კონდოლიზა რაისი სააკაშვილს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

კონდოლიზა რაისი სააკაშვილს ადანაშაულებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის ახალ წიგნში "ყველაზე დიდი პატივი: მოგონებები ვაშინგტონში გატარებულ წლებზე" წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლო ნატოელი მოკავშირეები გაიუცხოვა, როდესაც რუსებს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალება მისცა და სამხრეთ ოსეთის გამო ომი დაიწყო. იგი ასე აღწერს მისი და სააკაშვილის შეხვედრას თბილისში, ომამდე: ”ის ამაყია და შეიძლება იმპულსურიც იყოს, ამიტომ ვშიშობდით, რომ მოსკოვს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას მისცემდა და ძალას გამოიყენებდა. ფაქტობრივად, მან წარმატებით მოახერხა კონფლიქტის პროვოცირება ქვეყნის კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, აჭარაში და სარგებელიც ნახა, რადგან შიდა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, ამ რეგიონის რეინტეგრირება მოახერხა. ვშიშობდით, ვაითუ, ამ პრეცედენტმა აფიქრებინოს, რომ ამჯერადაც გაიტანდა თავისას იმ ტერიტორიაზე, რომელიც პუტინის საყვარელ სოჭთან ახლოს მდებარეობს".

რაისი სააკაშვილს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერას ურჩევდა, მაგრამ სააკაშვილმა უარი განაცხადა. "ბატონო პრეზიდენტო, რაც უნდა მოხდეს, არ მისცეთ რუსებს თქვენი პროვოცირების საშუალება. ხომ გახსოვთ, პრეზიდენტი ბუშიც გეუბნებოდათ, მოსკოვი შეეცდება, სისულელე ჩაგადენინოთო. არ ჩაითრიოთ რუსეთის შეიარაღებული ჯარები. ვერავინ დაგეხმარებათ და დამარცხდებით", - ვუთხარი მკაცრად".

რაისი ომის დაწყების მომენტს, 7 აგვისტოს საღამოს ასე აღწერს: "იმ დილას საქართველომ ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ სამხრეთ ოსეთის მეამბოხეები ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობდნენ. საპასუხოდ ქართულმა ჯარმა მეამბოხეთა წინააღმდეგ დიდი სამხედრო შეტევა წამოიწყო".…

აი, როგორ აღწერს რაისი ომის დაწყების შემდგომ უშიშროების საბჭოს პირველ სხდომას: "შეხვედრა, ცოტა არ იყოს, რთულად სამართავი იყო. ბევრი რუსების გამო გულში მჯიღს იცემდა. ერთ მომენტში სტივ ჰედლი ჩაერია, რასაც ის იშვიათად აკეთებდა ხოლმე. ამ დროს იმაზე ლაპარაკობდნენ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო აშშ-ის მუქარა. "მზად ვართ საქართველოს გამო რუსეთთან საომრად?" - თავშეკავებით იკითხა ჰედლიმ. ხმაური ჩაცხრა და დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო რეალურად".

ომის დასრულების შემდეგ რაისმა და სააკაშვილმა გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ამ უკანასკნელმა დასახული გეგმა დაარღვია და რაისი ძალიან გააცეცხლა: "ვღელავდი საქართველოს ჭირვეულ, ემოციურ და გადაღლილ პრეზიდენტზე და იმაზე, რა შეეძლო მას ეთქვა. "ბატონო პრეზიდენტო, გადაუხადეთ მადლობა ევროპელებსა და ამერიკელებს თანადგომისთვის. ომის დამთავრებასთან დაკავშირებით თქვენი ხალხი გაამხნევეთ. რუსეთის საქციელის კომენტირება მე მომანდეთ,”- ვუთხარი მე. პრესკონფერენცია მშვიდად დაიწყო. ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ვხედავდი, რომ ქართველი თანდათან ფიცხდებოდა. მან ბორძიკით განაგრძო სიტყვა, თითქოს სათქმელზე ფიქრობდა. სააკაშვილი მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად, ასე რომ, აქ ენის პრობლემა არ იყო. უეცრად ის აგრესიულ ენაზე ალაპარაკდა, - რუსები ბარბაროსები არიან, მათი ტანკები წინ მოიწევენ და გაჩერებას არ აპირებენო. რუსებზე მკაცრ სიტყვებს ველოდი, ასე რომ, საქმე ჯერჯერობით ცუდად არ მიდის-მეთქი, - გავიფიქრე. მაგრამ როცა ევროპელებზე გადავიდა, ახსენა მიუნხენის მორიგება, ისე გავცეცხლდი, ვეღარც კი ვლაპარაკობდი.

შეთანხმებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჩავატარეთ. აღმოვაჩინე, რომ მოკავშირეები გასაოცრად გულმოწყალენი იყვნენ სააკაშვილისადმი, მაგრამ რამდენიმემ თქვა, რომ მან უკვე აჩვენა, თუ რატომაა მაპ-ის მინიჭება მისთვის არც ისე კარგი აზრი".

ჯოშუა კუჩერა

"ევრაზიანეტი", აშშ