"პროქართული" რეზოლუცია - კვირის პალიტრა

"პროქართული" რეზოლუცია

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიიღო საგანგებო რეზოლუცია, სადაც რუსეთზეც არის ლაპარაკი, თანაც მეტად მკაცრად. პოლონელი დეპუტატის, კშიშტოფ ლისეკის მომზადებული რეზოლუცია ბოლო წლებში მიღებულ რეზოლუციათაგან ყველაზე "პროქართული" გამოდგა.ევროპარლამენტარები ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს ევროკავშირში საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ, ხოლო თუ ის დემოკრატიულ რეფორმებს გააგრძელებს, ევროკავშირის წევრიც გახდება. რეზოლუციაში დეპუტატები მოითხოვენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციაციის ხელშეკრულების დადების დაჩქარებას და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე მოლაპარაკებების სასწრაფოდ დაწყებას. დოკუმენტში თბილისს კი აკრიტიკებენ, მაგრამ თან არ მალავენ, რომ ის არის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყანათაგან ერთ-ერთი "ყველაზე წარმატებული ქვეყანა რეფორმების გატარების საქმეში". ამავდროულად, დოკუმენტში მკაცრად არის გაკრიტიკებული რუსეთი. სამჯერ გაისმის მოწოდება მოსკოვისადმი - "შეწყვიტოს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია". დეპუტატები ითხოვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას, ასევე წუხან საქართველოდან განდგომილ ამ რესპუბლიკებში "ქართველების ეთნიკური წმენდის" და "ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი ტერორისტული აქტების" გამო. ევროპარლამენტი ფაქტობრივად იზიარებს ქართულ ვერსიას ტერაქტების ორგანიზებაში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ამასთანავე, ურჩევს მომხდარის "ერთობლივად გამოძიებას".

საქართველოს მმართველი პარტიის წევრები და ევროკავშირში საქართველოს ელჩი სალომე სამადაშვილი კმაყოფილნი არიან. "ევროპარლამენტმა უპრეცედენტო დოკუმენტი მიიღო, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის აღიარებული რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტი", - განაცხადა სამადაშვილმა. მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები რეზოლუციას დიდად არ აღუფრთოვანებია. "არაერთი ასეთი რეზოლუცია მიიღეს ისრაელთან და პალესტინასთან, თურქეთთან და კვიპროსთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ზაქარეიშვილმა. მიუხედავად ამისა, ქართველი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დოკუმენტი რუსეთის იმიჯს შეარყევს.

- შეიძლება რუსებმა არ შეიმჩნიონ, მაგრამ სინამდვილეში დოკუმენტს მტკივნეულად აღიქვამენ, რადგან ევროკავშირის რეზოლუცია, რომელთანაც მოსკოვი სტრატეგიულ პარტნიორობას აპირებს, სერიოზული დარტყმაა რუსეთის იმიჯზე", - ამბობს რფ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე.

მოსკოვს მართლაც არ დაუწყია სიტუაციის დრამატიზება. გოსდუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვმა განაცხადა: "ევროპელებს ყველაფერი ესმით, მაგრამ ეს გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა და ამის დასტურია ეს დოკუმენტი. მას იურიდიული ძალა მაინც არ აქვს. გამორიცხული არ არის, რომ ეს ბრიუსელის მიერ თბილისისთვის გადაგდებული "ფოჩიანი კანფეტია" მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის სანაცვლოდ".

"კომერსანტი", რუსეთი