სამხრეთ კავკასია დღეს - კვირის პალიტრა

სამხრეთ კავკასია დღეს

15 ქვეყანას, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებში იშვა, უკვე ოცი წელი შეუსრულდა.სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო აღარ არიან ახალშექმნილი სახელმწიფოები, როგორც მათ უწოდებდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში, მათი დამოუკიდებლობა შეუქცევადია. ოცი წელი ის ასაკია, როდესაც წინ უნდა იყურო და არა უკან. ტერმინი "პოსტსაბჭოთაც" ნაკლებად გამოსადეგია. ამჟამად სამხრეთ კავკასია თავიდან ადგენს საკუთარ გეოგრაფიას რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გზასაყარზე. ირანი და თურქეთი უფრო ახლოს არიან, ვიდრე მოსკოვი.

ტერმინი, "კონფლიქტური რეგიონები", ნათლად ვერ აღწერს ამ სახელმწიფოებს. რაღა თქმა უნდა, დღემდე მოუგვარებელმა სამმა კონფლიქტმა, რომლებიც სადავო ტერიტორიების: აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყარაბაღის გამო მოხდა, აქაურობას ღრმა კვალი დააჩნია. მაგრამ შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ეს კონფლიქტები განსაზღვრავს რეგიონის მოსახლეობის თვითაღქმას. ამ კონფლიქტების მიუხედავად, გრძელდება სახელმწიფო მშენებლობა.

სამივე ქვეყანა დღეს ფუნქციონირებადი სახელმწიფოა. ბაქო, თბილისი და ერევანი ძალიან კარგი სანახავია უცხოელისთვის - მშვენიერი მაღაზიები და სასტუმროები, საუცხოო მომსახურება. მაგრამ ამ ქალაქების ზღვარს მიღმა სხვა სურათი იშლება - სიღარიბე, გამანადგურებელი უმუშევრობა და ასეულობით სანახევროდ დაცარიელებული სოფელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე კონფლიქტების განახლებაა, რაც მათ ოცი წლით უკან დააბრუნებს, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ააშენონ ქვეყნები, სადაც უღარიბესი მოსახლეობაც კი მოისურვებს ცხოვრებას. აქ კეთილდღეობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელიხელჩაკიდებული დადიან. სამივე ქვეყანაში ძირითადად ერთპარტიული სისტემა და სუსტი ოპოზიციაა. ეს ქმნის გათიშულობას მმართველ კლასსა და მოსახლეობის მასას შორის - ამ ვითარებას დღევანდელობის ფეოდალური ურთიერთობანი შეიძლება ეწოდოს.

შესაძლოა, ყველაზე დამთრგუნველი სამხრეთ კავკასიის ოცწლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ის არის, რომ აქ არ არის არც ერთი მაგალითი იმისა, როდესაც ძალაუფლება არჩევნების მეშვეობით და მშვიდობიანად გადაეცა მთავრობიდან ოპოზიციას. არსად მომხდარა, რომ ქვეყნის მმართველს არჩევნები წაეგო და მეტოქისთვის გამარჯვება მიელოცა. ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ვისაც კავკასიის სიკეთე უნდა.

თომას დე ვაალი

"კარნეგი ენდოუმენტ", აშშ