დაძაბულობა კავკასიაში: პუტინის ეპოქის რუსული ტერორი - კვირის პალიტრა

დაძაბულობა კავკასიაში: პუტინის ეპოქის რუსული ტერორი

ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში 2000 წელს მოვიდა და პირობა დადო, რომ კავკასიაში მშვიდობას დაამყარებდა. მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა და

რეგიონში კვლავ დაძაბულობაა. კავკასია სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და სამართალდამცველებზე ტერაქტებისა და თავდასხმების ტალღამ მოიცვა. ამ ხნის განმავლობაში 400 კაცზე მეტია მოკლული.

მკვლელობებს მებრძოლი სეპარატისტები არ სჩადიან. ეს იმ მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ანგარიშსწორებებისა და შიდადაპირისპირებების შედეგია, რომელთა გაკონტროლების უნარი კრემლისგან დანიშნულ მთავრობებს არ აღმოაჩნდა. კლანური სტრუქტურების შეიარაღებით, მხარდაჭერითა და შეიარაღებული ფორმირებებისთვის ხელ-ფეხის გახსნით, მოსკოვმა, როგორც ჩანს, ახალი სახის კონფლიქტი გააჩაღა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ შორის, ვისაც ისინი მტრებად მიიჩნევენ. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე ლუდმილა ალექსეევას თქმით, ავტონომიურ რესპუბლიკებში - ინგუშეთში, დაღესტანსა და ჩეჩნეთში "მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის სამოქალაქო ომია გაჩაღებული."

გასული საუკუნის 90-იანი წლების ჩეჩნურ კონფლიქტებსა და დღევანდელ ძალადობას შორის პარალელების გავლება შესაძლებელია. პირველი და მეორე ჩეჩნური ომი უფრო მეტად ბორის ელცინის ეპოქისთვის დამახასიათებელი სულის უკიდურესი გამოვლინება იყო, რომელიც ეთნიკური სეპარატიზმით, ქვეყნის მართვის ცენტრალური ხელისუფლების უუნარობით, ოლიგარქების აყვავებითა და თანამედროვე ფეოდალიზმით ხასიათდებოდა.

ახალი ტალღა პუტინის ეპოქის სულის უკიდურესი გამოვლინებაა: კაპიტალიზმის ველური ნაირსახეობა, რომლის დროსაც ძლიერი სახელმწიფო, პატრონაჟობითა და ნავთობით მიღებული ვალუტის საშუალებით მართავს და სამართალდამცველებს ხელისუფლებისთვის მიუღებელი ყველა სუბიექტის თავიდან მოცილებისთვის იყენებს.

დღევანდელ რუსეთში მსგავსი რამ ყველგან ხდება, კავკასიაში კი, სადაც ხელისუფლება იმ ეთნიკური დაჯგუფებებისა და კლანების ხელშია კონცენტრირებული, რომლებსაც მოსკოვთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვთ, ეს ხშირად ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე.

არავინ ფიქრობს, რომ რუსეთის სხვა რეგიონები ასეთივე ქაოსის ზღვარზეა, მაგრამ კავკასიაში შექმნილი ვითარება აბათილებს მითს პუტინის ეპოქის სტაბილურობაზე, ხოლო მთავრობასა და სამართალდამცველებთან დაკავშირებული დაფარული პრობლემები მთელ ქვეყანაშია გავრცელებული. ოფიციალური კლანურობა, ქურდობა, კორუფცია და სისასტიკე რუსეთში სიღატაკისა და უკმაყოფილების მიზეზად იქცა.

კავკასია ერთ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში მუდმივი კონფლიქტების ზონა იყო, მაგრამ დღევანდელი კრიზისი რაღაც უფრო მეტის მაჩვენებელია იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ათასგვარი დაჯგუფების დაპირისპირება ტანჯავს. სწორედ კრემლის უუნარობა, აღადგინოს მშვიდობა   მთელი ქვეყნის მასშტაბით, რუსული მთავრობის კრიზისის აშკარა მაჩვენებელია. ძალადობის ზრდა ინგუშეთში, დაღესტანსა და ჩეჩნეთში იმის დასტურია, თუ რამდენად არამყარია პუტინ-მედვედევის ეპოქის ახალი ფეოდალიზმი მაშინ, როდესაც ის ნებისმიერი ტიპის ადგილობრივი კონფლიქტის პირისპირ აღმოჩნდება და რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ის.