რეზოლუცია ჩავარდა... - კვირის პალიტრა

რეზოლუცია ჩავარდა...

”იმ დროს, როდესაც ამერიკელ სენატორთა უმრავლესობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემებზე, ომის დაფინანსებასა და ამერიკელების საკონსტიტუციო თავისუფლებებზე მსჯელობდა, სენატორი მარკო რუბიო (ფლორიდელი რესპუბლიკელი) უფრო უცხო ქვეყნის ბედზე წუხდა.ცდილობდა, კულუარებში ისეთი კენჭისყრის ჩატარებაზე დაეთანხმებინა სენატის წევრები, რომელიც დააჩქარებდა საქართველოს ნატოში გაწევრებას. გამარტივებულ პროცედურას, რომლის მეშვეობითაც უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, ერთსულოვანი თანხმობა ეწოდება. მაგრამ არ მიიღეს, რადგან სენატორმა რენდ პოლმა მარტომ აღკვეთა ეს მცდელობა. ეს ტრივიალური საკითხი არ გეგონოთ. არ შეცდეთ: საქართველოს ნატოში მიღებამ შეიძლება შეერთებული შტატები ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს, ამიტომაც საქართველოს ნატოში გაწევრების ხელშეწყობა საჯარო დებატების საგანი უნდა გახდეს. რუბიოს მცდელობა, ყოველგვარი დებატებისა და კენჭისყრის გარეშე, საკითხი ერთსულოვანი თანხმობით გადაეწყვიტა, – უკიდურესად საეჭვოა და სენატორის გონიერებას ეჭვქვეშ აყენებს. რუბიო და პოლი ახალბედა სენატორები არიან, ისინი 2010 წელს აირჩიეს და საგარეო პოლიტიკური კურსის ორ პოლუსს წარმოადგენენ: რუბიო ამერიკის ძალისმიერი განსაკუთრებულობის იდეის მომხრეა, ხოლო პოლი - იზოლაციონიზმისა და მცირე მთავრობისა. საქართველოს ნატოში გაწევრების ძალისხმევა არა მხოლოდ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს გაამწვავებს, რაც შეიძლება რუბიოს სურს კიდეც, არამედ აუცილებლად გაამძაფრებს დაძაბულობას საქართველო-რუსეთს შორის და კონფლიქტის ახალ რაუნდს დააჩქარებს. ნატოში საქართველოს გაწევრება არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს და ის მხარდაჭერა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობისას ჰქონდა საქართველოს აშშ-ის მხრიდან, მისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდა. მაგრამ რუბიოს დოკუმენტს, მიღების შემთხვევაშიც, დიდი შედეგი არ ექნებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო არ მიიღეს ნატოში, ის არის, რომ წამყვან ევროპულ მთავრობებს არ აინტერესებთ ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების გავრცელება ასეთ ღარიბ და დანაწევრებულ ქვეყანაზე.”

საინტერესოა ისიც, რომ რუბიოს რეზოლუცია საქართველოსთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის მინიჭებას ისახავდა მიზნად, ანუ იმას, რაც 2008 წელს დღის წესრიგიდან მოიხსნა ნატო-საქართველოს საბჭოს სასარგებლოდ. მას შემდეგ სამოქმედო გეგმაზე ბევრს აღარც ლაპარაკობენ და თავის საჯარო გამოსვლებში ამას, თითქოს, თვით საქართველოს მთავრობაც კი ეთანხმება. საინტერესოა, საქართველოს ლობისტები კულუარებში ისევ განაგრძობენ სამოქმედო გეგმის ლობირებას, თუ რუბიო ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით ურჩობს? იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა იძაბება, იბადება ერთი კითხვა - ხომ არ არის ეს ის თემა, რომელსაც გაისად, არჩევნებში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი წინ წამოსწევს?

"დეილი ქოლერი", აშშ