კავკასიის ვარსკვლავი? - კვირის პალიტრა

კავკასიის ვარსკვლავი?

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომმა სერიოზულად დააზიანა საქართველოს ეკონომიკა.ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, მასზეც უარყოფითად აისახა გლობალური ეკონომიკის კრიზისი, თუმცა საქართველო სირთულეებს გაუმკლავდა. საკრედიტო რეიტინგების სააგენტო Standard & Poor-მა ახლახან საქართველოს რეიტინგები განაახლა BB- -დან B+ -მდე და "მდგრადი ზრდის პერსპექტივა" დააფიქსირა. საქართველო წელს 7%-იან ზრდას ელის, ჩრდილოვანი ეკონომიკის დაახლოებით 10%-იანი კლებით. ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოში, მსოფლიო ბანკის თანახმად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო პირობებია.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობაა. აშშ-ის მტკიცე მოკავშირე სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი. ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, საქართველოს სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობის პრობლემები აქვს და პარლამენტი ხშირად ნოტარიუსის როლშია. თუმცა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სააკაშვილმა საქართველო კორუფციასთან მებრძოლი ქვეყნის მოდელად აქცია. თბილისი ევროპის კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად ითვლება პოლიციით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე არაკორუმპირებული პოლიციის ხუთეულში შედის.

როგორც ჩანს, სწორედ რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მიიღო საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა 2008 წლის ალიანსის ბუქარესტის სამიტზე. თუმცა, მისი ხელმძღვანელობა დანებებას არ აპირებს და სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის დააკმაყოფილებს აუცილებელ, მათ შორის დემოკრატიასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს და ნატოს მხოლოდ ერთი კარტი დარჩება ქვეყნის ალიანსის მიღმა დასატოვებლად, კერძოდ, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არსებული ტერიტორიები (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). საქართველოს მომავალი, უპირველესად დამოკიდებულია მის ნებასა და სიმტკიცეზე - განაახლოს შიდა რეფორმები, რომელიც ძლიერ პლურალისტურ დემოკრატიას ქმნის. საქართველოს ამ მხრივ გამოცდა 2012 და 2013 წლებში ელის, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს. ის აუცილებლად თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ეს არჩევნები ერთგვარ ბრძოლად გადაიქცევა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიასა და ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახლახან ჩამოყალიბებულ ოპოზიციას შორის.

საქართველო თავს სამხრეთ კავკასიის ვარსკვლავად, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მოდელად წარმოაჩენს. დაველოდოთ და ვნახოთ...

"თუდეი ზამანი",  თურქეთი