კრემლის საეჭვო დუმილი - კვირის პალიტრა

კრემლის საეჭვო დუმილი

როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესმა ობამას ადმინისტრაციას სამხედრო სფეროში საქართველოსთან ურთიერთობის "ნორმალიზებაზე" თანხმობა განუცხადა, მათ შორის თბილისისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვაზე, ამ ნაბიჯს მოსკოვისგან სასტიკი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მოსკოვი დუმს.

რუსეთი იმდენად არის დაკავებული ოპონენტების კრიტიკით ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო ნაკლებად აღელვებს.

ჩანს, კრემლს მიაჩნია, რომ ყველაფერი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია და რეაგირებაც არ ღირს. ცხადია, კანონს ჯერ პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციებს მოიცავს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთვის - შეიმუშაონ ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებული სამოქმედო პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე საჭირო გახდება რამდენიმე შუალედური ნაბიჯის გადადგმა, დოკუმენტი მაინც მოსთხოვს აშშ-ს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას. სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ შეძლებს (სურვილის შემთხვევაშიც კი) ყველაფრის დამუხრუჭებას. ეს მოსკოვმაც კარგად იცის. ეს წინადადება აშშ-ის ადმინისტრაციაში სენატორ მაკკეინის ინიციატივით მოხვდა. სენატორი რუსოფობად და ქართველთა თაყვანისმცემლად არის ცნობილი.

სავარაუდოდ, თბილისს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ერთგვარი კულუარული შეთანხმება არსებობს. საქართველოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების დაბლოკვის უფლება ჰქონდა, მაგრამ აშშ-მა შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყო. ცხადია, რომ თანამშრომლობის სანაცვლოდ საქართველოს რამე უნდა მოეთხოვა და რატომ არ მოითხოვდა სწორედ ამას? ესეც ლოგიკური ახსნაა იმისა, თუ რატომ ჰქონდა საქართველოს მთავრობას ასეთი თავშეკავებული რეაქცია აღნიშნულ ინფორმაციაზე: თუკი აშშ ხელს შეუწყობდა შეთანხმების მიღწევას, ის ორივე მხარეს სთხოვდა, რომ ამ ამბავს უხმაუროდ ჩაევლო (ამით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ გამოთქვა საჯაროდ პროტესტი, რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის მთავრობამ). მაგრამ მაკკეინის როლის ახსნას ეს სცენარიც მოითხოვს. ის ან თეთრ სახლთან თანამშრომლობს, ან თეთრ სახლს შეიძლება ეთხოვა მაკკეინის ოპონენტებისთვის მომენტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ხმაური არ აეტეხათ.

ეს, ცოტა არ იყოს, ჩახლართული ვერსიაა, მაგრამ სხვებს არ ჩამოუვარდება.

"ევრაზიანეტი", აშშ