პუტინის "ქორები" მეორე პატარა ომის ძიებაში - კვირის პალიტრა

პუტინის "ქორები" მეორე პატარა ომის ძიებაში

თბილისს შიშის ტალღამ გადაუარა, როდესაც ჰილარი კლინტონის მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის ორმა გავლენიანმა ფიგურამ ჩრდილო კავკასიაში, მათივე ე.წ.

რთულ რესპუბლიკებში, აჯანყებულებთან ბრძოლის თაობაზე განცხადებები გააკეთეს, რაც არ არის გამორიცხული, რომ მეზობელ საქართველოზეც აისახოს.

რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ კავკასია ახლა "ალ-ქაიდასთან" მჭიდროდ დაკავშირებულ საერთაშორისო ისლამისტ მებრძოლთა სამიზნეა. მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, როდესაც რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საიდუმლო დაზვერვის ხელმძღვანელმა თბილისი "ალ-ქაიდასთან" თანამშრომლობასა და რუსეთზე თავდასხმებში მებრძოლთა დახმარებაში დაადანაშაულა.

""ჩანაწერები, რომელიც მოხალისეებს ჩამოართვეს, ადასტურებს, რომ "ალ-ქაიდას" ემისრებთან ერთად მათ კავშირი აქვთ საქართველოს საიდუმლო სამსახურების  წარმომადგენლებთან"", - განაცხადა ალექსანდრ ბორტნიკოვმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თბილისი ამ გზით "მონაწილეობს  ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ტერორისტების წვრთნასა და მათ გადაყვანაში". მან საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ "ის მუდმივად აგზავნის იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და აფინანსებს ანტისამთავრობო აქტებს დაღესტანში უსაფრთხოების მაღალი დაცვის ზონებში, უპირველესად, ნავთობისა და გაზის მილსადენებთან".

"იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოში აგრესიული ქმედებების დაწყებას, ის ამ ბრალდებებს საბაბად გამოიყენებს. საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ განცხადებებს ყურადღება უთუოდ უნდა მიაპყროს და მიუთითოს, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია."

2001 წელს რუსეთმა დაბომბა საქართველოში პანკისის ხეობა, სადაც მთიანი უღელტეხილებიდან გზა ქვევით იმ ტერიტორიისკენ ეშვება, სადაც ქისტებით - ეთნიკური ჩეჩნებით - დასახლებული სოფლებია. იმ დროს ხეობას ჩეჩენი აჯანყებული მებრძოლები გადაჯგუფების, ხელახალი შეიარაღებისა და ჭრილობების მოშუშების ადგილად იყენებდნენ.

ორი თვის წინ პანკისის ხეობაში ვიზიტის დროს კორესპონდენტმა ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ინგუშეთიდან მებრძოლების დაფარვის ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა, მაგრამ ის სავსე იყო ქართველებით, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი ხეობაში არარსებული მებრძოლების ქიმერას ახალი კონფლიქტის დასაწყებად გამოიყენებს და რომელშიც საქართველო ვერ გაიმარჯვებს. ბევრ ქართველს და ზოგიერთ რეგიონულ ანალიტიკოსს სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის ქორები მეორე პატარა ომის ძიებაში არიან, რათა გადაიტანონ რუსი მოსახლეობის ყურადღება უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდისგან, რომელიც რეცესიას მოჰყვა.

მოსკოვის სამხედრო გეგმებით გამოწვეული შიში კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ კრემლმა ისეთ ომებში, როგორიც შარშან საქართველოში იყო, შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ნაციონალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ პირობებში კი არ არის გამორიცხული აგრესორისთვის პრევენციული ბირთვული დარტყმის მიყენებაც.

მაშინ როდესაც აშშ და რუსეთი ბირთვულ შეიარაღებაზე დეკემბერში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციას ცდილობენ და როცა კრემლს არ ასვენებს ეჭვი აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვით ფარზე; მაშინ, როცა აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე რუსეთისგან უფრო მკაცრი პოზიციის გამოხატვას მოითხოვს, კლინტონმა საქართველოს თაობაზე პოზიცია შეარბილა და მხოლოდ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი ჯარის გაწვრთნაში დახმარების გაგრძელებასა და მუდმივი სამშვიდობო მისიის არსებობას გახლეჩილ ქვეყანაში.

მაშინ, როდესაც რუსეთი მთელი ძალით ცდილობს კავკასიაში თავის რეგიონებს გაუმკლავდეს, საქართველო მისი ყველაზე ძლიერი მოკავშირისგან, ალბათ, უფრო თამამ  განცხადებებს ელოდა, რადგან ის ერთი ომის შემდეგ გონზე მოსვლას, ხოლო მეორის თავიდან აცილებას ცდილობს.