური სამშვიდობო სისტემის გამო მოხდაო. მაგრამ დავიჯეროთ, რომ კონფლიქტების მოგვარების დღევანდელი მექანიზმი საკმარისად კარგია და  ახალ ომს აღკვეთს? მე არ მჯერა. კონფლიქტი ჯერ კიდევ არსებობს. საერთაშორისო ძალების წარმომადგენლობა ადგილზე სუსტია და ახალი კონფლიქტის შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ. ამიტომ მომხდართან დაკავშირებულ დებატებთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რას გავაკეთებთ განსხვავებულს, რათა დავრწმუნდეთ - საქართველოს აღარასოდეს დაატყდება თავს ომი, ან დავინახავთ, რომ ახალი კრიზისია მოსალოდნელი უკრაინაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას.

- ბრძანეთ, საქართველოში ომი იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა დასავლეთისკენ მიდიოდა, რუსეთს კი მისი შეჩერება უნდოდაო. ხედავს თუ არა ევროკავშირი სიტუაციას ამგვარად?

- გულწრფელად გითხრათ, არა ვარ დარწმუნებული. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ომი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა. მე ასე არ ვფიქრობ. ანგარიში ცხადყოფს, რომ ქართველები და სეპარატისტები არ ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს იყო საქართველოსა და რუსეთის ომი. ჩემთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთმანეთს ეჯახება ჰელსინკის ცენტრალური პრინციპი, რომლის თანახმადაც ეუთოს წევრ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აწარმოოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ საქართველოს აქვს უფლება დასავლეთისკენ სვლისა. იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეტენზიები გავლენის სფეროზე, უკანონოა. თუ საქართველო უარს იტყოდა ნატოში გაწევრების სურვილზე, დასავლეთისკენ სვლასა და წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაზე, ეს ომი ალბათ არ მოხდებოდა. არ ვამბობ, საქართველო ასე უნდა მოქცეულიყო-მეთქი. თუ საქართველოს ეს ქმედებანი ლეგიტიმურია, რატომ ვართ ასე სუსტნი და ვერ ვიცავთ მის უფლებას, მისდიოს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს? ვფიქრობ, იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვეთანხმებით თუ არა ანგარიშს იმაში, რომ არ არის კანონიერი საფუძველი რუსეთის გავლენის სფეროს არსებობისა;  რუსეთის ინტერესთაგან რომელია კანონიერი და რომელი - უკანონო; სად უნდა გავავლოთ ჩვენ, დასავლეთმა, ზღვარი და განვაცხადოთ, რომ რუსეთის ამგვარი ქცევა მიუღებელია და ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს და სხვა ქვეყნებს. სამწუხაროდ, ეს საკითხები ანგარიშში არ განუხილავთ.

- აღარ არსებობს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა?

- არ არის ასე. არა მგონია, ამ ანგარიშმა დიდი გავლენა იქონიოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ შანსებზე. გავლენას მოახდენს, შეძლებს თუ არა არსებული ქართული ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიებისადმი გონივრული სტრატეგიის შემუშავებას, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, დაუბრუნდება თუ არა საქართველო რეფორმებს და იქცევა თუ არა ისევ მოწინავე რეფორმატორის მაგალითად. საქართველოს შეუძლია, უფრო  მიმზიდველი პარტნიორი იყოს დასავლეთისთვის, ისეთი, რომელსაც დასავლეთი მიესალმება.

ჩვენ, აშშ-მა, უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ ნატოში, რას ვაკეთებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ქართველები იტყვიან და მართებულადაც, რომ საქართველო თუ თავს მეტად დაცულად იგრძნობს, უფრო ადვილად გაატარებს რეფორმებს. საქართველო კი თავს დაცულად ვერ გრძნობს, რადგან ერთი წლის წინ მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. აი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ დღეს.