ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ათი წელი - კვირის პალიტრა

ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ათი წელი

2009 წელი ევროკავშირის საქმიანობაში, რომელსაც ის მთელ მსოფლიოში ეწევა, ერთგვარ გარდამტეხ ეტაპად იქცა. წელს ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის

პოლიტიკას 10 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირმა ხელი შეუწყო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და რეალური გავლენა იქონია ადამიანების ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში.

ჩვენ ახალი ეპოქის მიჯნაზე ვდგავართ, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლით აღინიშნება, დოკუმენტით, რომელიც მოწოდებულია, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას ახალი ბიძგი მისცეს.

გასული 10 წლის განმავლობაში, ძალადობის თავიდან აცილების, მშვიდობის აღდგენისა და შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ მოსახლეობის ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების მიზნით ჩვენ სამ კონტინენტზე 10 ოპერაცია ჩავატარეთ. ქაბულიდან პრიშტინამდე და რამალადან კინშასამდე, ევროკავშირის წარმომადგენლები იცავენ საზღვრებს, თვალყურს ადევნებენ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას, წვრთნიან სამართალდამცველებს, ქმნიან სისხლის სამართლის სამართალწარმოების სისტემებს. ჩვენს წარმატებებს ის მოჰყვა, რომ სულ უფრო ხშირად მოგვმართავენ კრიზისულ სიტუაციებში ან საომარი კონფლიქტების შემდგომ პერიოდში დახმარების თხოვნით. ჩვენ ვსარგებლობთ ნდობით, პატივს ვცემთ ტრადიციულ ღირებულებებს და გვაქვს აუცილებელი ნება ამ მიზნების შესასრულებლად.

წელს ევროკავშირი ერთდროულად 12 ოპერაციას ხელმძღვანელობს, - ყველაზე მეტს, ვიდრე ოდესმე. 2003 წლიდან კრიზისების მართვის 23 ოპერაციაში 70 ათასი კაცი მონაწილეობდა. ისინი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე იმ ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ ჩვენს ოპერაციებში უკვე მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია: ნორვეგია, შვეიცარია, უკრაინა, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ზემოხსენებული 23 ოპერაციიდან ექვსს სამხედრო ხასიათი ჰქონდა, ჩვიდმეტს კი - სამოქალაქო. არმიის და ფლოტის პირად შემადგენლობას ჩვენ  მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ავამოქმედებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა არა ომების მართვა, არამედ მშვიდობის მხარდაჭერა.

ევროკავშირი სამხედრო კავშირი არ არის. ნებისმიერი კრიზისის, განსაკუთრებული სიტუაციის ან კონფლიქტის დარეგულირება ყოველთვის პოლიტიკური ზომებით უნდა ხდებოდეს. ჩვენი საქმიანობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ სტრატეგიასთან, რომლის შემუშავებაც კონსენსუსის საფუძველზე ხდება. შარშან ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორი სწრაფი მოქმედება შეგვიძლია, როდესაც სამ კვირაზე ნაკლებ დროში განვათავსეთ მისია კავკასიაში, რათა ხელი შეგვეწყო რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისის მოგვარებისთვის, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა ევროკავშირის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს.

აუცილებელია უფრო მკაფიო პრიორიტეტების დასახვა და გონივრული საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღება. ასევე აუცილებელია ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო კონტინგენტების მზადყოფნის გაძლიერება და შესაბამისად, მათი დაფინანსების გაზრდა, რათა ცხოვრებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხორცშესხმა უზრუნველვყოთ.

ევროკავშირმა მომავალშიც უნდა განავითაროს ერთიანი სამხედრო-სამოქალაქო სტრატეგია უფრო მოქნილი პოლიტიკის გასატარებლად. ასევე აუცილებელია ჩვენი მზადყოფნის გაზრდა სწრაფი რეაგირების ძალთა განთავსებისთვის. ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის მეორე ათწლეული იწყება, რომლის განმავლობაშიც ხსენებული ამოცანები ლისაბონის შეთანხმების ძალაში შესვლის წყალობით გადაიჭრება.