პოლიტიკური აღორძინება კავკასიაში საქართველოს რეფორმატორის იმიჯს ემუქრება - კვირის პალიტრა

პოლიტიკური აღორძინება კავკასიაში საქართველოს რეფორმატორის იმიჯს ემუქრება

დუმის გასაოცრად სადავო არჩევნების შემდეგ რუსეთი მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა, მეამბოხე რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი, ასეთივე სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - პოლიტიკურმა არეულობამ, ხოლო სეპარატისტულმა აფხაზეთმა ახლახან გადალახა უკიდურესად კონკურენტული არჩევნები.ევრაზიაში პოლიტიკური მეტაფორების გადაფასების დრო ხომ არ დადგა? მოვლენათა ამგვარი განვითარება მით უფრო საყურადღებოა, რომ საქართველოში, რომელსაც დასავლელი მხარდამჭერები ხშირად რეგიონის საუკეთესო რეფორმატორად მიიჩნევენ, მოულოდნელმა პოლიტიკურმა რეალობამ იჩინა თავი და ვითომდა დემოკრატიული რესპუბლიკის ავტოკრატიული კონტურები უფრო გამოკვეთა.

დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა რაკი ძალაუფლების შენარჩუნება მოინდომა, მთელ რუსეთში ხალხი საპროტესტოდ ქუჩაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გაისმოდა ბრალდებები - არჩევნები გაყალბდაო, რუსეთის მმართველმა პარტიამ ადგილების უბრალო უმრავლესობა მაინც მოიპოვა.

ამასობაში კი, სამხრეთ ოსეთში ასევე არ ჩამცხრალა მწვავე პოსტსაარჩევნო დრამა. მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებში განათლების ყოფილმა მინისტრმა ალა ჯიოევამ კრემლისა და მოქმედი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის რჩეული ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა, არჩევნების შედეგები მეამბოხე რეგიონის უმაღლესმა სასამართლომ გაუქმებულად გამოაცხადა. ჯიოევას მხარდამჭერთა გამოსვლები სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. ბოლოს კოკოითიმ და ჯიოევამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, ახალი არჩევნები მომავალ გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. მართალია, პირობის შესაბამისად, კოკოითი გადადგა, მაგრამ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა იგივე ნაბიჯი არ გაიმეორა, ეს კი მიღწეულ კომპრომისს საფრთხეს უქმნის. ხოლო ორივე ამ მოვლენას წინ უსწრებდა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები აგვისტოში. ამ არჩევნებით სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი გახდა. ევრაზიაში არჩევნების ნაკლებობას არ განიცდიან, მაგრამ აფხაზეთის კონკურენტული არჩევნები და ის, რომ არ არსებობდა დადგენილი გამარჯვებული, რეგიონისთვის მართლაც დიდი იშვიათობაა.  რუსეთში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში პოლიტიკა უფრო კონკურენტული ხდება (რაც პარადოქსულია), საქართველო კი პოლიტიკურად ქვავდება. ამავე დროს, ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ადრე კამერების წინ არ ჩნდებოდა, პოლიტიკური ცუნამი წამოიწყო და საქართველოს პოლიტიკური სტატუს-კვო შეცვალა. განაცხადა, - საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ვაპირებ, რათა სააკაშვილი 2013 წლის არჩევნების შემდეგ საქმეს ჩამოვაცილოო.

იმ დროს, როდესაც ივანიშვილის ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ საქართველოს პოლიტიკური ბალანსი შეცვალა, მმართველმა პარტიამ, - გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შემოეტანა ახალი რეგულაციები. მათ საარჩევნო კამპანიების დაფინანსების განაწესში შეზღუდვები დააწესეს და სხვა ხერხებსაც მიმართეს, რათა მილიარდერის დიდი ფინანსური შესაძლებლობების გავლენა შეემცირებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა და მისმა თანამოაზრე ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა შეიძლება მონახონ გზა და მომავალ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ, ერთი რამ აშკარაა -  საქართველოს დასავლელ მხარდამჭერებს გაუჭირდებათ იმ ფაქტისთვის თვალის არიდება, რომ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პოლიტიკური რეპრესიების მტკიცებულებების რაოდენობა მატულობს.

პასუხგაუცემელი რჩება ის კითხვაც, აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას ამ მოვლენების უკუქცევის და მიზანსწრაფული პოლიტიკური დემოკრატიზაციისკენ დაბრუნების უნარი. თუ ეს ვერ მოხერხდა, საქართველო დაკარგავს იმ ერთადერთ ასპექტს, რომელიც დასავლეთისთვის მოსაწონია. იმის გამო, რომ საქართველოს წარსული მიღწევები თანდათან ფერმკრთალდება, ქვეყანა შეიძლება თავისთავად გახდეს უფრო მოწყვლადი, იზოლირებული და ნაკლებად დემოკრატიული.

"უორდ პოლიტიკს რევიუ", აშშ