საქართველოს მთავრობამ ვერ "მიაგნო" შესაფერის ოპოზიციას - კვირის პალიტრა

საქართველოს მთავრობამ ვერ "მიაგნო" შესაფერის ოპოზიციას

მას შემდეგ, რაც "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, უმეტესი საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების აზრით, მან შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდა, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ბოლო წლებში იცვლება.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს არ ახასიათებდა დიდი გაყალბება და ქაოსი, "ნაციონალური მოძრაობა" ბოროტად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს, მიმართავდა მუქარასა და დაშინებას, რათა შეეზღუდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გავლენა. ამ გარემოში "ნაციონალური მოძრაობის" პოპულარობა და საარჩევნო გამარჯვებები ცოტა სხვანაირად უნდა განვიხილოთ. სხვა თუ არაფერი, ეს სისტემაში არადემოკრატიული გადმონაშთების ნიშანი უფროა, ვიდრე ჭეშმარიტი და დემოკრატიული მხარდაჭერის დასტური.

"ნაციონალური მოძრაობის" უწყვეტი პოპულარობისა და დომინირების მნიშვნელოვანი მიზეზი თავად ქართული ოპოზიციაა. ოპოზიციის დიდი ნაწილი, და გასაოცარი არ არის, რომ სწორედ ამ ნაწილს გამოყოფს ხშირად მთავრობაც და მთავრობის მიერ მართული მედიაც, რომელიც პოლიტიკური სპექტაკლებითაა დაკავებული, აყენებს უგუნურ მოთხოვნებს, აქვს ბინძური ურთიერთობები მოსკოვთან და ხშირად იღებს გამაოგნებლად უვარგის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ქართული ოპოზიციის უფრო სერიოზულ ნაწილს, განსაკუთრებით კი ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს", როგორც წესი, რესურსებსა და მედიაზე შეზღუდულად მიუწვდებოდა ხელი.

მედიის დიდ ნაწილზე საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი გავლენა აქვს, მაშინ, როდესაც სერიოზული და ლეგიტიმური ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა მდიდარ ადამიანს და საწარმოს შეიძლება პრობლემად ექცეს ქართულ კლანურ კაპიტალისტურ გარემოში.

საქართველოს მთავრობა ძალიან ჭკვიანურად იყენებს ამ სიტუაციას და ხშირად შესჩივის უცხოურ და შინაურ აუდიტორიას იმაზე, რომ საქართველო ძლიერი და სერიოზული ოპოზიციის დეფიციტს განიცდის.

მთავრობა მუდმივად ჩივის ოპოზიციის სისუსტის გამო, ამ დროს კი ცდილობს, სიტუაცია არ შეიცვალოს.

ამიტომაც საქართველოს მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა კრიტიკა ერთპარტიული დომინირების გამო და ემტკიცებინა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოპულარობის გამო არავის შეუძლია მას ხელშესახები კონკურენცია გაუწიოს. ეს არგუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში სასარგებლოც იყო და ზუსტიც.

თუმცა, სამი თვის წინ ეს ყველაფერი უეცრად შეიცვალა, რაც თბილისში დიდი შეშფოთების მიზეზად იქცა.

საქართველოს მთავრობა, რომელიც წლების მანძილზე იმას ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტი და ძალიან ღარიბია, თითქმის ერთ ღამეში იძულებული გახდა ემტკიცებინა, რომ ოპოზიცია ახლა ზედმეტად ძლიერი, უფრო ზუსტად, ზედმეტად მდიდარია.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა სექტემბერში განაცხადა - ის პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, მჭიდროდ ითანამშრომლებს და დაფინანსებაში დაეხმარება "თავისუფალ დემოკრატებსა" და რესპუბლიკელებს, ორ პარტიას, რომლებიც ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უფრო რაციონალურ, მოწიფულ და ზომიერ პოზიციას იკავებენ. თითქმის ერთ ღამეში ქართულ მთავრობას მოუხდა კონკურირება ისეთ ოპოზიციასთან, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს რესურსები და ხელი მიუწვდება ისეთსავე ძვირად ღირებულ, თანამედროვე კამპანიასა და ინფრასტრუქტურაზე, როგორზეც ბოლოდროინდელ ქართულ არჩევნებში მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" მიუწვდებოდა ხელი.

საქართველოს მთავრობა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში ისე კი არ მიესალმა, როგორც ღირებული ოპონენტის გამოჩენას, რომელსაც შეუძლია დამატებითი რესურსები გააჩინოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც ისმოდეს, არამედ შეეცადა დაესუსტებინა ივანიშვილი და შეეზღუდა პოლიტიკაზე მისი ზეგავლენის უნარი. მეთოდებში, რომელიც მთავრობამ ამისთვის გამოიყენა, შედიოდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და პარტიების დაფინანსების ისეთი კანონის მიღება, რომელიც არა მხოლოდ შეუზღუდავდა მილიარდერს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საშუალებას, არამედ "თავისუფალ დემოკრატებსა" და რესპუბლიკელებს უკვე მიღებული თანხების დაბრუნებას მოსთხოვდა.

ცხადია, ივანიშვილმა საქართველოში სასწორი გადახარა ისე, რომ ვითარება უფრო ექსტრემალურია, ვიდრე ამერიკაში ისეთი მდიდარი კანდიდატების არსებობისას, როგორიცაა მაიკლ ბლუმბერგი ან მიტ რომნი.

მაგრამ პოლიტიკიდან ივანიშვილის გაძევების მთავრობისეული მცდელობა ერთ რამეს ააშკარავებს - ტყუილი ოპოზიციის სისუსტეზე მხოლოდ ამართლებდა იმ ფაქტს, რომ მთავრობა არ იყო დაინტერესებული დემოკრატიის არსებობით და გულწრფელად არ წუხდა საქართველოს პოლიტიკური ძალების მდგომარეობის გამო. ჯერ კიდევ არ არის ცხადი, რამდენად წარმატებულად მოახერხებს მთავრობა ივანიშვილის როლის შეზღუდვას, მაგრამ ცხადია ის, რომ ქართული მთავრობა, ალბათ გააგრძელებს ოპოზიციის დახასიათებას, როგორც ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერი ძალისას და განსხვავებით ზღაპრის გმირი გოგონასაგან, ვერასდროს მიაგნებს ისეთს, რომელიც მას შეეფერება.

"ფასტერ თაიმსი", აშშ