რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს - კვირის პალიტრა

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს

სამხრეთ კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და სერიოზული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

რუსეთი აქ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ რჩება, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ნელდება, რაც მოსკოვისთვის ძნელად მოსანელებელი აბი გახლავთ. ხშირად მოსკოვი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მისთვის მიუღებელია ის, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო საკუთარ ბედს დამოუკიდებლად წარმართავენ, მათ შორის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კრემლი, წამყვანი როლის შესანარჩუნებლად, ჯიუტად განაგრძობს სვლას დინების საწინააღმდეგოდ.

ამ სამი ქვეყნიდან საქართველოს რუსეთთან ყველაზე ცუდი ურთიერთობა აქვს, ხოლო დასავლეთთან - ყველაზე ახლო კავშირები. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი. აფხაზეთს ავტონომიურობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. იქ რუსეთის ნაწილად ყოფნის სურვილი მცირეა, ამიტომ ამ მხრივ რუსეთს ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლია. თუმცა, ამ რეგიონებში მასშტაბური სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავთ, ნებისმიერ იქ მცხოვრებს პასპორტებს ურიგებენ; უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ რამდენიმე სექტორში, მათ შორის ჯანდაცვაში, ინფრასტრუქტურასა და ტურიზმში, რაც რუსული ენის სწავლების შესაძლებლობებს ზრდის; რუსები აქტიურად იძენენ უძრავ ქონებას, რუსეთის მოქალაქეები სეპარატისტული რეჟიმების ადმინისტრაციებში მუშაობენ.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთს მანევრებისთვის საკმაოდ დიდი სივრცე აქვს, რადგან დასავლეთმა სამხრეთ კავკასიის საკითხზე რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების საფრთხის ქვეშ დაყენებაზე უარი განაცხადა. ეს კი ხელს უწყობს რუსეთს თავისი როლის შენარჩუნებასა და ნატოს გაფართოების შეჩერებაში, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის. თუმცა, მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს ახალი ინიციატივების გამოგონებას, რათა სამხრეთ კავკასია დახურულ“ მდგომარეობაში შეინარჩუნოს, ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელი იდეის, ევრაზიული კავშირის მიმართ ინტერესი არცთუ დიდია, ის უფრო მკვდრადშობილი იდეაა.

იმპერიებისა და გავლენის სფეროების ერა დასრულდა. დროა, მოსკოვმა ეს აღიაროს.

"თუდეი ზამანი", თურქეთი