"ეს აღმაშფოთებელია!" - კვირის პალიტრა

"ეს აღმაშფოთებელია!"

გაოცებას იწვევს ჟურნალ Atlantic-ის გამოცემაში "ევრაზიანეტ" გამოქვეყნებული ჯოშუა კუჩერას სტატია "კონდოლიზა რაისი საქართველოში ომის გაჩაღებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს". ავტორმა მოახერხა ისე დაემახინჯებინა ტექსტი, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი საკუთარ სიტყვებს ვეღარ ცნობს.

"ეს სტატია აღმაშფოთებელია. სინამდვილეს არ შეეფერება ის, რომ მე შემეძლო ქართველების დადანაშაულება. უზუსტობაა ისიც, რომ მე რაღაცნაირად ვადანაშაულებ სააკაშვილს, - თქვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო ინტერვიუში, - დიახ, ჩვენ გვაღელვებდა ის, რომ რუსები სააკაშვილს პროვოკაციას მოუწყობდნენ და ისიც წამოეგებოდა ამაზე. მაგრამ ქართველები ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არიან, ეს ტექსტშიც ნათლად ჩანს. მგონია, რომ რუსებს ეს ომი უნდოდათ, და მიაღწიეს კიდეც. ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების გამოსაწვევად. ომის მიზეზი გახდა სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მოკავშირეების მიერ ქართული სოფლების დაცხრილვა".

რაისი ძირითადად ბრალს სდებს პუტინს: "ვფიქრობ, რუსებს საქართველოსთან კონფრონტაცია სჭირდებოდათ და მე ამის გამო ბრალს პუტინს დავდებდი. ის პრეზიდენტი აღარ იყო, მაგრამ სწორედ ის იყო განწყობილი ქართველებისადმი ყველაზე მკაცრად. ჩემს წიგნში ვწერ, რომ რუსეთის ბევრ მოქალაქეს პათოლოგიურად ეზიზღება ქართველები".

გაურკვეველია, რატომ ცდილობს კუჩერა საქართველოს აგრესორად წარმოჩენას... ეს არის ფაქტების დამახინჯება და რუსეთის მხარდაჭერა. პუტინი აცხადებდა, რომ საქართველომ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. "პოლიტიკა რომ სხვანაირი ყოფილიყო, წლინახევრის წინ აფხაზეთსა და ოსეთში არ მოხდებოდა ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილს რუსეთ-საქართველოს კავშირების დარღვევა ჰქონდა გამიზნული", - განაცხადა პუტინმა 2009 წელს. მერე პუტინი უფრო შორს წავიდა და ომის დაწყება ამერიკელებს დააბრალა! თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში რაისი წერს, თუ როგორ ცდილობდა პუტინი მის დაშინებას, რათა აშშ-ს საქართველოსადმი მხარდაჭერა შეესუსტებინა. "პუტინს მშვიდად ვუთხარი, - ჩემი პრეზიდენტისაგან გზავნილი მაქვს. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ რიტორიკით, რომელიც თბილისთან და ემბარგოსთან დაკავშირებით ჟღერს. საქართველოს საწინააღმდეგო ყველა ქმედება სერიოზულად იმოქმედებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე-მეთქი. პუტინი წამოხტა. ზემოდან ცივად დამაჩერდა და გამეხებულმა მითხრა: "თუ სააკაშვილს ომი უნდა, მიიღებს კიდეც. მისი ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენს ურთიერთობას გააფუჭებს". ეს იყო აშკარა მუქარის პოზა. ამიტომ მეც ავდექი და ქუსლებზე შემდგარმა ჩამოვხედე. ჩემი პრეზიდენტის მიმართვა გავუმეორე. ერთხანს ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ".

შეიძლება არ დავეთანხმოთ იმას, თუ როგორ მოქმედებდა რაისი რუსეთის მიერ საქართველოსთან გაჩაღებული ომის დროს, იქნებ გონიერი და მცოდნე ხალხი არ დაეთანხმოს რაისის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ წყალგაუვალი ფაქტია, რომ რაისი 2008 წლის კონფლიქტში ადანაშაულებს რუსეთს და არა საქართველოს.

"ვიქლი სტანდარდი, აშშ"