ოლიგარქი და ხელისუფლება - კვირის პალიტრა

ოლიგარქი და ხელისუფლება

ყველასათვის მოულოდნელად იდუმალმა და პოპულარულმა ქართველმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა.

ხელისუფლების მიერ ნაფერები ოლიგარქი თვალის დახამხამებაში სააკაშვილის მტრად გადაიქცა. "პოლიტიკოსი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, თავის ხალხს, ანდა ელემენტარული თავმოყვარეობა გააჩნია, მიხვდებოდა, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია და არ შეეცდებოდა კანონმდებლობის შეცვლას ძალადობითა და სიცრუით", - განაცხადა კაცმა, რომელმაც სამშობლოში საქველმოქმედოდ ასეულობით მილიონი დოლარი გაიღო. ეს განცხადება აღიქმება, როგორც მსჯავრის გამოტანა. ძირითადი პრეტენზიები, რაც ივანიშვილს სააკაშვილის მიმართ გააჩნია, არის: ბიზნესზე ძალისმიერი ზემოქმედება, სპეცსამსახურების უკანონო ქმედებები, უსაზღვრო სახელმწიფო პროპაგანდა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა.

"ეს სააკაშვილის წინააღმდეგ ღიად გამოცხადებული ომია", - განაცხადეს ანალიტიკოსებმა.

საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ყოველი მხრიდან შეუტია თავის ყოფილ მეგობარსა და სპონსორს. ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა და ახლა, თუ სამშობლოს საზღვრებს გასცდება, უკან არ შეუშვებენ, განაიარაღა მისი დაცვა - საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ბიზნესმენთან ხელშეკრულებით მუშაობდნენ. ახლა ისინი ივანიშვილს უიარაღოდ იცავენ. ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტში დააკავეს საქველმოქმედო-სამშენებლო კომპანია "უტას" ტვირთი, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრისთვის იყო გამიზნული.

მერიის სამეთვალყურეო სამსახურმა ბიძინას კომპანია 4 ათასი ლარით დააჯარიმა - როსტომ მეფის სასახლის რესტავრაცია არასწორად ჩაატარაო. მოკლედ, არავის გაუკვირდება, თუ მის სასახლეში წყალს გამორთავენ და კანალიზაციას გადაკეტავენ. ყველაზე ანეკდოტური აეროპორტში ბიზნესმენ ვალერი ლევინის დაკავება იყო, რომელსაც ივანიშვილთან რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის და იქ ბიზნესის გაყიდვაზე საჭირო დოკუმენტებთან ერთად, ოლიგარქის ქალიშვილისთვის საჩუქრად ჟურნალი "ქვის ენერგია" მოჰქონდა. ეს ჟურნალი მოსკოვის ყველა ჯიხურში იყიდება და თან მოჰყვება მინერალების კოლექცია... რადიოაქტიური ქვები გადმოიტანაო - დააბრალეს.

ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორები გაკვირვებულები არიან, რამ აიძულა ხელისუფლებასთან ურთიერთობისას განსაკუთრებით ფრთხილი კაცი, რომელსაც განდიდების მანია არასოდეს ჰქონია, პოლიტიკაში ჩარეულიყოო. ის რუსეთში ბიზნესის საკეთებლად 1990 წელს წავიდა და მალე გამდიდრდა. მისმა ბიზნესმა 1998 წლის კრიზისსაც გაუძლო. მაგრამ ივანიშვილს სულ უფრო და უფრო უმძიმდა რუსეთში ცხოვრება. მისი მეგობრები ამბობენ, მოსკოვში ყოფნა არ უყვარდაო. ალბათ ამიტომაც ააშენა ქალაქგარეთ რეზიდენცია. მისი ძმის მოტაცების და ერთ-ერთი შვილის მოტაცების მცდელობის შემდეგ მან დაცვა გააძლიერა. შემდეგ კი ერთ დღეში მთელი ოჯახით საფრანგეთში გადაბარგდა. საქართველოში 2004 წლის ზამთარში, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩავიდა და სააკაშვილს მხარში ამოუდგა. დღეს ის უარყოფს, რომ აფინანსებდა სააკაშვილს, მაგრამ არავის სჯერა. "ივანიშვილი ყოველთვის მხარს გვიჭერდა, და არა მარტო არჩევნებზე. მან ხანდახან არც იცოდა, რისთვის გვაძლევდა ფულს. ხშირად ვთხოვდით - ამდენი და ამდენი მოგვეციო. სააკაშვილი ხშირად სტუმრობდა საჩხერეში", - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. მაგრამ რევოლუციურ პრეზიდენტთან სიახლოვეს ყოველთვის ცუდი შედეგი მოჰყვება...

სააკაშვილის გარემოცვამ ოლიგარქს "კრემლის აგენტის" იარლიყი მიაკერა, მაგრამ ხელისუფლების აგრესიულმა გამოხდომებმა ბიზნესმენის მიმართ ხალხის თანაგრძნობა გამოიწვია. მისი მხარე დაიჭირა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ხოლო ეს ღრმად რელიგიურ საქართველოში ბევრ რამეს ნიშნავს.

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი. მოსკოვს იმედი ნუ ექნება, რომ ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში აღარ იქნება ის ფუნდამენტური პრობლემები, რაც ახლა არის. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ივანიშვილი უარს იტყვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

სადაც უნდა მოეპოვებინა თავისი მილიარდები ივანიშვილს, ის პირველ რიგში ქართველია.

იბეჭდება შემოკლებით

"ოგონიოკი", რუსეთი