8 ქვეყანა, რომელიც ამერიკის დაღმასვლით დაზარალდება - კვირის პალიტრა

8 ქვეყანა, რომელიც ამერიკის დაღმასვლით დაზარალდება

1. საქართველო. ამერიკის დაღმასვლა ამ პატარა კავკასიურ სახელმწიფოს რუსეთის პოლიტიკური მუქარებისა და სამხედრო აგრესიისთვის მოწყვლადს გახდის. 1991 წლის შემდეგ შეერთებული შტატები საქართველოს 3 მილიარდი დოლარით დაეხმარა, აქედან ერთი მილიარდი დოლარი 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ გამოუყო. ამერიკის დაღმასვლა დამატებით შეზღუდავს შეერთებული შტატების შესაძლებლობებს, და შეიძლება თავისთავად გამოიწვიოს ის, რომ რუსეთს გავლენის ძველი სფეროს აღდგენა მოუნდეს. მეტიც,

რუსეთის ყოფილ და მომავალ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სერიოზული პერსონალური ზიზღი აქვს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

2. ტაივანი. 1972 წლიდან შეერთებულმა შტატებმა ფორმალურად გაიზიარა მატერიკული „ერთი ჩინეთის“ ფორმულა, რომლის თანახმად არც ერთ მხარეს არ უნდა ეცადა სტატუს კვოს ძალით დარღვევა. თუმცა პეკინი ძალის გამოყენებას რეზერვში ინახავს, რაც ვაშინგტონს აძლევს იმის შესაძლებლობას. გაამართლოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის ფაქტი. თუმცა ამერიკის დაღმასვლამ შეიძლება გაზარდოს ტაივანის მოწყვლადობა.

3. სამხრეთ კორეა. მას შემდეგ, რაც 1950 წელს ჩრდილოეთ კორეა თავს დაესხა სამხრეთ კორეას, შეერთებული შტატები სეულის უსაფრთხოების გარანტია. სამხრეთ კორეის ეკონომიკური აღმასვლა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა შეერთებული შტატების ჩართულობის წარმატებაზე მიუთითებს. ამერიკის როლის შესუსტება სამხრეთ კორეას მტკივნეული არჩევანის წინაშე დააყენებს: ან ჩინეთის იმედზე იყოს, ან შეეცადოს უფრო ძლიერი, თუმცა ისტორიულად არაპოპულარული ურთიერთობის დამყარებას იაპონიასთან საერთო-დემოკრატიული ღირებულებებისა და ფხენიანისა და პეკინისგან აგრესიის შიშის ფონზე.

4. ბელორუსია. საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, ევროპის უკანასკნელი დიქტატურა პოლიტიკურად და ეკონომიკურად კვლავ რუსეთზეა დამოკიდებული. ამერიკული გავლენის შესამჩნევი დაღმასვლა რუსეთს ფაქტობრივად ბელორუსიის ხელახლა გადაყლაპვის სერიოზულ შესაძლებლობას აძლევს.

5. უკრაინა. კრემლი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ეს უკანასკნელი რუსეთთან "ერთიან ეკონომიკურ სივრცეს" შეუერთდეს.  ამერიკის დაღმასვლის პირობებში ევროპას იმის ნაკლები ნება და შესაძლებლობა ექნება, ხელი გაუწოდოს უკრაინას, რითაც კიევს რუსული პროექტებისთვის მოწყვლადს ტოვებს.

6. ავღანეთი. ქვეყანა ნანგრევებშია. გათავისუფლება ამერიკული ჯარებისგან, რაც გამოწვეული იქნება ამერიკული დაღმასვლის ეფექტებით, დიდი ალბათობით დასრულდება შიდა დაშლილობით და მეზობელ ქვეყნებს შორის ავღანეთში გავლენის მოპოვებისთვის თამაშებით.

7. პაკისტანი. შეერთებული შტატების გავლენის შემცირება შეზღუდავს ამერიკის უნარს დაეხმაროს პაკისტანის კონსოლიდაციას და განვითარებას. ასეთ შემთხვევაში, პაკისტანი შეიძლება სამხედროების მართულ, რადიკალურ ისლამისტურ სახელმწიფოდ გარდაიქმნას, რომელსაც ეყოლება ირანის მსგავსი ბირთვული იარაღით შეიარაღებული მთავრობა.

8. ისრაელი და დიდი ახლო აღმოსავლეთი. ამერიკის დაღმასვლას ისეთი ტექტონიკური ძვრების გამოწვევა შეუძლია, რომელიც შეარყევს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ სტაბილურობას. თუკი ამერიკის დაღმასვლას ადგილი ექნება ისე, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი გადაუჭრელი დარჩება და ვერ მოიძებნება ორივე სახელმწიფოსთვის მისაღები თანაარსებობის ფორმა, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონის პოლიტიკურ ატმოსფეროს.

"ფორინ პოლისი", აშშ

ზბიგნევ ბჟეზინსკი