ზესახელმწიფო აფხაზეთი - კვირის პალიტრა

ზესახელმწიფო აფხაზეთი

საქართველოში ომის მიზეზების შემსწავლელი ევროკავშირის კომისიის შემაჯამებელი მოხსენება ამაზრზენია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბრალდებებს შეიცავს, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ბრალდებებს არავის უყენებს.

"ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე?" - სვამენ კითხვას მოხსენების ავტორები. ამ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით ვითარდებოდა, ამიტომაც ჩვენ ვერ შევძელით რომელიმე ერთი მხარისთვის მიგვეწერა პასუხისმგებლობაო.

კომისია ტრიბუნალია. მისი ფუნქციაა გამოძიება, გამოძიების მიზანი კი სწორედ ის არის, რომ გაარკვიოს, ვინ რაშია დამნაშავე.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ცნობით, მის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მასშტაბური კონცენტრირება 7 აგვისტომდე მოხდა. რუსეთი კი ამას უარყოფს და ამტკიცებს, რომ "რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, ხოლო რუსეთის არტილერიამ და ავიაციამ საბრძოლო მოქმედებები 14.30 სთ-ის შემდეგ დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა კონფლიქტში ჩართვა გადაწყვიტა".

ვინ არის მართალი? გაგეცინებათ, მაგრამ... კომისიამ არ იცის. ის არ არის დარწმუნებული, რომ ოფიციალური თბილისის მიწოდებულ ცნობას "საკმარისი საფუძველი აქვს", მიუხედავად მრავალი "მოწმისა და დამადასტურებელი საბუთისა, მათ შორის რუსული მხრიდანაც".

ქართველები ერთს ამბობენ, რუსები - მეორესო, - გვატყობინებს მაღალი ტრიბუნალი. ბოდიში, მაგრამ ეს ტრიბუნალის გარეშეც ვიცოდით. მისი მოვალეობა სწორედ ის არის, გაარკვიოს, მათგან რომელი ტყუის? აი, მაგალითად, კომისია დიდხანს მსჯელობდა, დაარღვია თუ არა საქართველომ ადამიანის უფლებები, როცა "7 აგვისტოს შუაღამეს" ცხინვალს "გრადები" დაუშინა და, რასაკვირველია, დაასკვნა, რომ დაარღვია. მაგრამ ცხინვალს ხომ "გრადებს" არა მარტო 7 აგვისტოს ღამეს, არამედ 9 აგვისტოსა და 10 აგვისტოს ღამითაც ბომბავდნენ, მაშინ, როცა ქალაქში ქართველები იყვნენ. მაშ, რატომ არ დაინტერესებულა კომისია, ვინ უშენდა ცხინვალს "გრადებს" 9-ში? თუ ეს ქართველებმა გააკეთეს, ე.ი. რა სისხლისმსმელები ყოფილან, რომ მშვიდობიან ოს მოსახლეობას თავიანთი ტანკებიც მიაყოლეს! და თუ რუსული ჯარები ბომბავდნენ, ალბათ, ეს ეპიზოდი განსაკუთრებულ შეფასების მოითხოვს.

კიდევ ერთი მაგალითი. კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კოდორი "აფხაზეთის ჯარებმა" დაიკავეს "აფხაზეთის ბომბდამშენების" დარტყმის შემდეგ.

კომისია არც დაინტერესებულა იმით, არსებობს კი "აფხაზეთის ჯარები", განსაკუთრებით კი "აფხაზური ბომბდამშენები". ეს რა ზესახელმწიფო ყოფილა - აფხაზეთი? იქნებ სარაკეტო ჯარებიც ჰყავს? ალბათ, კომისიას ჰქონდა იმის უფლება, რომ მოეთხოვა, ეჩვენებინათ "აფხაზური ბომბდამშენები". არადა, რუსეთის მედიაში გენერალი შამანოვი ამბობდა, თუ როგორ იბრძოდა საქართველოში. კომისიის დასკვნით გამოდის, რომ ამას "აფხაზეთის ჯარები" აკეთებდნენ. კომისია ამ საკითხებშიც უნდა გარკვეულიყო, მაგრამ რუსეთისადმი ლოიალურობის მიუხედავად, კომისია მაინც იძულებული გახდა, ეპასუხა ზოგიერთ კითხვაზე: "კანონიერი იყო თუ არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება?" - "არა". - "კანონიერი იყო რუსული პასპორტების გაცემა?" - "არა". "მოუწყვეს თუ არა გენოციდი ოსებს ქართველებმა?" - "არა". "ადგილი ჰქონდა თუ არა ოსების მიერ ქართველთა ეთნიკურ წმენდას? - "დიახ".

ყოველივე ზემოთქმული მოხსენების პირველ ნაწილშია, მოხსენება კი სამი ნაწილისგან შედგება. პირველი - ოფიციალურია. მესამეში - მხარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებია. მეორე კი... რაღაც უცნაური დოკუმენტია, თითქოს არაოფიციალური. კომისია სწორედ ასეთ გაფრთხილებას იძლევა: ყველაფერი, რაც ამ ნაწილშია ნათქვამი, არაოფიციალურიაო და ამის შემდეგ ისეთი ფაქტები მოჰყავს, რაც რუსეთს, ასე ვთქვათ, ასამარებს. მეორე ნაწილშიც ბევრი რამაა მიჩუმათებული, მაგრამ მთავარი ნათქვამია, - ის, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო პუტინის უკმაყოფილება საქართველოს პროდასავლური პოლიტიკით, რომ სააკაშვილსა და პუტინს შორის მწვავე პირადი კონფლიქტი იყო და ბოლოს, ომის დეტონატორად დასახელებულია საქართველოს ნატო-ში შესვლის გეგმა და დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება. ევროპას საერთაშორისო არბიტრობის პრეტენზია აქვს, ხოლო ქალბატონი ტალიავინის მოხსენება იმის მანიშნებელია, რომ მას ეს ვერასოდეს ეღირსება, - არ შეიძლება არბიტრი იყოს ის, ვინც ამასთან ერთად დიპლომატიც არის.

ამიტომაც არის, რომ ევროკომისიის მოხსენება ობიექტურად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის დიპლომატის დაწერილია.