რუსეთისთვის სახიფათოა - კვირის პალიტრა

რუსეთისთვის სახიფათოა

სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შედეგად წარმოქმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რაც რუსეთის ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატის დამარცხებას მოჰყვა, მოსკოვი მძიმე დღეში ჩააგდო.დაძაბულობა და ძალადობრივი ქმედებები ადასტურებს, რომ მყიფეა მშვიდობა საქართველოსგან გაქცეულ კავკასიურ რესპუბლიკებში.

რუსეთმა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, ცხინვალში თავისი წარმომადგენელი გაგზავნა - რეგიონთაშორისი და უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების საკითხებზე რფ-ის პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი ვინოკუროვი. თუ კონფლიქტი გაგრძელდა, საქართველომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს და იმას მიაღწიოს, რაც 2008 წელს სამხედრო ძალით  ვერ მოახერხაო, - იუწყებიან კარგად ინფორმირებული ოსური წყაროები.

ალა ჯიოევასაც და ანატოლი ბიბილოვსაც პრორუსული პოზიცია აქვთ, თუმცა სწორედ ამ უკანასკნელს უჭერს მხარს მედვედევ-პუტინის ტანდემი. მათ უნდათ, ბიბილოვმა შეცვალოს კოკოითი და ამით აკონტროლონ ფინანსური ნაკადები. განათლების ყოფილ მინისტრს, ალა ჯიოევას მჭიდრო კავშირი აქვს ძამბოლატ თედეევთან, თავისუფალ ჭიდაობაში სსრკ-ის და ევროპის ყოფილ ჩემპიონთან და დღეს სპორტის ამ სახეობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, - აცხადებენ იგივე წყაროები. მათი აზრით, სწორედ ეს სპორტსმენი და კავკასიური კლანის გავლენიანი ხელმძღვანელია ჯიოევას საარჩევნო კამპანიის მოქმედი გმირი და მისი მთავარი დამფინანსებელი.

თუკი ჯიოევა პრეზიდენტი გახდება, თედეევი დასახლდება სამხრეთ ოსეთში და რუსეთიდან ფინანსური ნაკადების კონტროლს და მოსკოვს და თბილისს შორის შუამავლის როლის თამაშს შეძლებს. საქართველოს დედაქალაქში დღეს ცხოვრობს რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდან არის და ერთ დროს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ემხრობოდა, თუმცა, საბოლოოდ, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ფინანსურის გამოც, ისინი თბილისის მხარეს გადავიდნენ, - მიაჩნიათ ოსურ წყაროებს. მოსკოვისთვის ეს იმის არასასურველ პერსპექტივას ქმნის, რომ ქართული ლობი სამხრეთ ოსეთში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ნეიტრალიზებულია, კვლავ დაიწყებს ამ რესპუბლიკის ცხოვრებაში გარკვეული პოლიტიკური როლის თამაშს, რადგან კავშირები კავკასიის საქმიან და სპორტულ წრეებს შორის უფრო მტკიცე და მიმზიდველია, ვიდრე სამხრეთ ოსეთის განვითარებისა და განმტკიცების პროექტი. რუსეთისთვის, მით უფრო საკუთარი საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს მოვლენათა განვითარების არასასურველი სცენარია.

"ელ პაისი", ესპანეთი