თურქეთი აფხაზეთში ნიადაგს სინჯავს - კვირის პალიტრა

თურქეთი აფხაზეთში ნიადაგს სინჯავს

ერთი შეხედვით, თითქოს თურქეთი კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა. თურქი დიპლომატები აცხადებენ,  კავკასიაში ჩვენი სტრატეგია

უცვლელიაო, მაგრამ ანკარა აშკარად არის დაინტერესებული ახალი მდგომარეობით. კერძოდ, იმით, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია საქართველოს შემადგენლობაში არარეალური გახდა.

ახლებური აზროვნების წარმოსაჩენად, რომელიც, ჩანს, ანკარაში ფეხს იკიდებს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სექტემბრის დასაწყისში თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ აფხაზეთის გაცნობისა და საქართველოსთან მისი ურთიერთობის დარეგულირების მიზნით რესპუბლიკაში სტუმრობას აპირებს. ამის შემდეგ მალევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უნალ ჩევიქოზი სოხუმს ჩავიდა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას შეხვდა. ზოგიერთი თურქი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ვიზიტს არაფერი ჰქონდა საერთო ანკარის განცხადებასთან - სოხუმისა და თბილისის მშვიდობიან მოლაპარაკებას უნდა შევუწყოთ ხელიო. ამის ნაცვლად, აფხაზურმა გამბიტმა თურქეთს აჩვენა, რომ რეგიონში ახალი დიპლომატიური მანევრები იწყება, რომელშიც მონაწილეობენ თურქეთი, საქართველო, აფხაზეთი და რუსეთი.

ერთ-ერთი კომენტატორის მტკიცებით, ანკარამ აფხაზეთთან შეუქცევადი მრავალპლანიანი ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. ზოგიერთი ანალიტიკოსი კი ამბობს, რომ ანკარა თბილისისგან სოხუმთან "კონტროლირებადი ურთიერთობის" დამყარების უფლებას ითხოვს. კავკასიის საკითხებში ცნობილი თურქი ექსპერტი ჰასან კანბოლატი წერს, ანკარას აფხაზეთთან ისეთი მრავალპლანიანი ურთიერთობის დამყარება უნდა, როგორიც კვიპროსელ თურქებთან აქვსო.

მსგავსება კვიპროსის სიტუაციასთან აშკარაა. რუსეთის საქართველოში შეჭრა და ამის მერე ორი სეპარატისტული ანკლავის აღიარება ძალიან ჰგავს ჩრდილოეთ კვიპროსისას. ეს კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ ანკარამ აღიარა. ანკარის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი თურქეთის ოთომანური მემკვიდრეობაც არის. ახლა აფხაზეთის სახელით ცნობილი ტერიტორია ოდესღაც ოთომანთა იმპერიაში შედიოდა, ამიტომაც ამტკიცებს თურქეთის 500 ათასი მოქალაქე, აფხაზური ფესვები გვაქვსო. ოთომანური წარსული დევს პოპულარული ისტორიული და გეოგრაფიული განზომილების მქონე საგარეო პოლიტიკური კონცეფციის "სტრატეგიულ სიღრმეშიც".

თურქეთის ხელისუფლებას რეგიონული გეოპოლიტიკური ზესახელმწიფოს სტატუსის მოპოვება სურს და სწორედ ამ კონცეფციით ამართლებს თავის ამბიციებს.

ეტყობა, ამიერკავკასიაში აფხაზეთის მდგომარეობის ფორმირებაზე თანამედროვე ფაქტორებიც ახდენს გავლენას. ვენესუელის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ ზოგიერთმა თურქმა ანალიტიკოსმა საქართველოს რეინტეგრაციის იმედი დაკარგა. გარდა ამისა, ანკარა დაინტერესებულია, რომ აფხაზეთმა რუსეთისგან დაიხსნას თავი.

თურქეთში ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ დროთა განმავლობაში აფხაზეთი შესაძლოა რუსეთსაც მიუერთდეს და კრემლს თურქეთთან უშუალო საზღვარი გაუჩნდება. რუსეთის ზოგიერთი ექსპერტი კი ეთანხმება აფხაზეთის კვიპროსთან მსგავსებას, მაგრამ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სოხუმის დამცველი იყო და იქნება მოსკოვი და არა ანკარა. კრემლს რომ სერიოზული მიზნები აქვს, ისიც მოწმობს, რომ შუა სექტემბერში რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთსამხედრო დახმარების პაქტები გააფორმა.

როგორიც უნდა იყოს თურქეთის ამბიციები აფხაზეთის მიმართ, მას სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აღორძინებასთან ექნება საქმე.