გადადებულია, მაგრამ რა ხნით?.. - კვირის პალიტრა

გადადებულია, მაგრამ რა ხნით?..

საქართველოში "ნატოს დღეების" მიმდინარეობისას თბილისს სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი

რობერტ სიმონსი ესტუმრა. მან აეროპორტშივე განაცხადა, - საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო. ამგვარ განცხადებას ხუთი წლის წინ თბილისში ზარ-ზეიმით შეხვდებოდნენ, დღეს სიტყვები არ კმარა. საქართველოს ნატოში შესვლა ახლავე უნდა. ალიანსში მიღების დაპირებები თბილისს აღარ აღაფრთოვანებს, პირიქით - აღიზიანებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს რასმუსენმა მოყირჭებული ფრაზები გაიმეორა. "ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება. დღეს ვერ ვიტყვით, კერძოდ, როდის შევა საქართველო ნატოში, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება".

რობერტ სიმონსი, ხელისუფლების გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა - სააკაშვილის მოწინააღმდეგეები სამთვიანი შესვენების შემდეგ გამოფხიზლდნენ და გააქტიურების ნიშნები დაეტყოთ. ნატოს წევრობის გადადება ოპოზიციონერთა უსაყვარლესი თემაა, ისინი ამტკიცებენ, დღევანდელი ავანტიურისტი მთავრობის ხელში საქართველოს ალიანსში შესვლა არ უწერიაო. ქართველ ოპოზიციონერთაგან ყველაზე მწვავე განცხადებებს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აკეთებს, ის ამბობს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის ყოველი დღე საქართველოსთვის მომაკვდინებელია, რომ აგვისტოს ომი მისი დაწყებულია და ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა შეწყვიტონ ახლანდელი რეჟიმის დაფინანსებაო. ყოფილ სპიკერს მხარი ლეიბორისტულმა პარტიამ აუბა. მათ საგანგებო განცხადებაში საქართველოს ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულეს. ნამინისტრალმა სალომე ზურაბიშვილმა კი ოპოზიციურ სპექტრს ტოტალური მობილიზაციისა და მიტინგების განახლებისკენ მოუწოდა. საქართველოში ოპოზიციის გაერთიანებას ეჭვით უყურებენ. ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს გაზაფხულის და ზაფხულის საპროტესტო აქციები, როცა საერთო ლიდერის უყოლობამ გამოიწვია ის, რომ დილით ერთს ამბობდნენ, შუადღისას - მეორეს, საღამოს კი სულ სხვას. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მეტიც, ზოგმა ოპოზიციურმა პარტიამ დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა და სააკაშვილთან საბრძოლველ გეგმას პარტნიორებსაც სთავაზობენ. მაგრამ რას ითვალისწინებს ეს გეგმა, გაურკვეველია. თუ ისევ მხოლოდ საპროტესტო აქციებზეა ლაპარაკი, ბევრს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან მთავრობამ უკვე გაიარა ეს გამოცდა გაზაფხულ-ზაფხულში...