სააკაშვილი: მე ყველაზე სერიოზულ პრობლემად ვიქეცი - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: მე ყველაზე სერიოზულ პრობლემად ვიქეცი

ამონარიდი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ "ფოლია დე სან პაულუსთვის" ტელეფონით მიცემულ ინტერვიუდან:

- საქართველომ საბჭოთა პერიოდი თქვენი ხელმძღვანელობით დაძლია, მაგრამ ორ რეგიონს რუსეთი გედავებათ და ამ პრობლემის გადაჭრა უახლოეს ხანში გაჭირდება. როგორია ბალანსი პირველი 20 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ?

- ის, რაც მართლა მოხდა საქართველოში, არის რევოლუცია ადამიანთა გონებაში. საბჭოთა კავშირი 20 წელია დაიშალა, მაგრამ თავის ყოფილ ტერიტორიაზე საბჭოთა მენტალიტეტი მაინც ცოცხლობს. საქართველომ, ბალტიის სამ სახელმწიფოსთან ერთად, შეძლო საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება. ეს შესაძლებელი გახადა ჩვენ მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა; მაგრამ ჩვენს ორ რეგიონს (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს) რუსეთი აკონტროლებს, რასაც რუსეთი ამ ტერიტორიაზე აკეთებს ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა "ცივი ომის" დროს ბერლინის კედელთან, როცა ქვეყანა არა მარტო კედლით, არამედ მენტალობით და ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემებით იყო გაყოფილი. არა მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს, ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირიც ყველგან დაინგრევა.

- რატომ ანიჭებთ ნატოში შესვლას ასეთ დიდ როლს?

- ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვიმყოფებით - სიცოცხლე უნდა შევინარჩუნოთ; მეორე მხრივ, სადღაც ხომ უნდა ვიყოთ, დსთ-ის წევრები აღარ ვართ. პირველ რიგში ნატოსა და ევროკავშირზე ვფიქრობთ. გამოკითხვით - ნატოში გაწევრებას მოსახლეობის 80% ემხრობა.

- მოსკოვმა და თბილისმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე. არის ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშანი?

- ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ნებისმიერი ლიდერი რუსეთისთვის პრობლემური იქნება, მაგრამ მე ყველაზე სერიოზულ პრობლემად ვიქეცი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან წარმატებული რეფორმები განახორციელა.

"ფოლია დე სან პაულუ", ბრაზილია