აფხაზეთმა ადამიანის უფლებების დაცვაზე უნდა იფიქროს - კვირის პალიტრა

აფხაზეთმა ადამიანის უფლებების დაცვაზე უნდა იფიქროს

აფხაზეთში დომინოს თამაში უყვართ, მაგრამ ისევე, როგორც პინგპონგს ჩინეთში, დომინოს თამაშს აფხაზეთში უფრო ფართო დიპლომატიური მნიშვნელობა აქვს. ოქტომბერში სოხუმი დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით ამაყობდა. აფხაზეთს არ გაუმარჯვია (ეს პატივი დომინიკის რესპუბლიკას ერგო), მაგრამ მიზანს საერთაშორისო ყურადღების მიპყრობით მიაღწია. ჩემპიონატში ოცზე მეტი ქვეყნიდან (მათ შორის აშშ-დან) 200-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობდა. აფხაზეთს მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა და კიდევ ორი ციცქნა სახელმწიფო აღიარებს და მისი სტატუსი რუსეთ-საქართველოს მწვავე დაპირისპირების მიზეზია. ორ ქვეყანას შორის 9 ნოემბერს საბაჟოს საკითხებზე მიღწეული შეთანხმება იმის ნიშანია, რომ კომპრომისი შესაძლებელია. თუმცა ვაშინგტონისა და თბილისის გაღიზიანება და მოსკოვისა და სოხუმის სიამაყე ისეთ უწყინარ მოვლენაზე, როგორიც დომინოს ტურნირია, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად პოლიტიზებულია სინამდვილეში აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება. ეს ატმოსფერო ოდნავაც არ აადვილებს დამოუკიდებელი უფლებადამცველების მუშაობას აფხაზეთში. Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ი იშვიათად ეძებს იოლ გზებს. ეს კი ნიშნავს, რომ  საჭიროა განსხვავებული, უფრო კრეატიული მიდგომების გამოძებნა, რათა მთავარმა მოთამაშეებმა დაიცვან ხალხის უფლებები. მათ შორის არის რუსეთი, რომელიც ტერიტორიას მტკიცე სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.

მაგალითად ავიღოთ კონფლიქტის შემდეგ დაბრუნებულ ადამიანთა უფლებები. საქართველო-აფხაზეთის 1992-93 წლების ომის შედეგად 200 ათასზე მეტი დევნილი გაჩნდა, უმეტესობა ეთნიკური ქართველი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი გაიზარდა.

ერთადერთი ადგილი, სადაც 1993 წლის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დევნილებს დაბრუნების უფლებას აძლევს, გალის რაიონია, სადაც ომამდე მოსახლეობის 96% ეთნიკური ქართველი იყო.

აფხაზეთი დიდწილად აუღიარებელი სახელმწიფოა, მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს ხელისუფლების, როგორც ტერიტორიის მაკონტროლებელი ძალის ვალდებულებას, გაიზიაროს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვის კანონი, რაც მოიცავს ასევე ეთნიკური ქართველების უფლებას, დაუბრკოლებლად დაბრუნდნენ სახლებში, სადაც ომამდე ცხოვრობდნენ.

აფხაზეთი ამ ვალდებულებების ერთგული არ არის. გალის რაიონში დაახლოებით 47000 დევნილი დაბრუნდა, მაგრამ ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელების გზაზე შეზღუდვებს აწესებს.

მაგალითად, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ პროცედურებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემისას, შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, შეზღუდულია ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება. ჩვენ ამ საკითხებზე 90 წუთის განმავლობაში ვესაუბრებოდით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს.

ის ჩვენი დასკვნების უმეტესობას არ ეთანხმება, თუმცა ლაპარაკობს "ახალ რეალიებზე", რომელსაც აფხაზეთში აშენებს, რეალიებზე, რომელსაც "უფრო მტრულად განწყობილი საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა შეეგუოს", - აღნიშნავს იგი. თუმცა, გულახდილად ილაპარაკა სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების დეტალებზე.

ჩვენ ვთქვით, რომ მისი ახალი რეალიები“ამ ტერიტორიის ძირძველი მოსახლეობის უფლებებს უნდა ეფუძნებოდეს. საამისოდ კონსტრუქციული მიდგომით უნდა მოხდეს ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, როგორიცაა რეპატრიანტთა უფლებები, რომელიც ლეგიტიმურად მოითხოვს ქმედებებს და სადაც მარტივმა ნაბიჯებმა შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს ათიათასობით ადამიანს, რათა ისარგებლოს თავისი საბაზისო უფლებებით. მსგავსი მიდგომა სჭირდებათ რუსეთს და საქართველოს დასავლელ მხარდამჭერებს. რუსეთს გამოკვეთილი გავლენა აქვს აფხაზეთზე და ეს უნდა გამოიყენოს. დასავლეთს კი არ აწყენდა იმის აღიარება, რომ პოზიტიური პროცესები კონფლიქტის მოგვარებაზეც დადებითად აისახება.

ეს მიდგომა შეიძლება შეერწყას ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა აფხაზეთში ადამიანის უფლებების მონიტორინგი და მხარდაჭერის პროგრამები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორებიცაა გაერო და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლებსაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რეგიონის დატოვება აიძულეს.

აფხაზეთის აშკარა სვლა საკუთარი სუვერენიტეტის ინსტიტუციონალიზაციისკენ დომინოს თამაშით და სხვა მსგავსი ნაბიჯებით არ უნდა ხდებოდეს. ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებების, მათ შორის რეპატრიანტთა უფლებების შელახვის ხარჯზე.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი