ნატო პოლიტიკას ცვლის? - კვირის პალიტრა

ნატო პოლიტიკას ცვლის?

ნატომ პირველად უწოდა საქართველოს "ასპირანტი", ანუ პრეტენდენტი-სახელმწიფო, რომელიც ალიანსში გაწევრებისკენ ისწრაფვის. დღემდე ამ კატეგორიაში მხოლოდ ბალკანეთის სამი სახელმწიფო შედიოდა: ბოსნია, მაკედონია და ჩერნოგორია. ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემაჯამებელ კომუნიკეში ნათქვამია: "მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ-პრეტენდენტებს: მაკედონიას, ბოსნიას და ჰერცეგოვინას, ჩერნოგორიას და საქართველოს, მნიშვნელოვანი საოპერაციო მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ნატოს აღმოუჩინეს. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისა და ჩვენი პარტნიორი-პრეტენდენტების ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, იმ გადაწყვეტილებების თანახმად, რომელიც მანამდე ნატოს ბუქარესტის, სტრასბურგ-კელის და ლისაბონის სამიტებზე იქნა მიღებული. დემოკრატიული ფასეულობები, რეგიონული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ მივესალმებით პრეტენდენტი-ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ მათ, განაგრძონ აუცილებელი გადაწყვეტილებებისა და რეფორმების განხორციელება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში წარმატებების მისაღწევად".

რუსეთმა, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი დაგმო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა მინისტრ სერგეი ლავროვის პრესკონფერენციის ტექსტი. ლავროვის გამოსვლის ფრაგმენტი:„"მე ა\ღვნიშნე, რომ გუშინ, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ კომუნიკეში არის ტერმინი "ასპირანტ პარტნერს“, ანუ პარტნიორები, რომლებიც ნატოში გაწევრებისკენ მიისწრაფვიან. ამ ტერმინით მოხსენიებულ ქვეყნებს შორის არის საქართველო. მე გულწრფელად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ ამით უნებლიეთ არ წაახალისონ საქართველოს დღევანდელი რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის გამეორებისკენ, რაც ნატოს ბუქარესტის სამიტიდან მალევე მოხდა და სადაც უაპელაციოდ აღინიშნა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკის გათვალისწინებით, არ მეეჭვება, რომ ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეშლილი და უგუნური გადაწყვეტილების მიღებაში. იმედი გამოვთქვი, რომ ნატოს წევრები პასუხისმგებლობით მიუდგებიან მსგავსი ტიპის მოვლენებს რეგიონში, რომელიც სტრატეგიულია სამხრეთ კავკასიის და რუსეთის ფედერაციისთვის. იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. ვიმედოვნებ, რომ მათ ჩემი ნათქვამი გაიგეს".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე, რომელიც ასევე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შედეგებს მიეძღვნა, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში შევიდა, რომელიც ადრე მხოლოდ ბალკანეთის სამ პრეტენდენტ-ქვეყანას მოიცავდა. "დაბოლოს, ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომელიც ეძღვნება ალიანსის წევრობის მსურველ ოთხ ქვეყანას: მაკედონიას, ჩერნოგორიას, ბოსნიას და საქართველოს, ასევე ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოებისთვის ნატოს კარი ღია გვქონდეს, და ისიც, თუ როგორ უნდა გავაგებინოთ მათ ჩიკაგოს სამიტზე ის, რისი გაკეთებაა კიდევ აუცილებელი ალიანსში გასაწევრებლად."

მაშ ასე, რა არის ეს - პოლიტიკის კარდინალური ცვლა, თუ მხოლოდ რიტორიკის ცვლა? ყველა შემთხვევაში მოვლენების განვითარებას ყურადღებით დავაკვირდებით.

"ევრაზიანეტი", აშშ