გამოწვევა მიშას - კვირის პალიტრა

გამოწვევა მიშას

მაშინ, როდესაც საქართველო, რომელმაც ბოლო ოც წელიწადში სამოქალაქო ომი, რევოლუცია და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტიც კი გამოიარა, ნორმალურ სახელმწიფოს ემსგავსებოდა და მისი პოლიტიკა მოსაწყენიც კი ხდებოდა, ქვეყნის ყველაზე მდიდარი და იდუმალებით მოცული ადამიანი ხმაურით გამოვიდა პოლიტიკურ ავანსცენაზე.

ბიძინა ივანიშვილი, რომლის 5.5 მლრდ დოლარიანი ქონება საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტსაც შეავსებდა და ხურდაც დარჩებოდა, აცხადებს, - დადგა დრო, მიხეილ სააკაშვილის "ავტორიტარულ" მმართველობას ბოლო მოეღოსო.

ივანიშვილი საქართველოზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს იყოს სარისკო კაპიტალდაბანდება, რომელსაც ერთი-ორი წლით სათავეში ჩაუდგება,  დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ პრესას დაამკვიდრებს და კარგ მენეჯერებს დაასაქმებს. "ამ საქმეს ის ისე უყურებს, როგორც კონკურენტი კომპანიის დაუფლებას", - ამბობს, ბიზნესმენი და რეფორმატორი კახა ბენდუქიძე.

ივანიშვილის მთავარი მიზანი მსოფლიოში სააკაშვილის რეპუტაციის შელახვაა - "რეალურად ის არავის მოსწონს არც ევროპაში და არც ამერიკაში. აი ნახავთ, დასავლეთიდან მხარდაჭერა ორ-სამ თვეში აღარ ექნება".”

სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი. საქართველოს სასამართლოს თავისუფლება აკლია, პოლიცია პოლიტიზებულია, პარლამენტი მთავრობის ნების შემსრულებელია, არავინ იცის, ვის ეკუთვნის მედიასაშუალებები და მთავრობაც არატოლერანტულია კრიტიკის მიმართ. მაგრამ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყნად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს, - ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებსო. დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი ჯანყი არ სურთ.

ივანიშვილის მთავარი მიმზიდველობა სიმდიდრეა. არის იმის საფრთხე, რომ საქართველომ ის ახალ მხსნელად იგულოს.

საქართველოს მთავრობამ საბაბი გამონახა და ივანიშვილს (და მის მეუღლეს) მოქალაქეობა ჩამოართვა. მისი ბანკიდან კი მილიონობით დოლარის კონფისკაცია განხორციელდა. ყოველივე ამას დევნის და პანიკის ელფერი აქვს. საკითხავი ისაა, რა მოხდება სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობას საპარლამენტოთი ცვლის, იმის ნიშანია, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა პრემიერ-მინისტრის პოსტის მეშვეობით უნდა.

სააკაშვილის საქციელი ჯერ არ მიანიშნებს, რომ რუსეთის და პუტინის მაგალითის გამეორებას აპირებს, რადგან იცის, - ეს მის რეპუტაციას და მემკვიდრეობას გაანადგურებს. მაგრამ სააკაშვილის მემკვიდრეობა მისი კურსის და გუნდის დარჩენაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ამისათვის ივანიშვილის გაჩერებაა საჭირო.

იბეჭდება შემოკლებით

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი