საბჭოთა დიპლომატიის "ბებერი მელა" - კვირის პალიტრა

საბჭოთა დიპლომატიის "ბებერი მელა"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, სომხეთიდან აჭარაში მიმავალი გზის მშენებლობა აჭარას დემოგრაფიულ საფრთხეს უქადისო და მაგალითად აფხაზები მოიყვანა, - აფხაზეთში აფხაზზე მეტი სომეხი ცხოვრობსო. შევარდნაძე საბჭოთა დროინდელი დიპლომატია, მისი დრო წასულია, მაგრამ მაინც განაგრძობს ბრძოლას დამოუკიდებელ საქართველოში ადგილის დასამკვიდრებლად. სამიზნედ სომხები გაიხადა. ცდილობს, სომხებისადმი არაკეთილგანწყობა შექმნას საქართველოში და კერძოდ, აჭარაში, სადაც ზაფხულობით უამრავი სომეხი ჩადის დასასვენებლად, ბევრი ბიზნესმენი კი იქ ინვესტიციებსაც დებს. ცხადია, ეს ნათქვამი საქართველოს გულზე მოხვდება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, თუ რამდენად სახიფათოა შევარდნაძის განცხადება. ის დარტყმას მიაყენებს საქართველო-სომხეთის სატრანსპორტო პროგრამას და საქართველოს ეკონომიკას, რადგან შესაძლოა შეწყდეს სომეხი ტურისტების ჩასვლა აჭარაში. ამავე დროს მისი განცხადება მორალურ-ეთიკური თვალსაზრისითაც საზიანოა - შესაძლოა, რომ საქართველოში მკვეთრად გაიზარდოს ანტისომხური განწყობა.

ამით, რასაკვირველია, მოიგებს რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. მათი ინტერესები რაღაც-რაღაცებში ჰარმონიულია, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში საბოლოო მიზნების მიღწევაში მხოლოდ სომხებს შეუძლიათ მათთვის ხელის შეშლა. საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად ამ ქვეყნებს სომხეთ-საქართველოს შორის დაძაბულობის გამწვავება სჭირდებათ, რითაც ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერენ - სომხეთს და საქართველოს.

რუსულ-საბჭოური დიპლომატიის "მელა" ედუარდ შევარდნაძე, ცხადია, იმ ფასეულობათა სისტემის ერთგულია, რომელსაც ემსახურებოდა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტობისას. ჩანს, ამ კავშირებმა გამოაღვიძა იგი სერჟ სარგსიანის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მით უმეტეს, რომ ამ ვიზიტს მოჰყვა საბავშვო ევროვიზიაზე ქართველ მონაწილეთა გამარჯვება. საქართველოში ყოფნისას სარგსიანმა ასევე განაცხადა, ახლა კარგი დროა სომხური დიასპორის საკითხების გადასაწყვეტადო. ამან კი უფრო შეაშფოთა გარკვეული ინსტანციები. აი, საიდან ჩნდება აჭარის დემოგრაფიული საკითხი. ეს უაზრო მუქარაა, რომელიც შევარდნაძის წყალობით მოიგონეს. სომხეთს თავად აქვს დიდი დემოგრაფიული საფრთხე, ამიტომაც ვერ შეძლებს სხვის დემოგრაფიულ ექსპანსიას, თუ, ცხადია, ლაპარაკი არ არის ჯუჯა სახელმწიფოზე...

"ლრაგირი", სომხეთი